ხანძრის შედეგად დაზარალებული მამა იოსები შოკური მდგომარეობიდან გამოვიდა
გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. ამჟამად იგი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან, მისი მკურნალობა გრძელდება.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს ინფორმაციით, 16 იანვარს, შუაღამეს, გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრიდან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლის საბანს. ცეცხლი მოედო მთელ ოთახს. ხანძარი შემთხვევით შენიშნა თავისი სენაკიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა იოსებმა და ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკიდან ალმოდებული საბანი გარეთ გაიტარა, რა დროსაც ცეცხლი მის სამოსელსაც გადაედო.
“წყაროსთან გამოსულმა ბერმა სერაფიმემ შორიდან დაინახა ალმოდებული მამა იოსები, ხმამაღლა დაუძახა საძმოს წევრებს და მის დასახმარებლად გაიქცა. ყვირილზე თავისი სენაკიდან გამოსულმა იღუმენმა დავითმა სასწრაფოდ მიიტანა წყალი და ცეცხლის ჩაქრობის მიზნით დაასხა მამა იოსებს, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კი დარეკა სახანძრო სამსახურში. ვიდრე სამაშველო და სასწრაფო დახმარების მანქანები მოვიდოდნენ, ბერები შეეცადნენ თავიანთი ძალებით ჩაექროთ ხანძარი. არქიმანდრიტი იოსები მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში”, – მიტროპოლიტი იოანე.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე განპირობებულია ასაკით, დამწვრობის ფართობით და დამწვრობის სიღრმით. პაციენტი დაახლოებით 60 წლის არის.