სოციალურ ქსელში თაღლითური ფინანსური რეკლამები ვრცელდება – “ენერგო-პრო ჯორჯია” გვაფრთხილებს
სოციალურ ქსელებსა და ვიდეო პლატფორმებზე ბოლო დროს, ძალიან ხშირად ვრცელდება ყალბი სარეკლამო განცხადებები, რის გამოც, არაერთი ადამიანი შევიდა შეცდომაში და დაზარალდა.
ამასთან დაკავშირებით სს “ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია კომპანიის სახელით თაღლითობაზე.
“კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან”, – აღნიშნულია “ენერგო-პრო ჯორჯიას” განცხადებაში.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, თაღლითური სქემის ავტორები კლასიკური ფინანსური პირამიდის მეშვეობით, თანხების მიზიდვას ცდილობენ, რასაც კომპანიის საქმიანობასთან არანაირი საერთო არ აქვს. ენერგოკომპანიის დირექცია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ შემოთავაზებებს და არ დარეგისტრირდნენ მათ პლატფორმაზე.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად კომპანიის იურიდიული და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების თანამშრომლები მუშაობენ, რათა შესაძლებელი გახდეს თაღლითური განცხადების გავრცელების შეზღუდვა.
სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს, რუსულ ენაზე, გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციაში თანხის ჩადებისკენ მოუწოდებენ.
“სს „ენერგო-პრო ჯორჯია” ერთ-ერთი დიდი კომპანიაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყანას წარმოადგენს საქართველოში. ის არის ჩეხური კომპანიის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ საქმიანობს ენერგეტიკულ სფეროში. სს “ენერგო-პრო ჯორჯია” ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანია საქართველოში“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სალომე ხომასურიძე