19 იანვარს წყალკურთხევის უდიდესი დღესასწაულია

სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ცნობილია, რომ მართლმადიდებელი სამყარო 19 იანვარს უდიდეს დღესასწაულს – ნათლისღებას აღნიშნავს, რომელიც ერთ-ერთია შვიდთაგანი წმინდა საიდუმლოდან ახალი აღთქმის მიხედვით. ამ დღეს, ძალიან ბევრი ნათლობა იმართება და ასევე, ტაძრებში მოძღვრები წაყლს აკურთხებენ, რასაც წყალკურთხევა ჰქვია. ამის შემდეგ ეკლესიის მრევლსა და ყველა მსურველს შეუძლია სახლში წაიღოს ეს “განწმედილი” წყალი და მიზნობრივად მოიხმაროს.

სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისთვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს.

ამ დღეს, ასევე, ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

მაშასადამე, ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს ურიგდებათ. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მასში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. მას აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება, თუმცა ბევრი მათგანი ქრისტიანმდელი პერიოდიდან არის შემორჩენილი და მოსახლეობა დღემდე იცავს ამ ტრადიციებს:

აჭარა – ზღვის კურთხევის ლოცვას სასულიერო პირები სანაპიროზე შეკრებილ მორწმუნეებთან ერთად ასრულებენ. ამის შემდეგ ხშირად სასულიერო პირები მრევლის ნაწილთან ერთად ზღვაში შედიან და ცოდვების განწმენდის სიმბოლურ რიტუალს ატარებენ. კიდევ ერთი რიტუალი, რომელიც წარმართული ტრადიციებიდან არის შემორჩენილი – ნათლულებს თავიანთი ნათლიებისთვის ამ დღეს ერთი მამალი მიჰყავთ.

რაჭა – ნათლისღებაზე საკალანდე ღორს კლავდნენ, აცხობდნენ ერთ ღორისქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ასევე იცავდნენ შემდეგ წესს — 31 დეკემბერს ოჯახის წევრი მიდიოდა ტყეში და სახლში შეშით სავსე მარხილი მოჰქონდა. მარხილი კალოზე წაღმა მხრიდან აღმოსავლეთისკენ უნდა დაედგათ და ასე უნდა გაეჩერებინათ ნათლისღების დღესასწაულამდე.

სვანეთი – ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და მისტიკური ტრადიცია „ქვინარეში“, სულების მოპატიჟების რიტუალია. შობასა და ნათლისღებას შორის, რომელიღაც ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დილა-საღამოს სუფრა იშლება და საკურთხი მზადდება მიცვალებულთათვის. იმ დღეებში ისე იქცევიან, თითქოს ისინი ნამდვილად მოდიან. კერძებსაც კი იმას ამზადებენ, რომლებიც გარდაცვლილს უყვარდა.

ლეჩხუმი – ღორს საახალწლოდ კლავდნენ და მისი თავი სხვენზე ნათლისღებამდე ჩამოკიდებული ჰქონდათ.

ქართლი – ნათლისღების დღეს ქართლში (სადაც ნათლისღებას განცხადებას უწოდებენ) მთელი სოფელი მდინარისკენ მსვლელობას აწყობდა, ასევე მიჰყავდათ საქონელი და მიჰქონდათ სამუშაო იარაღები, რომ ისინიც წმინდა წყალში დაესველებინათ და ასე ეკურთხებინათ.

შიდა ქართლში – კორკოტს ნათლისღების დღეს ახალი მიცვალებულის პატრონი ოჯახი ხარშავდა. შიდა ქართლში კიდევ ერთი წესი ჰქონიათ — ნათლისღებამდე ახალი პატარძალი ხალხში არ გაჰყავდათ. მხოლოდ ამ დღეს გაჰყავდათ ის წყალზე. პატარძალს ხელში აუცილებლად სანთლები უნდა სჭეროდა.

მთიანეთი – ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ ასხურებს.

თბილისი – წირვის შემდეგ მღვდელი ჯვრით ხელში ხალხს მიუძღოდა მდინარისაკენ, სადაც საგანგებოდ იყო მოწყობილი წყალთან მისასვლელი ხის ხიდი, ბაქანი, რომელსაც „იორდანეს” უწოდებდნენ. სადღესასწაულო სვლაში მონაწილეობდნენ ტფილისის ჰამქრები და ქალაქში განლაგებული ჯარი. ლოცვა-კურთხევის შემდეგ მღვდელი მტკვარში ჩაუშვებდა ჯვარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მდინარის წყალი წმინდა და ნაკურთხი იყო; ამის შემდეგ ნაკურთხი წყლის სახლში წაღება ხალხს უკვე შეეძლო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მტკვრის დაბინძურების გამო, წყალკურთხევის წესის შესრულება მდინარე ვერეზე გადაიტანეს. ვერეზე წყლის კურთხევა 1918 წლიდან 1923 წლის ჩათვლით ტარდებოდა.

ასევე, ნათლისღების დღეს უკავშირდება საახალწლო ნაძვის ხის აღების ადათიც. არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან გათავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს. როგორც ძველად ამბობდნენ, ნათლისღებას, 19 იანვარს ოჯახში არ უნდა დახვდეს არც ჩიჩილაკი და არც ნაძვის ხე.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი