“იცინეთ მცხეთურ ღვეზელზე, იტირეთ “მაწუნზე” – იუნესკოში საქართველოს მწირი სია

მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიციისა და მესხური სამზარეულოს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიჭების გადაწყვეტილებას ქართულ სოციალურ ქსელში წარმოუდგენლად ცინიკური, ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარებიც კი მოჰყვა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად გამოცხადდა: ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია; რთვლის ტრადიცია საქართველოში; მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია, ასევე, ინფექციურ დაავადება “ბატონებთან” დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში.

ამასთან დაკავშირებით პოლიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

ირაკლი მელაშვილი

 

“ამ ახალ წელს, რაღაც რომ გამიხარდებოდა ვიცოდი მაგრამ ასეთი საჩუქარი?  არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა​ მცხეთურ ღვეზელს, ინფექციური დაავადება “ბატონების” მორჩენასთან დაკავშირებულ რიტუალებს, მღერას და ა.შ. ჩვენი კულტურისა და ტრადიციების ასეთი დაცინვა და გაბაიბურება არავის უკადრია! ვინ არიან ეს ბრიყვი და გაუნათლებლები?! რაის ბატონების შელოცვა და მღერა, ხომ არ გამოშტერდით სულ? ქრისტიანები ხართ წარმართები ხართ, ვინ ხართ საერთოდ? ჰო, შემდეგში ბიკენტიას ქაბაბი არ დაგავიწდეთ, კიდო! ვაი თქვენს პატრონს!
P.S არა , თან ოფიციალურ, სამთავრობო დოკუმენტში, სამართლებრივ აქტში სააგენტოს უფროსის ბრძანებაში, რომ უწერიათ “ინფექციური დაავადება “ბატონები”. ბრიყვები!”

საინტერესოა, ამიერკავკასიის 3 რესპუბლიკიდან იუნესკოს სიაში, ვის რამდენი არამატერიალური კულტურის ძეგლი უფიქსირდება?

ისტორიკოს გიორგი კალანდიას ინფორმაციით, იუნესკოს სიაში აზერბაიჯანს 15 ძეგლი, სომხეთს – 7, ხოლო საქართველოს სულ რაღაც 4 ძეგლი ჰყავს შეყვანილი.

აზერბაიჯანმა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 2016 წელს შეიყვანა: პურის ფქვილისგან ლავაშის, კატირმის, ჟუპკის და იუფკის ცხობა, 2017 წელს – ტოლმის მომზადების წესი, 2020 წელს – ბროწეულის კრეფის წესი – ე.წ. ბროწეულის ზეიმი.

სომხეთმა 2005 წელს ძეგლად გამოაცხადა დუდუკი და მასზე მუსიკის შესრულების წესი, 2014 წელს – ლავაშის გამოცხობის წესი, 2020 წელს – წმინდა ფადეის მონასტერში მომლოცველობის წესი.

საქართველოს სულ 4 არამატერიალური ძეგლი აქვს იუნესკოს სიაში: პოლიფონიური სიმღერა, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი, ანბანი და ჭიდაობა…

გიორგი კალანდია

“ნურავინ მიწყენს, მაგრამ ყველაზე მდიდარი ეთნოგრაფიის კავკასიური ქვეყანა ყველაზე ღარიბი ნუსხითაა წარმოდგენილი. ახლა ადექით და იღლიცინეთ მცხეთურ ღვეზელზე… ამასთანავე იტირეთ იმაზე რომ მაწონი „მაწუნად“ გადააკეთეს, ჩურჩხელა კი სხვებმა მიითვისეს… ამ დროს კი იუნესკოს სიაში სომხურ-აზერბაიჯანული ლავაშია, იქვეა კატირმის „ბლინები“, ჟუპკის თხელი ლავაში და იუფკის ღვეზელი… ღლიცინს, როცა მორჩებით, მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის სიასაც გადახედეთ, გადახედეთ და მაინტერესებს თუ დასცინებთ ბულგარელებს „ბისტრიციელი ბებიების სიმღერის“ გამო, საბერძნეთს „ხმელთაშუა ზღვის დიეტის“ და ყირგიზეთს „კუმისის“ მომზადების წესის გაძეგლების გამო… მცხეთურ ღვეზელს მაინც რუსულად „პერაშკს“ ეძახით, ამიტომ „პრადვინუტებო“ აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს არამატერიალური კულტურის ძეგლების სიას რუსული ვიკიპედიიდან ვაქვეყნებ, დარწმუნებული ვარ მას უფრო უკეთესად გაიგებთ!”, – წერს გიორგი კალანდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ბრძანების მიხედვით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს, აღნიშნული ობიექტების მონაცემთა ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციას კი, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში, აღნიშნულ ობიექტთა მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანება, 2023 წლის 9 იანვარს ამოქმედდა.

საქართველო UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას 2007 წელს მიუერთდა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები – ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები.

შორენა ღავთაძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი