რა პრინციპით მივირთვათ საახალწლო ვახშამი და უნდა დავიცვათ თუ არა ძილის რეჟიმი

მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც საქართველოში, წინასაახალწლო სამზადისი და საერთო ფუსფუსი უკვე დაწყებულია. ადამიანები დადიან საყიდლებზე, იძენენ საჩუქრებს, გეგმავენ წვეულებებს, ამზადებენ და არჩევენ კერძებს, სასმელს. მსოფლიოს წამყვანი ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით კი, წინასაახალწლო დღეებს და სამზადისს გადაღლა, სტრესი და ძილის ნაკლებობა ახლავს თავს, მაშინ, როდესაც ერთი დღით ხანმოკლე ძილმაც შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობასა და განწყობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

“თქვენ უფრო მეტად ისიამოვნებთ არდადეგებით და უფრო მეტად აქტიურები იქნებით, თუ ძილის რეჟიმს არ დაარღვევთ”, – ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი და ძილის ექსპერტი კრისტენ კნუტსონი.

ძილის ექსპერტების შეფასებით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მძიმე და დიდი დოზით საკვების მიღებისას. ვინაიდან მძიმე საკვები საჭმლის მონელების დარღვევას, დაღლილობასა და ორგანიზმის გამოფიტვას უწყობს ხელს. ნახშირწყლები, ცილა, ცხიმი სეროტონინის ცვლილებებს იწვევს, ამიტომ აუცილებელია, რომ მცირე ულუფებითა და შესვენებებით მივირთვათ. სეროტონინი ბედნიერების ჰორმონია, მისი დაბალი დონე კი სტრესს იწვევს. ამ მხრივ საჭიროა, მიირთვათ მეტი ბანანი, მუქი შოკოლადი, ავოკადო.

ამასთან, შეეცადეთ, რომ თქვენი სადღესასწაულო თეფში მხოლოდ შაქრიანი და ცხიმოვანი საკვებით სავსე არ იყოს, ჩაანაცვლეთ ის ბოჭკოვანი საკვებით. მაგალითად, როგორიცაა ვაშლი, თხილი, მოცვი, ოსპი, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, პარკოსნები, ყავისფერი ბრინჯი.

საკვების მირთმევის წინ აუცილებელია წყლის დალევა, რაც კუჭის სისავსის გრძნობას შეუწყობს ხელს და არ გადაიტვირთებით. ამასთან, აუცილებელია მცირე ვარჯიში. კვლევების თანახმად, უძილობის პრობლემის მქონე ადამიანები ვარჯიშის შედეგად, უფრო სწრაფად და დიდხანს იძინებენ. ამასთან, ის ეფექტური საშუალებაა სადღესასწაულო დღეებში სტრესისა და დაღლილობის შესამცირებლად.

ჭამას ნუ გააგრძელებთ დილამდე, ძილის დროს საჭმლის მონელება ნელდება, რამაც შეიძლება გულძმარვა გამოიწვიოს. ძილის ექსპერტების თქმით, იდეალურია, რომ კვება ძილამდე 2 საათით ადრე შეწყვიტოთ.

ძილის წინ თუ მოგშივდათ, დასაშვებია მსუბუქი და არა მძიმე საჭმელი. დღესასწაული შეუძლებელია შაქრის შემცველი პროდუქტების გარეშე. თუ კი ტკბილეულს ცარიელ კუჭზე მიირთმევთ, ამან შეიძლება სისხლში გლუკოზის ან შაქრის ცვალებადობა გამოიწვიოს.

გვიან საღამოს დიდი ოდენობით ტკბილეულის მიღებამ შესაძლოა ენერგიაზე მოგიყვანოთ, რაც ჩაძინებას ართულებს. ასევე ყურადღებით უნდა იყოთ ალკოჰოლთან. ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ალკოჰოლი დაძინებაში გვეხმარება, თუმცა ის რეალურად ძილის ხარისხს აუარესებს.

ალკოჰოლი ტვინზე, როგორც დამთრგუნველი, ისე მოქმედებს, ამიტომ თუ კი გვიან ბევრს ვსვამთ, სწრაფი ძილიანობა გვექნება. თუმცა დაძინების წინ მიღებული ალკოჰოლი, ძილიდან დაახლოებით 4 საათში, ალდეჰიდად გარდაიქმნება, რომელმაც შესაძლოა ძილი დაარღვიოს და გაგვაღვიძოს. ამიტომ, ჭამის მსგავსად ალკოჰოლის მიღება, დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრეა რეკომენდებული.

ამასთან, ბევრი ადამიანი სადღესასწაულო დღეებს მოუთმენლად ელის, რომ გამოიძინოს, ამან კი შეიძლება თქვენ ძილზე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს. ძილი და დეპრესია ერთმანეთთან არის კავშირში, არასრულყოფილმა ძილმა შესაძლოა ჩვენი განწყობა გააუარესოს, არაჯანსაღმა ძილმა კი დეპრესია გამოიწვიოს. ძილის მარტივად მიღწევაში დაგეხმარებათ ცხელი აბაზანის მიღება, მედიტაცია, დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენა და ა.შ. ასევე შეგიძლიათ, საწოლთან რვეული დადოთ და ჩამოწეროთ სამომავლო გეგმები ან ნებისმიერი იდეა, რომელიც თავში უეცრად მოგივათ.

წყარო: CNN

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

,,მეტი სისხლი-მეტი სიცოცხლე“ -14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

პოდკასტი