“სააკაშვილი კორუფციაში იხრჩობა, პროკურატურა კი, ნახმარ პიჯაკებს ედავება”

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან

ჯონდი ბაღათურია

პოლიტიკური პარტია “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმებას მოითხოვს. მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოხვდა დავით-გარეჯის საკითხი სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებების ჩამონათვალში, მაშინ, როცა ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მტკიცებულებები გააჩნია. ბაღათურია კორუფციულ სქემებში სააკაშვილის ოჯახსაც ამხელს. რა გარიგებაში შევიდა პროკურატურა ექსპრეზიდენტთან, რა კორუფციულ სქემებში გაიხლართა სააკაშვილის ოჯახი და რა რეალური მტკიცებულებები დევს მის წინააღმდეგ პროკურატურაში? – ამ საკითხებზე მედია სააგენტო „24“-ს ყოფილი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ესაუბრა.

– ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას გარკვეული დასავლელი პოლიტიკოსების პარალელურად, უკრაინაში მებრძოლი ქართველებიც ითხოვენ და ღია წერილს ავრცელებენ. რამდენად არსებობს მისი გათავისუფლების საფუძველი, თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით?

– ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი გათავისუფლების, არანაირ კანონიერი საფუძველს არ ქმნის. ერთადერთი მიზეზი იმ მუხლით გათავისუფლებისა, რითაც ითხოვენ, არის სასჯელის გადავადება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო. ეს შეიძლება იყოს სიმსივნის მეოთხე სტადია, რაღაც ისეთი დაავადება, პატიმარს დღეები რომ აქვს დათვლილი. სააკაშვილს არანაირი ისეთი დაავადება არ ჭირს, რომელმაც შეიძლება, თუნდაც ხანგრძლივ ვადაში მისი ჯანმრთელობის მოშლა გამოიწვიოს, ან მით უმეტეს, სასიკვდილო შედეგით დამთავრდეს. ვერცერთი ექიმი ამას ვერ ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად უნამუსოები მგონია მისი ექიმები, რომლებიც შედიან და განცხადებებს აკეთებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა შეუთავსებელია პატიმრობასთან. ვინც ამას ამბობს, იმას ავტომატურად ლიცენზია უნდა შეუჩერო, რადგან ექიმი ხვდება, რომ პატიმარს არაფერი სჭირს და ცდილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება პოლიტიკურ სივრცეში გადაიტანოს. მისი დაქირავებული ექიმების მხრიდან ეს არის უბრალოდ თვალთმაქცობა. ვერცერთი ამბობს დიაგნოზს, რატომ? – იმიტომ, რომ დიაგნოზს თუ დაწერენ, ან უნდა დაწერონ ისეთი, რომელიც არ ათავისუფლებს სააკაშვილს პატიმრობიდან, ან უნდა მოიტყუონ. ქაღალდზე დაწერილი ტყუილი, სულ სხვაა – ექიმის ლიცენზიას დაკარგავენ. გულწრფელად გეუბნები, არ მინდა რამე დაემართოს. ღმერთმა დამიფაროს. არ მინდა, ისეთი რამ სჭირდეს, ციხიდან გათავისუფლების საფუძველი იყოს. რაც შეეხება რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის განცხადებას, კუბილიუსებს და სხვებს, ეს ანგარებით გაკეთებული განცხადებებია. ყველაზე დათვური სამსახური თავის შვილს და ამ საქმეს, გიული ალასანიამ გაუწია. ალასანიამ ფორმალურად დადო დოკუმენტი და თქვა, რომ მაკფოლის განცხადება არის დაფინანსებული საქართველოში ნაქურდალი ფულით. გიული ალასანიამ იქირავა პიარკამპანია, რომელიც ფულს დაარიგებს დასავლურ მედიაში, სამსახური რომ აღარა აქვთ, ისეთ პოლიტიკოსებში და ახალ განცხადებებს გამოაცხობენ. მგონი, ალასანია ჭკვიანი ქალია, მაგრამ ეს ნაბიჯი ინტელექტუალურ შეცდომად მიმაჩნია.

– მაკფოლი თავის განცხადებაში სააკაშვილს პუტინის პატიმრად მოიხსენიებს და ისრები რუსულ ინტერესებზე გადააქვს?

– ყველა დაზეპირებულივით იმეორებს – პუტინის პატიმარი! მაკფოლი კი არის ყოფილი ელჩი, მაგრამ ძალიან სერიოზული ფიგურაა, სხვათა შორის, ჯონ ტეფტიც. დიდი ხანია მაკფოლის პოლიტიკური წონა გაცდა, თუნდაც რუსეთში ყოფილი ელჩის სიმძიმეს და უფრო მძიმეწონიანი ფიგურაა. ნათქვამია, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო. გიული ალასანია საქართველოში ნაქურდალ ფულს ხარჯავს პიარზე. ამის დამტკიცება შეიძლება პროკურატურაში ჩემ მიერ გადაგზავნილი მასალებით, სადაც დევს ის ნორმატიული აქტები, რომელსაც ხელს აწერს მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი და სადაც წერია, რომ სახელმწიფო ქონება უნდა გადაეცეს დედამისს. როგორ მოგწონთ?! ჯერ ადეიშვილის პროკურატურას გადავუგზავნე. შემდეგ კბილაშვილს. იქ კიდევ ბევრი რამე დევს, ბევრი დოკუმენტი – თანხობრივად 100 მლნ-ს ცდება. ის სამი ნორმატიული აქტი, კბილაშვილი რომ მოვიდა, მასაც გადავუგზავნე, სადაც ხელი სააკაშვილს აქვს მოწერილი. ეს ხომ კომიქსების თემიდან არის. ჩარლი ჩაპლინი რომ ჰიტლერზე ფილმებს იღებდა და თვითონ ასრულებდა. უკვე ხრწნაში გადასული მარაზმი რომ ემართებათ დიქტატორებს – აი, იმ კომიქსებიდან წამოსული თემაა, სადაც ხელს აწერს პრეზიდენტი, სახელმწიფო ქონება, მაგალითად, საკმაოდ მაღალფასიანი მიწის ნაკვეთი გადაეცეს დედამისს. როგორ მოგწონთ? სისხლის სამართლის საკითხია, ასე არაა?!

– ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი არაობიექტური და არასრულყოფილია…

– არაობიექტურია და უსამართლო. განაჩენი – 6 წელი, რა არის? მხოლოდ ეს არის მისი დანაშაული? პრეზიდენტი რომ იყო მისივე დიქტატით უსჯიდნენ, ბევრად მეტს თუნდაც არასრულწლოვანებს. რამდენიმე საქმე შემიძლია გითხრათ. ჩემთან მოდიოდნენ პატიმრების მშობლები და ბევრი ფაქტი ვიცი. 10 წელი მიუსაჯეს ბავშვს, რომელმაც დუშეთში გადაგდებული ჟანგიანი რადიატორი მოიპარა ჯართში ჩასაბარებლად. 9 წელი – ღვინის ბოცის მოპარვისთვის. ამხელა სასჯელს უსჯიდნენ ან სთხოვდნენ გამოსასყიდს საპროცესო შეთანხმების სახით 20 ათას ლარს. ჟურნალისტები წავიყვანე იმ ბავშვის სახლში, ვაკეში, ცხვედაძეზე და ოპერატორებს იქ შესვლის შეეშინდათ, არ ჩამოინგრესო. მამა არ ჰყავდა, მარტოხელა დედა ზრდიდა, უმცროს ძმასთან ერთად. 14 წლის იყო, სულ ხუთნი იყვნენ. ორი – 12 წლამდე და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ. ორზე აღძრეს და ჯამში 5 ეპიზოდიდან, სულ მოპარული ჰქონდათ 38 ლარი. დედამისს უთხრეს, 20 ათასი ლარი გადაიხადეთ, რომ არ მოვუსაჯოთ 10 წელი, საპროცესო შეთანხმება გავაფორმოთო. ეს საქმე ვერაფრით დავალაგე. ლაშა თორდია იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაშინ და ხშირად მეხმარებოდა პროკურატურასთან კომუნიკაციაში. რომელი თემაც ვერ ლაგდებოდა, მერე პარლამენტის ტრიბუნიდან ვაძლევდი რეზონანს. ეს ის თემაა, რომელიც ვერ დალაგდა, მაგრამ მაინც გავაკეთეთ ამ ბავშვების საქმე – რაც უნდოდათ, ის ვერ მიუსაჯეს. სააკაშვილს 6 წელი რომ აქვს მისჯილი, ეს რა არის?

“პროკურატურის სირცხვილი იქნება სააკაშვილს დავით-გარეჯის საკითხზე ბრალს თუ არ წაუყენებს”

– რა ბრალდებით უნდა გასამართლდეს ექსპრეზიდენტი?

– ბრალდება ბევრია. ჩემი ქეისი, ერთია – სახელმწიფო ღალატი დავით გარეჯის საქმეზე. გახსოვთ, 2011 წელს საკანონმდებლო ინიციატივით შევედი და მოვითხოვე პრეზიდენტის იმპიჩმენტი სახელმწიფო ღალატის გამო, დავით-გარეჯთან დაკავშირებით. საქმე აღძრულია, ოღონდ არა სააკაშვილის, არამედ ილიჩოვას და მელაშვილის წინააღმდეგ. არსებობს სააკაშვილის ინტერვიუ, ეს ჩანაწერი პროკურატურას აქვს. ჩვენება პროკურატურასაც მივეცი და სასამართლოსაც. ამ ვიდეოში სააკაშვილი თვითონ ამბობს, რომ მან დაავალა ტექნიკურ ჯგუფს, საზღვარი გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე სამხედრო უსაფრთხოებისთვის აზერბაიჯანს გადაეცეს. ამას რომ პრეზიდენტი და მთავარსარდალი ამბობს, ეს უკვე სახელმწიფო ღალატია. ახლა ველოდები პროკურატურას, რამდენი ხანი ეყოფა ნერვები და სიმტკიცე, რომ ამაში ბრალი არ წაუყენოს. აბა, ერთი გაებედათ ილიჩოვას და მელაშვილს, სააკაშვილის დავალება არ შეესრულებინათ. მე მაგათი გამართლება კი არ მინდა, მაგათ საქციელს, გამართლება არ აქვს. მაგრამ პრეზიდენტის ზეწოლით არის ეგ საქმე გაკეთებული და ილიჩოვა, მელაშვილი ციხეში ისხდნენ და სააკაშვილს ბრალი არ წაუყენო, სირცხვილია.

– ვფიქრობ, მის ბრალში უკვე უნდა ფიგურირებდეს დავით-გარეჯის თემა და არა, მხოლოდ ე.წ. პიჯაკების საქმე, ან საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა.

– რა თქმა უნდა. მე მოწმე კი არა ვარ ამ საქმეში, არამედ ბრალმდებელი. ჩემი ბრალდების საფუძველზე აღიძრა საქმე. 2011 წელს, როცა ბნელოდა, მაშინ არ იყო ასეთი ადვილი ბრალის წაყენება. “ქართული დასის” საკანონმდებლო ინიციატივა იყო და ინიციატივით შევედით, სადაც ვითხოვდით პრეზიდენტის იმპიჩმენტს სახელმწიფო ღალატის გამო, საქმე დავით-გარეჯს ეხებოდა. ამიტომ ვარ მე ამ საქმეში ჩართული. პროკურატურა და სასამართლო ამიტომ დაინტერესდნენ ჩემი ჩვენებით. ისეთი ჩვენება მივეცი, წყალი რომ არ გაუვა. პროკურატურის სირცხვილი იქნება, სააკაშვილს ამ საქმეში ბრალი რომ არ წაუყენონ. ეს ერთი და მეორე საქმე, კიდევ უარესი – საქმე, სადაც მე ჯერ ადეიშვილს, შემდეგ კბილაშვილს გადავუგზავნე დოკუმენტები, რომ არ ეთქვათ, ადეიშვილმა გავაქროო. ადეიშვილი საქმეს არ აღძრავდა, მაგრამ ვალდებული ვიყავი, რომ გადამეგზავნა. იქ დევს სამი ნორმატიული აქტი, პრეზიდენტის 3 ბრძანებულება, სადაც სააკაშვილი ხელს აწერს და ითხოვს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცეს დედამისს. იქვე დევს საბანკო ტრანზაქციები დადასტურებული, რომ 1 100 000 -ის ქრთამი აიღო – ოჯახს აქვს მიღებული საჩუქარი, კერძოდ, მეუღლეს, დედას და სიდედრს,  რაც მისივე დაწერილი კანონით „კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ“, არის აკრძალული. ჩვენ არ გვაქვს უფლება 500 ლარზე მეტის საჩუქარი მივიღოთ. დედამ და მამამ შეიძლება მემკვიდრეობით რამე გვაჩუქოს. მაგალითად, ბიზნესმენისგან საჩუქრად მივიღოთ 500 ლარზე მეტი, არ შეიძლება. ამან 1 100 000 აჩუქა. როგორ მოგწონთ? და მერე, იგივე კანონი ავალდებულებდა, რომ ეს ქონებრივ დეკლარაციაში შეეტანა და შემოსავლებში ეჩვენებინა. რომ შევკრიბოთ, უკანონო შემოსავლის მიღება (რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა), მერე დამალვა და დეკლარაციაში ამის არ ასახვა, თან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1500 ლარზე ზევით, მაგისივე დაწერილი კანონით, ეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა. აქ კი ორი ტრანზაქცია იყო და ჯამში, 1 100 000 ლარი აქვს მიღებული მაშინდელი კურსით შპს-ს, რომლის დამფუძნებლებიც იყვნენ დედა, სიდედრი და ცოლი. თანხა ორ ეტაპად ჩაირიცხა: ერთი 500 ათასი, მეორე – 600 ათასი. ჯერ ერთი, იმდენი ფული აქვს ნაკეთები, რა გაუჭირდათ ისეთი, რომ ეს 1 100 000 ლარი არ აეღოთ. მაგრამ იმდენად იყვნენ დაუსჯელობის სინდრომით დაავადებულნი, რომ ბუღალტერიც კი არ დაიქირავეს, რომ ბალანსი დაეჭირათ, უბრალოდ, დაეთვალათ. მისი ქონება 2012 წელს, რაც თავის სახელზე ჰქონდა გაფორმებული, ვერ საბუთდება მისი შემოსავლებით. 4-ჯერ მეტია ქონება, ვიდრე მის მიერ პრეზიდენტობის ვადაში შეეძლო დაეგროვებინა. ჩემებმა კალკულატორზე შეკრიბეს მისივე დეკლარაციით შემოსავლები, აქ 1 100 000 არ ჰქონდა შეტანილი და გამოჩნდა, რომ 4-ჯერ მეტი ქონება აქვს. კაცი იხრჩობა კორუფციაში. პროკურატურას კი ეს საქმეები არ აქვს აღებული და ბებიის 500 დოლარიანი „ჰონდა“ და ნახმარი პიჯაკები აქვს ბრალში წამოწეული. პროკურატურამ თავი გაიმასხარავა.

– პროკურატურის მხრიდან გარკვეულ დათმობას ხომ არ ხედავთ?

– რაზეც მე ვსაუბრობ, ბევრად მძიმე დანაშაულია. დათმობა იყო, რა თქმა უნდა. აქ ჩანდა, რომ იყო გარიგება და „ქართული ოცნება“ მაშინ ფიქრობდა, რომ (კოლექტიური დასავლეთის მედიატორობით იყო ეს გარიგება) ეშმაკთან გარიგებას შესაძლოა აზრი ჰქონოდა. მაგრამ ეშმაკთან გარიგებას აზრი არ აქვს. იმიტომ, რომ ეშმაკი ერთ გარიგებას დადებს და როცა მას დასჭირდება – შეცვლის.

– ეშმაკში კოლექტიურ დასავლეთს გულისხმობთ?

– მიშას და მის ბრბოს. მათ შორის, კოლექტიური დასავლეთის იმ ნაწილს, კორუმპირებულ კუბილიუსებს და ასეთ ადამიანებს, რომლებიც ანგარების გამო ისეთ რამეებს ლაპარაკობენ და აკეთებენ, რომლებიც ყოველგვარი მორალის საზღვრებს ცდება. მაიკლ მაკფოლის ციტატა მახსენდება, – “გამოიჩინე მოწყალება”. – არაფრის რცხვენიათ. დამნაშავეა, მაგრამ გამოუშვიო. ამათ რომ გამოუშვან, მერე იტყვიან, მართალი იყოო.

– იგივე გავლენიანი მაკფოლი და სხვები ვერ ხვდებიან, რომ მსგავსი განცხადებები სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან?

– საქართველო მათთვის ასეა, – სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი. უპატივცემულობა ჩანს. კოლექტიურ დასავლეთში გავმიჯნოთ ლიბერალური დასავლეთი. ნორმალურ დასავლეთთან ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა, ხოლო მეორეა – ლიბერალური ტოტალიტარიზმი. მათ ეს რასობრივი სნობიზმი ახასიათებთ. პრინციპში, ეს რასიზმია – ზევიდან გიყურებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ასე ზემოდან უნდა გიყურონ, შეხედეთ აფრიკელებთან ან ინდიელებთან როგორ იქცევიან. კარგი მაგალითია, ბაიდენი როგორ მოექცა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას – საუდის არაბეთს. როგორ მოექცა ამ ხელისუფლებას, როცა მას დასჭირდა. მას სჭირდებოდა საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან შეთანხმება და მისი ქცევა იყო ქედმაღლური, ზემოდან გადმოხედვა. შედეგიც მიიღო ისეთი, რასაც ადრე ვერავინ გაუბედავდა. დაჰპირდნენ, რომ 1 მლნ ბარელით გაზრდიდნენ ნავთობის ამოღებას და 2 მლნ ბარელით შეამცირეს. ამით საკონტროლო გასროლა გაუკეთეს ბაიდენის საარჩევნო კამპანიას და მის მცდელობას, რომ ენერგომატარებლებზე ფასები დაერეგულირებინა.

– ხატია დეკანოიძე და სხვები ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას მოუწევს მაკფოლის განცხადებებისთვის ანგარიშის გაწევა. სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ მიაღწევენ?

მაკფოლის განცხადება არის კომერციული განცხადება. ეს არის დაფინანსებული განცხადება, – ასე თქვა გიული ალასანიამ. ქვეყნის ხელისუფლება, რომელმაც გიული ალასანიას მიერ საქართველოში ნაქურდალ ფულს, სრულიად სამარცხვინოდ, დღემდე ყადაღა არ დაადო, აძლევს მას საშუალებას ეს ფული ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს და ხარჯოს ლობისტურ კომპანიებში. ამერიკული კომპანია, ლობისტური კომპანია, რომელიც ამერიკელ მოხელეებში დადის, ფულს იხდის  ასეთ განცხადებებში და გაზეთებში, როგორიც არის „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ-იორკ თაიმსი“ და ა.შ. ერთი პწკარი ამ გაზეთებში 200 ათასი აშშ. დოლარი ღირს. იმხელა სტატია ჰქონდა გამომცხვარი, იმის დაბეჭდვაში, ალბათ, 500 ათას დოლარს გადაიხდიდნენ.

ესაუბრა გიორგი გლოველი


“ოცნების” არაფერი მინდა! ქუჩა კი არა, ოქროს ძეგლი რომ დადგან… – რუსუდან შარაძე

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი სტრასბურგმა დასაშვებად ცნო

“ადეიშვილის მოსამართლეებს დღეს ბრძანებას აღარავინ აძლევს,მაგრამ ხვალ მოვა ვინმე და მისცემს”

ფესვგამდგარი კლანი ქართულ სასამართლოში- ვინც რეფორმას აფინანსებს, სანქციებსაც ის აწესებს

ექთანმა პრესტიჟულ კლინიკას შრომითი დავა მოუგო

პოდკასტი