დმანისის თეატრი ილია ჭავჭავაძის დაბადების 185-ე წლისთავს პრემიერით შეხვდა

სპექტაკლი ილიასეული მწარე სიმართლითაა გაჟღენთილი, რომელიც “მოყვარეს პირში უძრახე” პრინციპზეა დაფუძნებული.

დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მუდმივმოქმედმა დასმა, თეატრის დაარსებიდან 33 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დრამატული კომპოზიცია – „ჩემო კალამო, ანუ ჩვენი გოლგოთა“ წარმოადგინა. საპრემიერო ჩვენება, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა, რომელსაც 14 იანვარს, 45 წელი შეუსრულდა.

სპექტაკლი, ქართველი გენიალური მწერლის, ილია ჭავჭავაძის დაბადების 185-ე წლისთავს მიეძღვნა. კომპოზიციაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და ღვაწლის ამსახველ საუკეთესო თხზულებათა ფრაგმენტები, ილიას მკვლელობასა და ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი საარქივო დოკუმენტებია გამოყენებული.

კომპოზიციის ავტორი, ლიტერატორი და პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძეა, დამდგმელი რეჟისორი კი, დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე, მხატვარი – თეო კუხიანიძე.

აღსანიშნავია, რომ 1990 წელს, როდესაც ქართველი მეცნიერის, ჯუმბერ კოპალიანის, ინიციატივით, საქართველოს სახალხო არტისტის, ზინაიდა კვერენჩხილაძის, ხელმძღვანელობითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის, ლოცვა-კურთხევით, ქალაქ დმანისში თეატრი დაარსდა, სწორედ 19 იანვარს გაიმართა პრემიერა პირველი სპექტაკლისა „ჩემო კალამო“, რომელიც რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ დადგა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სპექტაკლი ილიასეული მწარე სიმართლითაა გაჟღენთილი, რომელიც “მოყვარეს პირში უძრახე” პრინციპზეა დაფუძნებული. ეს ყოველივე კი, მაყურებლისთვის თანამედროვე თეატრალური ფორმითაა გადმოცემული. პრემიერას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის მეტი კობა მურადაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სალომე ხომასურიძე

 


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი