“ჩემი გალაკტიონი” – სამ საპრიზო ადგილზე 7 გამარჯვებული

გალაკტიონ ტაბიძე

სასკოლო კონკურში – “ჩემი გალაკტიონი”, ქვეყნის მასშტაბით შვიდი გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. სამი საპრიზო ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ჯიქიას ერგო, მეორე ადგილი შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლის“ მოსწავლეებმა ლიზი კუპრაშვილმა, მანანა ბებიამ და ლიზი შარიქაძემ დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილი ვახტანგ პაპუნიძის სახელობის, დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიზი შარაძემ, ხატია ბერიძემ და მარი ბეჟანიძემ დაიმსახურეს.

დაჯილდოების ცერემონია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, გამარჯვებულ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და პრიზები გადასცა. კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური პრიზები, ტექნიკის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.

მინისტრმა ახალგაზრდების წახალისების მიზნით, სასკოლო კონკურსების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს არაფორმალური განათლების მხარდაჭერა წარმოადგენს.

“სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობების, მათ შორის, შემეცნებითი და სახელოვნებო კონკურსების შეთავაზება”, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

კონკურსში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების X, XI, XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შორის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლისა და ამბროლაურის სკოლები.

მოსწავლეებმა ჟიურის გალაკტიონ ტაბიძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ორიგინალური ილუსტრაციები და ვიდეოკოლაჟები წარუდგინეს. ჟიურიმ საკუთარი რჩეული მოსწავლეებიც გამოავლინა.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე საზოგადოების წინაშე წარსდგა “უკრაინულ ენაზე ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის” პროგრამის ფარგლებში შექმნილი, მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის 41-ე სკოლის ქართულ-უკრაინული გუნდი, რომელმაც ქართული და უკრაინული სიმღერები შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო კონკურსი – “ჩემი გალაკტიონი”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცხადდა. კონკურსის მიზანი, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში შემოქმედებითი, კრიტიკული თუ ციფრული უნარების გამოვლენა-განვითარებაა.

“გალაკტიონი ის პოეტია, რომელიც ვერ შემაძულა სასკოლო ქრესტომათიამ და რომლის ხელახლა შეყვარება არ დამჭირვებია ათწლედის დამთავრების შემდეგ. იგი მუდამ ჩემთან იყო. მას ხატივით თავისი კუთხე ჰქონდა მიჩენილი ჩვენს სახლში და ჩემთვის უზომოდ დიდი ბედნიერება იყო მისივე ხატთან, მაგიდაზე გაშლილ მისივე წიგნში ლოცვასავით სუფთა და წმინდა ლექსების კითხვა”,- ამბობდა მწერალი ნოდარ დუმბაძე.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

პოდკასტი