იმპლანტი, რომელიც ტვინის სიმსივნეს ანადგურებს

tvini

4 წლიანი მუშაობის შედეგად, სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მცირე ზომის უსადენო იმპლანტი შექმნეს, რომელიც ტვინში არსებულ სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს.

ექსპერიმენტულ პროცედურას, მეცნიერები, ტვინის კიბოს მქონე თაგვებზე, დღეში 15 წუთის განმავლობაში, დაახლოებით 2 კვირა ატარებდნენ. შედეგად, თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვა დაავადებულ მღრღნელებთან შედარებით, გაორმაგდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მეთოდის შედეგი, ქიმიოთერაპიასთან ერთად, ბევრად უფრო კარგია.

პროცედურის დროს, სიმსივნურ ქსოვილში ოქროს ნანონაწილაკები შეჰყავთ, იმპლანტი კი, თავის კანისა და ქალის შუაში თავსდება. მოწყობილობა დისტანციურად კონტროლდება და ინფრაწითელ სინათლეს გამოყოფს, რომელიც ნანონაწილაკებს ააქტიურებს და მათ ტემპერატურას 5 გრადუს ცელსიუსამდე ზრდის, გაზრდილი ტემპრატურის შედეგად კი მავნე უჯრედები ნადგურდებიან.

აღნიშნული წარმატებული ექსპერიმენტი, ამ ტიპის ონკოლოგიური პაციენტებისთვის იმედის მომცემია, რადგან მათ ხანგრძლივი და არასასიამოვნო მკურნალობის პოტენციური ალტერნატივა ექნებათ.

 

ავტორი: თაკო ბოკუჩავა