“მშენებლობის ნებართვას არ უნდა გასცემდეს იურისტი, ფინანსისტი, ან ფეხბურთელი” – თეა გოდოლაძე

გეოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ თბილისში, ვაკის პარკში 13 ოქტომბერს დატრიალებულმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის პრობლემა, რაც დედაქალაქის მერიის საკადრო პოლიტიკაში არსებობს. მისი თქმით, ქვეყანაში სასწრაფოდ გასატარებელია უმკაცრესი რეფორმა სამშენებლო და ინფრასტრუქტურის დაგეგმარებისა და განვითარების მიმართულებით. გადასახედია ყველა კანონი და მისი აღსრულების მექანიზმი.
“უსაფრთხოებას ნებისმიერი ტიპის ნაგებობის ლამაზი ფასადი არ შველის. მშენებლობის ნებართვას არ უნდა გასცემდეს იურისტი, ან ფინანსისტი, არც ფეხბურთელი, არამედ კვალიფიციური ინჟინერ-გეოლოგი და მშენებელ-ინჟინერი” – აცხადებს თეა გოდოლაძე.
როგორც მან მედია სააგენტო “24”-ს განუცხადა თბილისის მერიაში ტექნიკური პროფესიონალების დეფიციტია, რაც დამანგრეველ შედეგებს იძლევა. ასევე, სამშენებლო რეგულაციებში დროულად არის მისაღები ევროკავშირის სტანდარტები და შესაცვლელია საკადრო პოლიტიკა! შესაქმნელია პროფესიული გადამზადების კურსები, განსავითარებელია სასწავლო პროგრამები, რომლებიც აღზრდის კონსტრუქტორ-ინჟინერს, მშენებელ-ინჟინერს, გეოტექნიკურ ინჟინერს და სამშენებლო მოედნის მენეჯერს.
“უამრავი დარგია, რომლის სპეციალისტები არ გვყავს. ასევე, არ არსებობს სკოლები, სადაც ამ პროფესიებს შეასწავლიან”, – განუცხადა “მედია 24-ს” თეა გოდოლაძემ.
გეოლოგი იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულებია ეს პრობლემა არსებობს ქვეყანაში და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის დროს.
“ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა ნებისმიერი ობიექტის უსაფრთხოება. დენის გაყვანილობაზე რომ არის ლაპარაკი, ფიზიკა ხომ უნდა იცოდე, ამ დროს, ელემენტარულ დონეზე? სკოლებში გეოგრაფიის მასწავლებელი ასწავლის ფიზიკას. ფიზიკის და მათემატიკის ცოდნის გარეშე კი ინჟინერი არ არსებობს! საგანმანათლებლო სივრცეში სერიოზული ინვესტიციებია ჩასადები, რომ ამ მიმართულებით სკოლები თავიდან შეიქმნას”, – აცხადებს გეოლოგი.
ლელა დევდარიანი

