თსუ-ს რექტორად ჯაბა სამუშია სტუდენტური პროტესტის ფონზე აირჩიეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დღეს ჩატარდა. კენჭისყრა 11:00-ზე დაიწყო და სტუდენტური პროტესტის ფონზე წარიმართა.
სტუდენტებმა წინა დღით, საარჩევნო ოთახის კარის ჩაკეტვა და არჩევნებისთვის ხელისშეშლა სცადეს.
დღეს არჩევნები მაინც ჩატარდა, უნივერსიტეტს ახალი, 30-ე რექტორი ჰყავს. წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატურა – ჯაბა სამუშია, რომელიც ამ დრომდე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა.
2004 წლის საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორად თსუ პროფესორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია აირჩია.
კენჭისყრაში აკადემიური საბჭოს 32 წევრი მონაწილეობდა. ჯაბა სამუშიას საბჭოს სიითი შემადგენლობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ – 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 2 ბიულეტინი კი გაბათილდა.
საარჩევნო კომისიის მდივნის მერი კაპანაძის თქმით, არჩევნებმა დარღვევების გარეშე, მშვიდ გარემოში ჩაიარა. კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2 დამკვირვებელი აკვირდებოდა.
“ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მე, როგორც უნივერსიტეტელი, თითოეულ პროფესორთან, სტუდენტთან და ადმინისტრაციის თანამშრომელთან ერთად ვეცდები ვიზრუნო უნივერსიტეტის მომავალზე. იმაზე, რომ სწავლა-სწავლება და სამეცნიერო კვლევა ამ ოთხი წლის განმავლობაში იყოს უფრო მაღალი სტანდარტების. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს არა მხოლოდ რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მსოფლიოში იყოს ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტი”, – განაცხადა თსუ-ს ახალმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ.
რექტორის თანამდებობაზე ჯაბა სამუშიას კანდიდატურა სტუდენტთა ნაწილისთვის მიუღებელია. სტუდენტური გაერთიანება, “მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრი სტუდენტები აცხადებენ, რომ რექტორის არჩევნები არადემოკრატიულია და ის სტუდენტთა ინტერესებს არ გამოხატავს.
პროტესტანტებმა უნივერსიტეტში, საარჩევნო ოთახის გადაკეტვაც სცადეს, რასაც უნივერსიტეტის დაცვასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. როგორც “მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, ახალგაზრდებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა უნივერსიტეტის დაცვის უფროსმა, გიორგი გორაშვილმა მიაყენა.
“ვითხოვთ, შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და გახდეს დემოკრატიული და არა მცირე კლანის მიერ მართული. რექტორს ირჩევს საუნივერსიტეტო ელიტა და არა აკადემიური სივრცე! ეს უნდა შეიცვალოს!”, – აღნიშნულია სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო და არა სრული პროფესურა.
ინგა ფუტკარაძე