დაპირებული უფასო სამედიცინო მომსახურება 1 თვის პენსიაზე მეტი ჯდება – DRG-მოდელი პრაქტიკაში

რამდენად უზრუნველყოფს DRG-მოდელი პაციენტზე მორგებულ სამედიცინო სისტემის დამკვიდრებას და ნამდვილად შეუმსუბუქებს თუ არა მათ დამატებით ხარჯს?

1-ლი ნოემბრიდან კლინიკებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG ) დაფინანსების ახალი მეთოდი ამოქმედდა. DRG-მოდელი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, ფინეთში, დიდი ბრიტანეთში, ავსტრალიაში, გერმანიაში, იაპონიაში, ჩინეთსა და ლატვიაში კარგად გამოცდილი პრაქტიკაა, რომლის მიხედვითაც სამედიცინო მომსახურების მიღების დროს, პაციენტს დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ უწევს. ის თანხას მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილით გათვალისწინებით 0-დან 30%-მდე გადაიხდის. ერთსა და იმავე მომსახურებას კი ყველა კლინიკაში ერთი ტარიფი აქვს. დაფინანსების მოცულობას განსაზღვრავს პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და ა.შ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, DRG-მოდელი ეს არის ხარისხიანი მკურნალობა ზედმეტი დანახარჯის გარეშე.

თუმცა საინტერესოა, რამდენად უზრუნველყოფს DRG-მოდელი პაციენტზე მორგებულ სამედიცინო სისტემის დამკვიდრებას და ნამდვილად შეუმსუბუქებს თუ არა მათ დამატებით ხარჯს?

მედია სააგენტო “24”-ს მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც DRG-მოდელის ამოქმედებამდე, უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობდა, თუმცა ახლა ის იძულებულია თანხის 10% გადაიხადოს.

როგორც მოქალაქე გვიყვება, პენსიონერი დედა ჰყავს, რომელსაც “კოვიდ 19”-ის გადატანის შემდეგ, კრიტიკული ანემიის დიაგნოზი დაუსვეს. ქალბატონს ჰემოგლობინის დასარეგულირებლად ხან ერთ, ხან ორ თვეში ერთხელ საავადმყოფოში მოთავსება უწევს. DRG-სისტემამდე, ეს კონკრეტული მომსახურება სახელმწიფოს მხრიდან პენსიონერებისთვის 100%-ით ფინანსდებოდა, 1-ლი ნოემბრიდან კი პაციენტს თანხის 10%-ის გადახდა უწევს.

კითხვაზე, თუ რატომ შემცირდა სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, პასუხი ჯანდაცვის სამინისტროში არ აქვთ.

“მკურნალობის ღირებულება 300-400 ლარი გვიჯდება. დღეს საქართველოში პენსია 300 ლარია და როგორ შეძლებს პენსიონერი მკურნალობის თანხის გადახდას? ამ ეტაპზე არც მე ვმუშაობ. თანხა როგორღაც ნათესავების დახმარებით გადავიხადეთ. 2 კვირის შემდეგ, დედა საავადმყოფოში ისევ უნდა დავაწვინოთ და ისევ 300 ლარი უნდა გადავიხადოთ. როგორც ექიმმა განმიმარტა, დასტაბილურებული ჰემოგლობინი 35 დღე ძლებს, შესაბამისად 300-400 ლარის გადახდა საშუალოდ თვენახევარში ერთხელ მოგვიწევს”, – გვითხრა პაციენტის შვილმა.

მოქალაქის ინფორმაციით, მსგავსი პრობლემით კლინიკას უამრავი ადამიანი მიმართავს, საავადმყოფოს პალატები სავსეა პაციენტებით. მკურნალობის საფასურის10%-ის გადახდას ვერც სხვა პენსიონერები ახერხებენ, 100%-ით კი მხოლოდ სოციალურად დაუცველებს უფინანსდებათ.

“დედასთან ერთ პალატაში მოხუცებული იწვა, რომელსაც მკურნალობის 10 % თავად ექიმმა გადაუხადა”, – ამბობს მოქალაქე.

ვითარებაში გარკვევის მიზნით, მედია სააგენტო “24” ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც იქ გვითხრეს, პაციენტის მკურნალობა და საფასურის დაჯამება ინდივიდუალურად ხდება.

ჩვენს კითხვაზე, იმ ფონზე როდესაც პენსია 300 ლარია, რამდენად შეძლებს პენსიონერი სამედიცინო მომსახურების 10%-ის გადახდას, ჯანდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, რომ 90% პატარა თანხა ნამდვილად არ არის: “მხოლოდ 90% რას ნიშნავს, 90% მხოლოდაა?!”

მათივე თქმით, პენსიონერს ინტენსიური თერაპია გადაუდებლად თუ სჭირდება, 100 %-ით უფინანსდება. DRG-ის მიხედვით, დიაგნოზი ფასთან გათანაბრებულია. სამედიცინო მომსახურება პენსიონერს 90%-ით, სტუდენტს 80%-ით, სოციალურად დაუცველს კი სრულად უფინანსდება. შესაბამისად, მოქალაქე დამატებით თანხას აღარ იხდის.

DRG- მოდელის საქართველოში ამოქმედების მიზანზე, მის დადებით და უარყოფით მხარეზე მედია სააგენტო “24”-ს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი თენგიზ ვერულავა ესაუბრა.

თენგიზ ვერულავა

ჯანდაცვის ექსპერტს უპირველესად, მოქალაქის წუხილის შესახებ მოვუყევით. მან გვითხრა, რომ წინათ, ჰემოგლობინის დასარეგულირებელი მომსახურება სახელმწიფოს მიერ შედარებით დაბალი ტარიფით იყო შეფასებული, შესაბამისად, დაბალი იყო პაციენტის მიერ პროცენტული თანაგადახდის წილიც. ხოლო ახლა, DRG-მოდელის შემოღების შემდეგ, როდესაც მომსახურების ტარიფი გაიზარდა, მოიმატა პაციენტის მიერ თანაგადახდის წილმაც, მათ შორის, პენსიონერებისთვისაც. სახელმწიფომ 10% პენსიონერებს თანაგადახდის სახით განუსაზღვრა და პრობლემასაც სწორედ ეს ქმნის.

თენგიზ ვერულავას განცხადებით, DRG-სისტემის ამოქმედების უმთავრესი მიზანი საქართველოში პაციენტებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. პირველ ნოემბრამდე, სახელმწიფო საავადმყოფოებს გარკვეულ თანხას უხდიდა, ეს ტარიფი კი ძალიან მოძველებული – 2011-2012 წლის იყო, რომლის განახლებაც არ ხდებოდა. შესაბამისად, საავადმყოფოები იძულებულნი იყვნენ, სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასზე, პაციენტების მხრიდან თანაგადახდები დაემატებინათ. ამიტომ, პაციენტს სხვადასხვა საავადმყოფოში სხვადასხვა თანხის გადახდა უწევდა, რომლის ოდენობაც საკმაოდ მაღალი იყო.

DRG-სისტემის შედეგად, ყველა საავადმყოფოს ერთი ტარიფი განესაზღვრება. დავუშვათ 10% ან 20%, რის შედეგად საავადმყოფოს უფლება არ აქვს, პაციენტს თანხა ამის ზემოთ გადაახდევინოს. ჯანდაცვის ექსპერტის შეფასებით, ეს მოდელი პაციენტის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალეობის პროცესს ზრდის. ვერულავას მოდელის დადებით მხარედ მიაჩნია ისიც, რომ მოდელთან მიმართებით ქვეყანაში გარკვეული ინფლაციური პროცესები ან მედიკამენტების ხარჯები პერიოდულად გადაიხედება.

“ეს არ არის სტატიკური ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული ტარიფი. თუ როგორი იქნება ქვეყანაში ინფლაციის დონე, იმისდა მიხედვით გადაიხედება ტარიფები. ინდექსი 1-ლი ნოემბრიდან ყოველ 6-თვეში და შემდეგ წელიწადში ერთხელ გადაიხედება”, – აცხადებს ვერულავა.

თუმცა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ DRG-სისტემის ამოქმედების შემდეგ, პაციენტის მიერ გადახდილი თანხა უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო. ამ დროის მონაცემებით, პაციენტის ჯიბიდან პირდაპირი გადახდები 75%-დან 51-52%-მდე შემცირდა.

ვერულავას თქმით, საწყის ეტაპზე, DRG-სისტემას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს. კერძოდ, ერთ-ერთის ის არის, რომ საავადმყოფოები ცდილობენ მაღალხარისხიანი სერვისები DRG-სისტემის განფასებაში არ შეიყვანონ და ამ შემთხვევაში პაციენტი იძულებული ხდება მისი ხარჯი მთლიანად გადაიხადოს, ვინაიდან თანხის ნაწილობრივი გადახდის მექანიზმი არ მოქმედებს.

მაგალითად, თუ პაციენტს მუხლის სახსრის ოპერაცია ესაჭიროება, ამ ოპერაციის რამდენიმე მეთოდი არსებობს. შედარებით მაღალი ხარისხის უფრო ძვირი ჯდება, რაც საავადმყოფოს DRG-სისტემაში არ შეჰყავს. ამრიგად, პაციენტი იძულებულია ან ეს თანხა 8000-9000 ლარი მთლიანად გადაიხადოს, ან ის უნდა დათანხმდეს იგივე სახის დაბალი ხარისხის ოპერაციას, რომელსაც სახელმწიფო მთლიანად გადაუხდის.

ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ DRG- ის მსგავსი მოდელით შემოტანა გამოიწვევს საშუალო, დაბალი ხარისხის სერვისების დაფინანსებას და ის რაც ადამიანს სჭირდება, ჯანმრთელობისთვის მაღალი ხარისხის მომსახურება, ამას სახელმწიფო არ დააფინანსებს. ეს კი მისი აზრით, სამედიცინო მომსახურების ხარისხს შეამცირებს. თენგიზ ვერულავა ფიქრობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მოსახლეობას მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისები მიაწოდოს.

“DRG-სისტემის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია DRG-მოდელის გეოგრაფიული ადგილის მიხედვით დიფერენცირება. კერძოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონულ, მუნიციპალურ, საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში მომსახურების სხვადასხვა ფასი უნდა განისაზღვროს. საუნივერსიტეტო კლინიკებში, სადაც უფრო მაღალი ხარისხის მოწყობილობა-დანადგარებია და მაღალი კვალიფიკაციის ექთნები მუშაობენ, იქ შედარებით მაღალი ტარიფი შეიძლება დაწესდეს, ვიდრე მუნიციპალურ საავადმყოფოებში. დიფერენცირების დროს კი პაციენტს თანაგადახდის სახით უფრო ნაკლების გადახდა მოუწევს”, – განუცხადა “24”-ს თენგიზ ვერულავამ.

საბოლოო ჯამში, DRG-სისტემა მსოფლიოსთვის კარგად გამოცდილ პრაქტიკად და სამართლიან დაფინანსებად მიიჩნევა, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოში ზოგიერთი ჯგუფისთვის, განსაკუთრებით, პენსიონერებისთვის უსამართლო მოდელია. პენსიონერები სწორედ 1-ლი ნოემბრის შემდეგ არიან იძულებულნი ზოგიერთი სამედიცინო მომსახურების მისაღებად თავიანთი სრული პენსია საავადმყოფოში დატოვონ. ამ კუთხით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მოქნილი პოლიტიკის მეშვეობით ნამდვილად შეუქმნას მოწყვლად ჯგუფებს ფინანსური ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა მისცეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოს მიერ ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

,,მეტი სისხლი-მეტი სიცოცხლე“ -14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

პოდკასტი