საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ROUTES WORLD 2022-ში მონაწილეობს

aeroporti

16-18 ოქტომბერს, ლას ვეგასში საავიაციო ფორუმი ROUTES WORLD 2022 იმართება. ღონისძიებაზე მსოფლიოს მასშტაბით ავიაკომპანიებიდან და აეროპორტებიდან 2000 ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირები იკრიბებიან.

საქართველოდან ფორუმში მონაწილეობას აეროპორტების გაერთიანება (UAG) იღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე თქმით, სამი დღის მანძილზე იმართება 9000-ზე მეტი შეხვედრა, რათა შეჯერდეს მსოფლიოს მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მართავს. ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

საავიაციო ფორუმს ესწრებიან ისეთი ავიაგადამზიდავები როგორიცაა: American Airlines, Lufthansa Group, Emirates, Delta Air Lines, Air France, Qatar Airways, Air Canada, International Airlines Group, Qantas, LATAM Airlines Group, Aer Lingus and China Southern Airlines და ა.შ. ROUTES WORLD 2022-ზე განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელი გამოწვევებს, ასევე საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობას, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლელა დევდარიანი