კალაძეს სხვა ვაჟკაცური ნაბიჯებიც ჰქონია, აიღოს პასუხისმგებლობა: პაატა დავითაია

პოლიტიკური პარტია “ჩვენ თვითონ”-ის თავმჯდომარე პაატა დავითაია ვაკის პარკის ტრაგედიას ეხმიანება და აცხადებს, რომ დღეს საზოგადოების დაკვეთა არის ის, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.
“სხვანაირად არც შეიძლება. კახა კალაძე არის ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს იმ ქმედებებზე, რაც ხდება საზოგადოების დასვენების და თავშეყრის ადგილებში. მან გარკვეული ვაჟკაცური ნაბიჯები გადადგა და ეს პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს”, – განაცხადა დავითაიამ გადაცემაში “დროული კითხვები”.
მისივე თქმით, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი ტრაგედიის შემდეგ, თანამდებობის პირი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებდა. საქართველო კი, ევროპისკენ მიისწრაფვის.
“ნებისმიერი ჩვენგანის შვილი შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. ნებისმიერის და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ყოველთვის თავს ვარიდებ გარკვეულ სპეკულაციებს და ვცდილობ, რაღაც ქმედებებისათვის ტრაგედიები არასოდეს გამოვიყენო. ამიტომ ვიძახი, პირველ რიგში, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მეორე ― პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც თვითონ მან უნდა გადადგას. ის არჩეული მერია. აქ საუბარია მის გადაწყვეტილებაზე, მის შინაგან რწმენაზე. საზოგადოების დაკვეთას თქვენ ყველა ხედავთ, რაც არის“ ― განმარტა პაატა დავითაიამ.
აღსანიშნავია, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახალ რეაბილიტირებულ შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო 2 ბავშვი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, შსს-მ გუშინ 9 პირი დააკავა, მათ შორის “გრინსერვისის” დირექტორი (ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელმაც შადრევნის რეაბილიტაცია განახორციელა) და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.
ავტორი: მეგი მიქაბერიძე

