თბილისში ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა
უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში, უწყების ხელმძღვანელი, მოწვეულ სტუმრებს ცენტრის მიზნების შესახებ ესაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან კოლაბორაციული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება, საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელოვანი წარმატების აღიარება და საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერაა.
უფრო ზუსტად კი, კოლაბორაციული ცენტრის სტატუსის მინიჭებით, საქართველო, ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნული გეგმებისა და ტესტირების სტრატეგიების შემუშავება, მონიტორინგი, დიაგნოსტიკური ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება და წარმატებული გამოცდილების გაზიარების უფლება და პასუხისმგებლობა ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სტუმრებს შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის პროცესში მონაწილე საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები, ასევე დარგის სპეციალისტები იყვნენ.
სალომე ხომასურიძე