შპს “მშენ ექსპერტის” მიერ განხორციელებული ყველა ექსპერტიზა ხელახლა შემოწმდება

ვაკის პარკის შადრევნის ელექტროგაყვანილობა

თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით განხორციელებულ ყველა იმ სამუშაოს ინსპექტირებას განახორციელებს, რომლის ექსპერტიზა თავის დროზე შპს “მშენ ექსპერტმა” ჩაატარა. შესაბამისი დავალება თბლისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გასცა.   მისივე თქმით, შპს “მშენ ექსპერტი” არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება.

“მერიის დაქვემდებარებულ უწყებებს, სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს დაევალა ქალაქის მასშტაბით განახორციელონ ყველა შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება, არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზა, თავის დროზე, გაკეთებული აქვს შპს “მშენ ექსპერტს” . ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია”, – განაცხადა კალაძემ.   მერმა თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ გამოძიებამ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას, თუ რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს.  “კანონი ვერ იქნება, ვერც ზედმეტად ლმობიერი და, ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, ტრაგედიის დღიდან მოყოლებული პოლიტიკოსები აკეთებენ გამაოგნებელ განცხადებებს. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედიაც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს.  დედაქალაქის მთავრობის სხდომის პარალელურად მერიის შენობასთან თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოს” წევრები შეიკრიბნენ. ისინი მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა თბილისელების მიერ არჩეული დეპუტატები პოლიციამ შენობაში არ შეუშვა.

13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკის ისტორიულ აუზში 13 წლის გოგონას დენმა დაარტყა. მოზარდი გარდაიცვალა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო.


თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე მოძრაობა დროებით იკრძალება

თბილისის ფუნიკულიორი საუკუნეზე მეტს ითვლის – წმინდა დავითის მთაზე აგებული უნიკალური გზა

„ფიქს თბილისი“ – ვალდალიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია დედაქალაქში

“დავიღალეთ! წლებია, მხოლოდ დაპირებები გვესმის” – მოსახლეობა ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ

1-ლი აპრილიდან ტაქსის მძღოლებს “ბას ლაინის” გამოყენების უფლება ექნებათ

პოდკასტი