მერიის მოხელემ თანამდებობა მორალური პასუხისმგებლობის გამო დატოვა

ვაკის პარკის ტრაგედიის გამო, თანამდებობიდან გადადგა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და განაცხადა, რომ სრულად ითანამშრომლებს გამოძიებასთან. როგორც გიგაშვილმა დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოადგილის სამსახურეობრივი ქმედებების გამო, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია, თავადაც მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს.
გიგა გიგაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებული არცერთი კითხვა უპასუხოდ არ დარჩეს. “მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა”, – განუცახადა მან ჟურნალისტებს.
თბილისში, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პოლიციაში არაერთხელ დაიკითხა. გუშინ კი, შსს-მ მისი მოადგილე დააკავა. აღსანიშნავია, რომ გიგა გიგაშვილი ამ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

