ევროპის საბჭოს რეზოლუციას “ქართულმა ოცნებამ” მხარი არ დაუჭირა

evroparlamenti

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გმობს. გარდა ამისა, საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ომის დანაშაულების განსახილველად, მხარი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნასაც დაუჭირა.

რეზოლუციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი რუსეთის ფედერაციას ეხება, სადაც დღევანდელი რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული. ტექსტში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის მსოფლიოს უსაფრთხოებას და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც.

კერძოდ, დოკუმენტში შესწორების სახით შევიდა დამატება, რომლითაც ევროპის საბჭო მოუწოდებს სახელმწიფოებს იმ პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პუტინის რეჟიმს. რეზოლუციის ეს ნაწილი ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს.

“ასამბლეა მოუწოდებს პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტს პუტინს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში, და მათი გათავისუფლებისკენ (უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით)“. – ნათქვამია ტექსტში.

რეზოლუციაში შესწორება 56 ხმით 27-ის წინააღმდეგ მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს რეზოლუციას ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ აქვს. ,,ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებით, მიზეზი რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერია. აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაში. მათი განცხადებით, ხელისუფლება მხარს არ უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ინგა ფუტკარაძე