სამშობლოდან კონფლიქტით წასული ზურაბ დათუნაშვილის წარმატება მსოფლიო ასპარეზზე

2022 წლის დასასრულს ყველა ქვეყანაში მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებს ასახელებენ.

ზურაბ დათუნაშვილი

სერბეთში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ნომინანტთა შორის მსოფლიოს ორგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ზურაბ დათუნაშვილი იყო.

დათუნაშვილი სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ტიტულოვან სპორტსმენებს შორის გამოარჩია და 2022 წლის ყველაზე პროდუქტიული სპორტსმენის წოდება მიანიჭა. ჯილდო დათუნაშვილს ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბოჟიდარ მალიკოვიჩმა გადასცა.

დათუნაშვილი არის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი. ის სერბეთის ნაკრებში 2020 წლიდან, მას შემდეგ თამაშობს, რაც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო ქვეყანა დატოვა.

“ბელგრადი ჩემი მეორე სახლია. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საუკეთესო სპორტსმენი ისეთი ჩემპიონების ქვეყანაში, როგორიც ნოვაკ ჯოკოვიჩია”, – განაცხადა დათუნაშვილმა.

დათუნაშვილმა საქართველოდან წასვლა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტის გამო გადაწყვიტა. 2019 წლის იანვარში, სპორტსმენთან კამათის დროს, გეგეშიძემ მას თავში მძიმე ნივთი დაარტყა, რომელიც ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.

გეგეშიძეს ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენეს, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ 2020 წლის დეკემბერში ფედერაციის პრეზიდენტი მეორედ, ოთხწლიანი ვადით გამხდარიყო.

დათუნაშვილმა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის „კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ“ გადაქცევაში დაადანაშაულა. თუმცა ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ვერ მიაღწია. ამის შემდეგ, დათუნაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებს მაშინ, როცა ფედერაციას გეგეშიძე ხელმძღვანელობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც დათუნაშვილმა სერბეთის ჭიდაობის ფედერაციასთან მოლაპარაკება დაიწყო, გეგეშიძე მისთვის ხელის შეშლას ცდილობდა და საჭირო დოკუმენტებს ხელი არ მოაწერა. მისი სერბი კოლეგა ზელკო ტრაიკოვიჩი ცდილობდა ფედერაციის თავმჯდომარეზე გავლენის მოხდენას. დავა მას შემდეგ დასრულდა, რაც დათუნაშვილს სერბეთის მოქალაქეობა მიენიჭა.

 

თაკო ბოკუჩავა


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი