“ხატავენ სურათს, თითქოს ქართულ ჯარში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები მსახურობენ”
საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცერი არმენ არაქელიანი საგარეჯოს ტრაგედიას ეხმიანება და აცხადებს, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება და ცალკეული პირები არასწორად დასმული აქცენტებით ჩირქს სცხებენ ქართულ ჯარს, რაც ნამდვილად დაუმსახურებელია.
როგორც მედია სააგენტო “24”-თან საუბრისას არმენ არაქელიანმა განაცხადა, საგარეჯოს ტრაგედიის კვალდაკვალ მრავლად გამოჩნდა “ბრძენი” ხალხი, რომლებიც სენსაციის ძიებაში ჯარისკაცების და ვეტერანების დისკრედიტაციას ეწევიან. იგი მასმედიის წარმომადგენლებს ურჩევს, გამოძიების დასრულებამდე საკუთარი “უტიფარი ვარაუდებისგან” თავი შეიკავონ და ნუ ხატავენ ისეთ სურათს, თითქოს ქართულ ჯარში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები მსახურობენ.
“ნამდვილად არ ვიცი, რომელი ძალები ცდილობენ ქართული ჯარის დისკრედიტაციას. ავღანეთში ძალიან ბევრი სამხედრო არის ნამყოფი და ფსიქიკის არავითარ დაზიანებას იქ ადგილი არ აქვს. ქართული ჯარი არაა საბჭოთა კავშირის ჯარი და ეს ავღანეთის კონფლიქტი არაა ის ომი, რასაც საბჭოთა კავშირი აწარმოებდა იქ. ამიტომ ძალიან უადგილოა მსგავსი პარალელების გავლება. სამხედრო მოსამსახურეები ძალიან კანონმორჩილი და დისციპლინირებული ადამიანები არიან”, – განუცხადა “24”-ს საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცერმა, არმენ არაქელიანმა.
სანამ გამოძიება არ დაადგენს მიზეზებს, თუ რა მოტივებით არის მკვლელობა ჩადენილი, წინასწარი დასკვნების გაკეთება არაქელიანს უადგილოდ მიაჩნია.
გარდა ამისა, როგორც ირკვევა 48 წლის ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა, თავდაცვის ძალების შემადგენლობაში დიდი ხანია აღარ მსახურობდა.
“ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ ავღანეთში წასვლის წინ და ჩამოსვლის შემდეგ ყველას უტარდებოდა ფსიქოლოგების მიერ შემოწმება, შესაბამისად იქ შეურაცხადი ვერავინ წავიდოდა და უკან შეშლილი ვერავინ ჩამოვიდოდა. სამწუხაროა რომ ზოგი ჟურნალისტის მიერ არასწორად შუქდება ამბები”, – აცხადებს სამხედრო პირი.
მისივე თქმით, ყველა ჯარისკაცს ჯანმრთელობის ძალიან კარგი სადაზღვევო პაკეტი აქვს და მათ კარგი ჰოსპიტალი ემსახურება.
19-20 იანვრის ღამით საგარეჯოში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, ყოფილმა სამხედრომ, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც კორპუსის ეზოში იმ დროისთვის მყოფი 5 ადამიანი დაიღუპა, ბოლო ინფორმაციით, კიდევ 6 – დაიჭრა.
ასევე იხილეთ: “მასობრივი ძალადობის პირველი შემთხვევა საქართველოში – მკვლელობა საგარეჯოში”
შორენა ღავთაძე