თოვლის პაპა რეალური ეგონა, სინამდვილეში დედამისი იყო – ლეილა აბაშიძის მოგონებებიდან
ყველასათვის საყვარელი, ცნობილი ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე ახალი წლის დადგომას ყოველთვის ბავშვური ემოციით ხვდებოდა და დადებით სიახლეებს ელოდებოდა.
ნაწყვეტი მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან:
“თოვლის ბაბუა რეალური პიროვნება მეგონა, რადგან ახალი წლის ღამეს, დედაჩემი მის როლს საკმაოდ ოსტატურად ასრულებდა და ბალიშის ქვეშ საჩუქარს მიდებდა. – ციმბირში ყოფნის დროს, არავითარი სათამაშო არ მქონდა. არ მქონდა ის, რითაც დღეს ბავშვები განებივრებულები არიან და როგორც ახლა ვხვდები, ეს უფრო აღვივებდა ჩვენი ფანტაზიის უნარს და მუყაოსგან, ხის ნახერხებისგან, ბურბუშელებისგან ვაკეთებდით რაღაცებს, რასაც შემდეგ, ნამდვილ ნაძვის ხეზე ვკიდებდით. ეს ყველაფერი უდიდესი შემოქმედების ტოლფასი იყო… ნაძვის ხეზე ვკიდებდი ყველაფერ იმას, რაც ჩემთვის ძვირფასი იყო. დედას ჰქონდა მამის ნაჩუქარი გულსაკიდი, რომელსაც სასოებით ინახავდა. მაშინ არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს ნივთი მისთვის. ერთხელაც, ეს გულსაკიდი მოვპარე და ჩემს ნაძვის ხეზე ჩამოვკიდე…
ახალი წელი ეს ის დღესასწაულია, დიდსა და პატარას რომ უხარია. ამ დღეს, რაღაც ახალს ელოდები. ახალ წელს ჩემი დაუშრეტელი ოპტიმიზმი თითქოს ხელახლა ივსება და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკში ვარ, ისე ველოდები ახალი წლის დადგომას, როგორც ბავშვობაში ველოდებოდი.
გრიშაშვილის ლექსს მოვიშველიებ:
“ქართველი ერისთვის ერთი რამ მსურს,
მივსდევდეთ ცოდნას და ვებრძოდეთ შურს”.შური დაავადებაა, რომელიც აკნინებს ადამიანის სულს. ყველას ვუსურვებ მეტ გამძლეობას, ღრმა ცოდნის შეძენას, ბედნიერ მომავალს. თუმცა, საქართველოში ცხოვრება ხომ თავისთავად ბედნიერებაა!..”
კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ლეილა აბაშიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად დაუვიწყარი და ბედნიერი სახეები შექმნა ქართულ კინოში. მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები მაყურებელს ოპტიმიზმით აღავსებენ. თუმცა თავად მიაჩნდა, რომ დრამატული მსახიობი იყო.
ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მამა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და გადაასახლეს. ლეილას დედა, იმისათვის რომ მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედმუშაკად წავიდა ციმბირში და თან ქალიშვილიც წაიყვანა, რათა მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო. რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, ლეილა აბაშიძის სამსახიობო კარიერა ციხიდან დაიწყო.
მამამისმა, მიხეილ აბაშიძემ პატიმრებისათვის ციხეში კონცერტი გამართა, სადაც პატარა ლეილაც გამოდიოდა. მის გამოჩენას იქ მყოფი ყველა გადასახლებული ქართველი განსაკუთრებით ელოდა. ლეილამ მთელი შთაგონებით წაიკითხა ლექსი „Умер Ильич“ (ილიჩი მოკვდა), მეორე დღეს კი ერთ-ერთი საბჭოთა გაზეთი წერდა: გუშინ საპატიმროს სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავი დაიბადა, ეს გოგონა დიდი მსახიობი იქნება.
თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავია, რომელიც 2009 წლის 8 მარტს გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით ცნობილი მსახიობი ამბობდა:
“ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის, ნატო ვაჩნაძის, ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა, ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს, ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს. ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს”.
შორენა ღავთაძე