არქტიკაში დათბობით გამოწვეული ცვლილებების უარყოფითი გავლენა ადამიანზე
2022 წლის სექტემბერში დასავლეთ ალასკას გამანადგურებელი ტაიფუნი დაატყდა თავს. ყოველივე ეს გამოწვეული იყო კლიმატის საერთო ცვლილებით, რომელიც, ბოლო 40 წლის განმავლობაში, გავლენას ახდენს არქტიკის რეგიონზე.
დაიტბორა სახლები, აეროპორტის ასაფრენი ბილიკები, ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობა იძულებით გადაიყვანეს საზოგადოებრივ თავშესაფრებში… NOAA -ს ანგარიშის ავტორები წერდნენ, რომ ტაიფუნმა “მერბოკმა” აჩვენა გარემოს ცვლილების ზემოქმედების განუყოფელი კავშირი ადამიანის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
13 დეკემბერს, ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NOAA) გამოსცა 2022 წლის “არქტიკული მოხსენების ბარათი”, რომელიც იკვლევდა მთელი რეგიონის კლიმატურ მდგომარეობას. მიღებული შეფასებები საშინელი იყო.
NOAA-ს ცნობით, არქტიკული ჰაერის ტემპერატურა წლეულს, რეკორდულად თბილი, ხოლო თოვლის საფარი დაბალი იყო. გრენლანდიის ყინული დნება. სექტემბერში არქტიკული ზღვის ყინულის მოცულობა დაბალი, კერძოდ, 36%-ზე მეტი იყო. ეს ფაქტი გამოიწვია ზღვის ტემპერატურამ. ტუნდრას მწვანე საფარი იზრდება. ზონა დაფარულია მცენარეებით და არა თოვლითა და ყინულით. არქტიკის ასეთი რეალობა და გარემოში მომხდარი ცვლილებები საზიანოა ჯანმრთელობისა და მთლიანად პლანეტისთვის.
სექტემბრის დიდი ქარიშხალი სულაც არ იყო ერთადერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ზიანს აყენებს კლიმატის ცვლილება ადგილობრივ მოსახლეობას. მაგალითად, ალასკაზე მცხოვრებთათვის ვეშაპებზე ნადირობა არის საარსებო საშუალება. კერძოდ, იგულისხმება უტკიაგვიკის, ნუიქსუტისა და კაქტოვიკის სანაპირო. ზღვის ყინულის შემცირებამ გაზარდა ვეშაპის დანახვის ხელმისაწვდომი დღეების რაოდენობა. მაგრამ, 2021 წლის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ამისთვის საჭიროა, ტალღების სიმაღლე 2,5 მეტრს (8 ფუტს) აღემატებოდეს, რის გამოც, ნადირობა მეტად სახიფათო ხდება და ზოგიერთი სოფლის მცხოვრები იძულებულია, უფრო დიდი ნავი შეიძინოს, რასაც ხშირად ვერ ახერხებენ.
ზღვის ყინულის შემცირების მიზეზით მონადირეებმა უნდა გაიარონ 160 კმ (100 მილი), რადგან მიაღწიონ დიდ, სქელ მცურავ ყინულს, სადაც შეძლებენ ნადირობას. მაგრამ ყინულის ეს ნაწილიც თხელდება და მასზე ფეხის დადგმა დამატებით საფრთხეს წარმოადგენს. ასევე, შეიცვალა საკვების ხელმისაწვდომობა და მოსანადირებელი არსებები, რაც ნადირობას ართულებს და ხშირად ნაკლებად პროდუქტიულს ხდის. მაგრამ კანონები და პოლიტიკა, რომელიც არეგულირებს ნადირობას და თევზჭერას, არ შეესაბამება არქტიკულ გარემოში მიმდინარე ცვლილებებს.
“ლეგალური ნადავლის გაფართოებას, რომელიც ვეშაპების სხვა სახეობებზე ნადირობას გულისხმობს, მალე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხზე, მაგრამ საერთაშორისო და ეროვნული ხელისუფლებისგან ნებართვების უზრუნველყოფას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს”, ― აღნიშნულია მოხსენებაში.
ტყის ხანძარი, რომელიც ოდესღაც იშვიათობა იყო ალასკაზე, კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს. მაისში, სამხრეთ-დასავლეთ ალასკაში გვალვამ ხანძრები გამოიწვია. ხანძრის კვამლი ზრდის რისკებს, აფერხებს, ზოგჯერ კი შეუძლებელს ხდის ნადირობას. ამასთანავე, ზაფხულის ტემპერატურის მატება იწვევს სახლების დაბინძურებას, ჰაერის კონდიცირების არ ქონის გამო, მოსახლეობა იძულებულია ფანჯრები ღია დატოვოს, რაც ზრდის ტყის ხანძრის კვამლის ზემოქმედებას.
წყალდიდობის გამო, სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა მცირდება. ამ დროს, ერთმანეთში ირევა მარილიანი და მტკნარი წყალი. წყალზე უარყოფით გავლენას ახდენს მუდმივი ყინვის დაკარგვა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახური პროგნოზირებს, რომ საუკუნის ბოლოს ალასკაში მუდმივი ყინვის 24% ამოიწურება. მოხსენებაში ნათქვამია, რომ არქტიკაში სასმელ წყალზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების რაოდენობრივი პროგნოზები არ არსებობს.
არქტიკა არ არის მთლიანი მოსახლეობის დიდი ნაწილის სახლი, მაგრამ დედამიწის კლიმატის ცვლილებით ადგილობრივები უფრო და უფრო იტანჯებიან, განიცდიან.
წყარო: time.com
მეგი მიქაბერიძე