ახალი წელი და ცრუ რწმენა – საახალწლო ტრადიციები საქართველოს კუთხეებში

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საახალწლო ტრადიცია ყველა კუთხეში საერთო იყო, რიტუალები თითქმის ყველა კუთხეს განსხვავებული აქვს.

საქართველოს ყველა კუთხე საკუთარი დამახასიათებელი კულტურით გამოირჩევა. არც საახალწლო ტრადიციებია გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საახალწლო ტრადიცია ყველა კუთხეში საერთო იყო, რიტუალები თითქმის ყველა კუთხეს განსხვავებული აქვს.

სანამ კუთხეების მიხედვით გიამბობთ საახალწლო წეს-ჩვეულებებზე, მანამდე გეტყვით, რომ ყველა კუთხეში მოზეიმეების მიზანი საერთო იყო – დღესასწაულს ისე უნდა შეხვედროდნენ, რომ ახალ წელიწადს თითოეულ ოჯახისთვის ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოეტანა.

ასევე, საერთო იყო ყველგან თოვლის პაპის ტრადიციაც – თეთრ ჩოხაში გამოწყობილი, ნაბად შემოხვეული და ხურჯინგადაკიდებული მხიარული და წვერებიანი მოხუცი, რომელიც ბავშვებს საჩუქრებს ურიგებდა.

თოვლის ბაბუასთან ერთად საქართველოში ახალ წელთან მეკვლეც ასოცირდებოდა. ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია. მეკვლე იყო კაცი, რომელიც ოჯახში ახალ წელს პირველი შეაბიჯებდა. სწორედ მასზე იყო დამოკიდებული, თუ როგორი აღმოჩნდებოდა ის წელი ოჯახისთვის, ამიტომ ცდილობდნენ, რომ ცუდი ფეხის მქონე მეკვლედ არ აერჩიათ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ტრადიციისა, ეს მაინც ცრურწმენაა.

ახალ წელს საქართველოში ხშირად “ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. ბასილას კვერები.

ახალი წელი საქართველოს კუთხეებში

ქართლი

ქართლში თავდაპირველად “ბასილას ქანდაკებას” აცხობდნენ, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. ოჯახის უფროსი ხონჩაზე დააწყობდა მოხარშულ დედალს, ღორის თავს, ბედის კვერებს, ბასილას, თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს, ჩურჩხელას, გოზინაყსა და დოქით ღვინოს. გათენებისას იგი ხონჩას გარეთ გაიტანდა, სახლს ლოცვით სამჯერ შემოუვლიდა. შინ შებრუნებისას მუგუზლით ცეცხლს შეუჩუჩხურებდა და ნაპერწკლების აცვენისას წარმოთქვამდა: – “ამდენი ხარი, ამდენი ძროხა, ამდენი ღორი…”

ამ საახალწლო ხონჩას ქართლში “აბრამიანს” უწოდებენ. შემდეგ ოჯახის ყველა წევრს თაფლიანი ლუკმით “დააბერებდა”. ამ ხონჩას ქართლში სამ დღეს ინახავდნენ, შემდეგ ბასილას გულიდან ჯვარს ამოჭრიდნენ, ფქვილიან გოდორში ჩააგდებდნენ და თან იტყოდნენ: – ბარაქა ამ გოდორსაო!

კახეთ-ჰერეთი

კახეთში მეკვლეს სახლში შემოსვლისას ხორბალს ან სიმინდს გადაუყრიდნენ – ბევრი მაძღარი კრუხ-წიწილა გვეყოლებაო.

ჰერეთში საახალწლოდ დაამზადებდნენ ხონჩას; დააწყობდნენ ზედ პურებს, ლავაშს, დადგამდნენ ჯამით თაფლს, ერბოს, არაწით ღვინოს, ბამბის წითელ და თეთრ ძაფებს და სახლის-დიდთან ერთად წავიდოდნენ ვენახის საკვლევად. მივლენ ერთ კარგ მოსავლის მომცემ ვაზთან. სახლის უფალი ჯერ გასხლავს ვაზს, მერე ააგებს, ჭიგოების ჩარჭობის დროს ნიადაგს ღვინით მოალბობენ; იგივე უფროსი ვაზის ძირში დაკლავს წითელ ფრთოსან მამალს, წითელ ფრთებს მოაგლეჯს და ბამბის ძაფით ამ ფრთებს ჭიგოსა და ვაზზე მიაკრავს და თან იტყვის:

“ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა”.

თითო ლუკმა პურს ამოაწებენ თაფლსა და ერბოში, შეჭამენ, ცოტა ღვინოს მოსვამენ და შინ დაბრუნდებიან. ახალი წლის დღეს ინგილოებმა სადილი იციან ადრე. უფრო ქათმის წვენსა და ფლავს აკეთებენ. სადილად მოელიან გარეშე მეკვლესაც, რომელიც უნდა იყოს ვინმე ბედისგან დაუჩაგრავი, ან ნათესავი, ან ნაცნობი. მანამ მეკვლე არ ეწვევათ, არავის მიიღებენ სახლში.

თუშეთი

ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ “წელწდობას” მოწიწებით ეგებებიან.

საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს “ქრისტეს საგძალს”, კაცზე “ბაცუკაცს” და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას – ძუძუები, ცხვრისას – დუმა, ცხენისა კი, ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და “კერის კვერს”.

საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის:

“შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!”

ფშავი

მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან „ნაყრს“ – ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: „წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო.“ ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ, ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, „დააბერებს“ და ერთმანეთს ეტყვიან: „ეგრემც ტკბილად დამიბერდიო“. გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან.

ხევსურეთი

ხევსურები ახალ წელს “წელწადს” უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო.

ოჯახის მეკვლეები ხატებში ათენებენ ახალი წლის ღამეს. გათენებისას ხუცესი გარეთ გამოდის, თოვლი შეაქვს სალოცავში, მეკვლეებს თავზე აყრის და დალოცავს:

“ესე თეთრად აყვავდით! წელიმც კაისა გამოგეცვლებისთ, პურიან-წულიანი, სახელსარგებლიანი, მშვიდობისა და კარგად ყოფნისა!”

რაჭა

რაჭაში ახალი წლის წინა საღამოს ოჯახის უფროსი “სამკლოვიარო გერგვს” აკეთებდა. ამისთვის ცხრა ვაზს თითო რქას შეაჭრიდა, მათ ერთმანეთს შეაგრეხდა, მორკალავდა და შუაში ჯვრად თხილის ჩიჩილაკებს ჩაუყენებდა. ამ ჯოხებს გარეთ გამოშვერილ წვეროებზე ვაშლებს წამოაცვამდნენ, ბაძგის მწვანე ტოტებით მორთავდნენ და ზედ საახალწლო განატეხს დაადებდნენ.

ახალი წლის დილით შინაური მეკვლე შინ შემოვიდოდა, ღომის მარცვლებს მოაბნევდა იატაკზე, ოჯახის წევრებს ახალ წელს მიულოცავდა, სამჯერ შემოუვლიდა კერას სამკლოვიარო გერგვზე დადებული სანოვაგით, რომელსაც ყველა ეხებოდა ხელით. შემდეგ გერგვს საფუარის ქვაბზე დადებდა, შეუჩუჩხურებდა ცეცხლს და ამბობდა:
“ამდენი ვაჟი, ამდენი ხარი, ამდენი გოჭი, ამდენი ქათამიო…”

ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს „კერია-ბერიას“, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას „მაკვრიელი“ ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა.

შემდეგ შინ შემოვა ლოცვით – „შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“, შემდეგ წყლის მოსატანად წავა.

მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს „კერია-ბერიას“ უნაწილებენ.

ლეჩხუმი

ლეჩხუმში ახალ წელს, ნაშუადღევს, ოჯახის უფროსი მამაკაცი ზურგზე მოიკიდებდა მეორე მამაკაცს და ვენახისკენ გასწევდა. თან მიჰქონდა ტაბლა, რომელზეც ეწყო ღვინიანი ჭიქა, ღორის შემწვარი ხორცი, ანთებული სანთელი და ხორბლის ერთ-ერთი ჯიშის – ზანდურის თავთავების კონა. ვენახში შესვლისას იგი იძახდა: „ღუზ, ღუზ, ღუზ!“

ამის შემდეგ კაცს ჩამოსვამდა, თავთავების კონას სარზე ჩამოაცვამდა, ტაბლას წაღმა შეატრიალებდა, მერე ღვინით დაილოცებოდნენ და მიტანილ სანოვაგეს შეექცეოდნენ.

სვანეთი

სვანეთში ახალ წელს ოჯახის უფროსი კაცი, ერთი ქალი და ერთი კაცი სისხამ დილაზე ჩუმად ადგებოდნენ, სანოვაგით სავსე გიდელს წაიღებდნენ, ყველაზე გამორჩეულ ხარს წაიყვანდნენ და წყალს დაალევინებდნენ, უკან დაბრუნებისას თან წყალი მოჰქონდათ. კალოზე თოვლის ზვინს დადგამდნენ, შუაში ნაძვის ხეს ჩაურჭობდნენ, გარს შემოუვლიდნენ და მერე სახლში შედიოდნენ. კაცი იძახდა: „კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს!“ შევიდოდა სახლში, შეიყვანდა ხარსაც, სამჯერ შემოუვლიდა კერას, შემდეგ აიღებდა ხელში ბედის პურს, რომელზეც ელაგა: თაფლი, ხორცი, ყველი, ფული და ყველას მიულოცავდა ახალ წელს.

რაც შეეხება მეკვლეს, ახალი წლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩააწყობენ და სახლის გასავალ კარზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით:

„ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ).“

სამეგრელო/აფხაზეთი

სამეგრელოში ყველაზე დიდ დღესასწაულად კალანდა – ახალი წელი ითვლებოდა. შინ გამოსაჩენ ადგილას დადგამდნენ ბროწეულით, ხილით, ტკბილეულით, ძვირფასი ნივთებით, აბრეშუმის ძაფით, სუროსა და დაფნის ტოტებით მორთულ ჩიჩილაკს. აცხობდნენ “ბასილას” და ღვეზელს, რომელშიც კვერცხის გულს დებდნენ. დილით ადრე სოფელში თოფის სროლა ატყდებოდა. ოჯახის უფროსი სანოვაგით სავსე ხონჩას აიღებდა, ხალხს ლოცვით სამჯერ შემოუვლიდა, ღომის მარცვლებს აბნევდა და ღმერთს გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და კარგ მოსავალს სთხოვდა. შემდეგ შინ შევიდოდა და ყველას მიულოცავდა.

აქვე ახალ წელს სტუმრის მოტაცება იცოდნენ. ამ ჩვეულებაში მთელი უბანი მონაწილეობდა. გაიმართებოდა მხიარული გაწევ-გამოწევა, სიცილი და ხუმრობა. მოტაცებულ სტუმარს ასაჩუქრებდნენ, პატივს სცემდნენ და მეორე დღემდე არ გაუშვებდნენ.

ახალი წლის საღამოს ეწყობოდა „ტყაპობა“ – ახალგაზრდა ქალები და ვაჟები ერთმანეთს სიმინდის ცომით თხუპნიდნენ. ამ მხიარულ შეჯიბრში ვინც მოუთხუპნავი გადარჩებოდა, იმ წელიწადს გამარჯვებული და ბედნიერი იქნებოდა.

იმერეთი

საახალწლოდ რამდენიმე ჩიჩილაკი მზადდებოდა. ერთ-ერთი მარნისთვის იყო განკუთვნილი. ახალი წლის დილას შინაური მეკვლე წყაროდან წყალს მოიტანდა. ოჯახის წევრები პირს დაიბანდნენ და ისევ მეკვლის წინამძღოლობით მარნისკენ წავიდოდნენ. მიჰქონდათ სანოვაგით სავსე გობი, ორშიმო და ჩიჩილაკი. მეკვლე ჩიჩილაკს საახალწლო ჭურის გვერდით დაასობდა. მარანს ახალ წელს მიულოცავდა, შემდეგ საახალწლო ჭურს მოხდიდა, ღვინოს გასინჯავდნენ და დოქებს აავსებდნენ.

გურია

ახალ წელს კალანდას ეძახიან. წინადღით მოჰქონდათ „ცხემლის“ (რცხილის) შეშა, რომელსაც თხილის ჯოხებსაც მოაყოლებდნენ ჩიჩილაკისთვის. ამ ჯოხებს ღადარში აცხელებდნენ და კარგად ალესილი დანით ისე თლიდნენ, რომ ბურბუშელა ჯოხზევე რჩებოდა და ეხვეოდა. შემდეგ ჯვრიან დასადგმელს უკეთებდნენ, წვერში ჯვარედინად თხილის ჯოხებს ჩაურჭობდნენ და რთავდნენ სუროს ტოტებით, ვაშლებით, საჩიჩილაკე ხაჭაპურებით, ტკბილეულითა და ვერცხლის ფულებით.

აქვე ასეთი წესით სრულდებოდა: ოთხ ხაჭაპურს გიდელში ჩააწყობდნენ და გოგონას გაატანდნენ მარანში. იქიდან ვაჟი უნდა გამოსულიყო ღვინიანი დოქით და გოგონას შეხვედროდა. მათ შორის მოჩვენებითი ბრძოლა გაიმართებოდა დოქისა თუ ხაჭაპურის წასართმევად და მარანში შესატანად. თუ ბიჭი იმარჯვებდა, მაშინ ღვინისა და ხაჭაპურის უხვი მოსავალი იყო მოსალოდნელი, ხოლო თუ გოგონა იყოჩაღებდა, აბრეშუმის უხვი მოსავალი იქნებოდა.

აჭარა

ახალგაზრდები თითქმის გათენებამდე დადიოდნენ სოფელში და ყველა ოჯახს ახალი წლის დადგომას ქრისტიანული სიმღერით ულოცავდნენ:

„შემოვდგი ფეხი, გილოცავთ,
გწყალობდეთ წმინდა ბასილი,
იმისი მადლით იყავით
პურით და ღვინით ავსილი.“

მასპინძლები საჩუქრებს აძლევდნენ მომლოცველებს.

სამცხე-ჯავახეთი

31 დეკემბერს მზის ჩასვლისას ოჯახის უფროსი მამაკაცი ხელში რკინის ჯოხით სახლს სამჯერ შემოუვლიდა, თან ფუძის ანგელოზს სთხოვდა მისი ოჯახი ეშმაკის გზიდან აეცდინა. საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ “ბასილას”, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: „ხარის ქედის“ მრგვალ კვერებს, ცხვრის „ბუჟუნას“, რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, „ბედის პური“ ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს.

შემდეგ დიასახლისი აცხობდა „ბანის პურებს“ და „ქათამ-წიწილას“ პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსა: ცელს, გუთანს, ძროხის ძუძუებს, პურის ორმოს, ქერისას და დიკისას.

ამის შემდეგ, სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დააწყობდა. შუაში ესვენა “ბასილა”, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან “ბასილას” ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა.

მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით;

„ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლ-შვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი.“

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი