საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხეები აინთო
“ახალი წლის დღეები საქართველოში” ქვეყნის 63 ქალაქში 24 დეკემბერს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ განათდა, სადაც საახალწლო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო სივრცეები მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა New One-ის კონცერტიც, რომელიც ფოიერვერკით დასრულდა.
ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ევროპის მოედანზე აინთო, სადაც საზეიმო კონცერტიც გაიმართა. ღონისძიების სტუმრების წინაშე „რანინა“ და ზვიად ბოლქვაძე ბენდთან ერთად წარსდგნენ. საახალწლო ღონისძიების ფარგლებში ბათუმში ,,საახალწლო ეზო’’ გაიხსნა და გამოფენები მოეწყო. მუნიციპალიტეტის ქუჩები კი საახალწლო ილუმინაციებით განათდა.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთავშიც აინთო. მუნიციპალიტეტში ,,საახალწლო სოფელი’’ მოეწყო, რომელიც სტუმრებს ყოველ შაბათს და კვირას მასპინძლობს. საახალწლო ილუმინაციებით განათდა რუსთავის ცენტრალური ქუჩები და შიდასაუბნო სივრცეები. საზეიმო განწყობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტშც იგრძნობა, სადაც ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო და ქუჩები საახალწლო განათებებით მოირთო.
თელავის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე დაიდგა. საახალწლო განათებებით მოირთო ქალაქის მთავარი ქუჩებიც. თელაველებს საახალწლო კონცერტზეც უმასპინძლეს, სადაც ადგილობრივი მუსიკალური სტუდიების შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ქუჩის თეატრის მრავალფეროვანი საცირკო სანახაობით და ფოიერვერკით დასრულდა.
ნაძვის ხე აინთო ქვემო ქართლშიც, გარდაბანში, რომლის საზეიმო ღონისძიება ფოლკლორულ ანსამბლ ,,ბეთანიას’’ მიერ შესრულებული მრავალჟამიერით გაიხსნა. ასევე პატარებისთვის მოეწყო ,,უჯმა და ბავშვების’’ გასართობი პროგრამა, ზღაპრის გმირებისა და თოვლის ბაბუას მონაწილეობით. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ადგილობრივმა ანსამბლებმა.
აღსანიშნავია, რომ საახალწლო განწყობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იგრძნობა. ნაძვის ხეები დაიდგა და საახალწლო განათებებით მოირთო: მარნეული, ზესტაფონი, სამტრედია, აბაშა, გორი, კასპი, ლანჩხუთი, თიანეთი, საჩხერე, ოზურგეთი, ბაღდათი, ახალციხე, ქობულეთი, წყალტუბო, წალენჯიხა, ადიგენი, მარტვილი, საგარეჯო, ვანი, ცაგერი, ხონი, თერჯოლა, ბოლნისი, გარდაბანი, ხარაგაული, ჭიათურა, ხელვაჩაური, ჩოხატაური, ლაგოდეხი, სენაკი, დუშეთი, ბორჯომი, ყვარელი და ფოთი.
“ახალი წლის დღეები საქართველოში” ქვეყნის 63 ქალაქში 24 დეკემბერს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
თაკო ბოკუჩავა