ფილმ The Other Me-ის წარმატება უკრაინას მიეძღვნა

The Other Me

კინოფესტივალ „სეპტუმუსის“ წლის საუკეთესო პროდიუსერის მთავარი პრიზი ქართველ რეჟისორ გიგა აგლაძეს და ამერიკელ რეჟისორ დევიდ ლინჩს გადაეცათ. საუკეთესო პროდიუსერის მთავარი პრიზი ფილმისთვის – The Other Me მიიღეს.

პრიზის მისაღებად, სცენაზე ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი, დავით კერესელიძე ავიდა, რომელმაც ეს ჯილდო უკრაინას მიუძღვნა.

კინოფესტივალი „სეპტუმუსი’’ ა კლასის საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად ჰოლანდიაში იმართება.

ქართველი რეჟისორის გიგა აგლაძისა და ამერიკელი კინორეჟისორის დევიდ ლინჩის ერთობლივი ნამუშევარი “სხვა მე”, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავები მონაწილეობენ და გადაღებულია საქართველოში, პრემიერამდე ერთი კვირით ადრე მეკობრულმა საიტებმა მოიპარეს და უკანონოდ გაავრცელეს.

“პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქართული მეკობრული საიტები, ქართული კინოს მომავალს იპარავენ და პრობლემებს უქმნიან მათ საფესტივალო და კომერციული წარმატების შესაძლებლობებს. adjaranet.com, iMovies, croconet.ge, srulad.com, file.ge და სხვა საიტებმა ასეთივე პრობლემები შეუქმნეს საქართველოში გადაღებულ სხვა ფილმებს: “და ჩვენ ვიცეკვებთ”, “ჩემი ბედნიერი ოჯახი”, “უარყოფითი რიცხვები”, “მეოთხე ბრაიტონი” და სხვა”, – აცხადებენ “საქართველოს ანტიმეკობრულ ცენტრში”.

 

ავტორი – ლელა დევდარიანი