“დავით თუშიშვილი პროფესიონალი, წესიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე კაცია”

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი ნიკა ვარდოშვილი, ვაკის პარკის საქმესთან დაკავშირებით დანარჩენ 9 ბრალდებულს შორის, შპს “მშენ ექსპერტის” ინსპექტორის დავით თუშიშვილის დაკავებას უსამართლოდ მიიჩნევს და ხელისუფლებას ჯოხის უდანაშაულო ხალხზე გადატეხვის მცდელობაში ადანაშაულებს.
“დავით თუშიშვილი პროფესიონალი, წესიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე კაცია. მე მას კარგად ვიცნობ. ეს ადამიანი, მხოლოდ ფინანსურ ექსპერტიზას აკეთებდა, უბრალოდ ბუღალტერიას, რა შუაშია დავით თუშიშვილი უსაფრთხოებასთან და ტექნიკურ ექსპერტიზასთან?’’ – განუცხადა სააგენტო “მედია 24”- ს თელავის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ნიკა ვარდოშვილმა.
თუმცა, ინსპექტირების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შპს “მშენ ექსპერტის” მიერ მომზადებული დასკვნა არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მოთხოვნებს და სწორედ ამიტომ “გრინსერვის +” – ის თანამშრომელმა, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია “მშენ ექსპერტის” დირექტორი და ინსპექტორი დასკვნის გაყალბებაში. კერძოდ, დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან და სრულიად შესაბამისობაში იყო. კონკრეტულად ამ კითხვასთან დაკავშირებით ნიკა ვარდოშვილმა გვითხრა, რომ ტექნიკური ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინა თბილისის მერიის შესაბამის ლაბორატორიას, ეს ამ ლაბორატორიის ბრალეულობაა.
” დეტალებში ვერ გამოგყვებით, იმიტომ რომ მე არ მაქვს ნანახი ეს დოკუმენტი და არ ვიცი რაზე მელაპარაკებით, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ მათ ლიცენზია არ ჰქონდათ და ვერ დაწერდნენ ამას. ტექნიკური ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინა თბილისის მერიის შესაბამის ლაბორატორიას, ეს ამ ლაბორატორიის ბრალეულობაა.’’
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “მშენ ექსპერტის” მიერ მომზადებული ყალბი დასკვნა ლაშა ფურცხვანიძემ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში წარადგინა, რაც მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახალ რეაბილიტირებულ შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო 2 ბავშვი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შსს-მ გუშინ 9 პირი დააკავა, მათ შორის “გრინსერვისის” დირექტორი (ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელმაც შადრევნის რეაბილიტაცია განახორციელა) და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.
ელენე ვადაჭკორია

