ქართული ღვინო აშშ-ში, ბრიტანეთში, გერმანიასა და სხვა დიდ ქვეყნებში
2023 წელს ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, აქტიურად იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, რომელიც პროცესის ფინანსური და ორგანიზაციული მხარდამჭერია.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ სტრატეგიულ ბაზრებზე, სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციები განახორციელებენ. ყველაფერთან ერთად, ქართველი მწარმოებლები, მონაწილეობას ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ. პროექტის მიზანი კი, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, 14 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე, 2 მილიონი ლარით მეტია. ამ თანხიდან, 2 მილიონი ლარი „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისკენ“ არის მიმართული, რომლის ფარგლებშიც, მარკეტინგული ხარჯებით მხოლოდ ის კომპანიები დაფინანსდებიან, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა.
პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართება, რაც ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის, მნიშვნელოვანი პირობაა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პირველი ღონისძიება, სადაც ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი, საერთაშორისო გამოფენა „VinExpo Paris”-ია, რომელიც 13-15 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მიიღებს.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მსგავსი ღონისძიებები, ქართული ღვინის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით ზრდის და მეწარმეებს, ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების შესაძლებლობასაც აძლევს.
სალომე ხომასურიძე