“გაუქმდეს გამოცდები!” – “მორალურად გაცვეთილმა” სქემამ მასწავლებელი მოსწავლეს მოსწყვიტა

მასწავლებელი მოსწავლეების კონკურენტი გახდა და იმ უნიკალურ დროს, რაც მოსწავლისთვის ცოდნის მიცემას უნდა ახმარდეს, ძირითადი დანიშნულებისთვის აღარ ჰყოფნის.

საჯაროს სკოლის მასწავლებლები სადამრიგებლო ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ, ამასთან დაკავშირებით პედაგოგებმა სპეციალური პეტიცია გაავრცელეს.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო ამ სამუშაოსთვის დამრიგებლებს, ყოველთვიურად 80 ლარს უხდის. მასწავლებლები კი ამბობენ, რომ ეს ანაზღაურება მათ ვალდებულებებს არ შეესაბამება. მეტიც, მათი აზრით, ეს ხელფასი, დამრიგებელს 2 დღეც არ ჰყოფნის.

როგორც საყოველთაო პეტიციის ავტორი, წამყვანი პედაგოგი თამარ ცანავა ამბობს, კლასის დამრიგებლის მოვალეობების გავითვალისწინებთ, ამ ანაზღაურების დიდი ნაწილი მარტო მშობლებთან კომუნიკაციის პროცესში დასჭირდებათ, რადგან ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა. გარდა ამისა, მასწავლებლების სატრანსპორტო საშეღავათო ტარიფი, მხოლოდ თბილისის მასშტაბით ვრცელდება და ბევრი მასწავლებელი, საკმაოდ შორიდან მგზავრობს, შესაბამისად, მათთვის მგზავრობაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, როცა კლასში 30-35 მოსწავლე ძალიან ბევრია და დამრიგებლისთვის რთულია თითოეულზე ზრუნვა, რადგან მოსწავლის ნებისმიერი სახის დაზიანება, ისევ დამრიგებლის პასუხისმგებლობაა.

“2022 წლის სექტემბერში, მასწავლებლების მოთხოვნით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა ეს პრობლემა (სხვა მრავალთაგან) გააცნო განათლების და მეცნიერების სამინისტროს. სამინისტროში დაგვპირდნენ, რომ გაითვალისწინებდნენ. ახლა კი ჩვენც, ჩვენი ერთობით მოვუწოდებთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს, რომ ეს პრობლემა აუცილებლად მოსაგვარებელია და მისი წლობით გადადება არ შეიძლება. სადამრიგებლო ხელფასი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, რადგან უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც კლასის დამრიგებელს ეკისრება დღესდღეობით, ნამდვილად დაუფასებელია და მეტი წახალისება სჭირდება”, – წერს პეტიციის ავტორი თამარ ცანავა.

ზოგადად, მასწავლებლების ხელფასის საკითხი, საკმაოდ აქტუალური თემაა და ის ბევრ ადამიანს შეეხება. მასწავლებელმა, გიორგი ჭაუჭიძემ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარს ღია წერილით მიმართა, სადაც “მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” გაუქმებას მოითხოვს. მასწავლებლების ანაზღაურება, სწორედ ამ სქემაზეა მიბმული ანუ, ეს არის ე.წ. სახელფასო დანამატი, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლები კატეგორიების მიხედვით იყოფიან და შესაბამისად, ანაზღაურებაც კატეგორიის მიხედვით აქვთ. ამჟამად, მენტორ-მასწავლებლის ხელფასი, ყველაზე მაღალია, ამის შემდეგ მოდის წამყვანი მასწავლებლის ხელფასი, რომელიც მენტორთან შედარებით ნაკლებია და ბოლოს, უფროსი-მასწავლებლის, რომელიც ყველაზე დაბალია.

როგორც გიორგი ჭაუჭიძე ღია წერილში აღნიშნავს, ხელფასების მატება, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს და თანდათან, მენტორის ხელფასს გაუთანაბრდეს, რომელიც 1400 ლარს შეადგენს. შემდეგ ეტაპზე კი, საყოველთაო მატება უნდა გაგრძელდეს და არა გამორჩევითი პრინციპით.

მასწავლებელი ასევე განმარტავს, რომ ძველი სქემა უვარგისი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ “მორალურად გაცვდა”, შესაბამისად, მისი გაუქმებით ათიათასობით მასწავლებელი იქნება კმაყოფილი.

ღია წერილის ავტორი მზადყოფნას გამოთქვამს სქემის გაუქმებასთან დაკავშირებით დისკუსიებში ჩაერთოს.

გიორგი ჭაუჭიძე მედია სააგენტო “24”- თან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ სქემის შემოღების დროს, არავის ჩაუტარებია ისეთი კვლევა, რომელიც მასწავლებლებს ერთმანეთისგან მართლა ცოდნით გამოარჩევდა. არც მშობლებისგან ყოფილა მოთხოვნა, რომ, რომელიმე მასწავლებელი ყველაზე უკეთესია და სხვებზე მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.

გიორგი ჭაუჭიძე


“ყოველთვის არის მასწავლებლებს შორის ისეთი ფაქტი, რომ ვიღაც მეტად მოსწონთ, ვიღაც ნაკლებად, მაგრამ იმას მეტი ხელფასი მიეცით და ამას ნაკლები, ასეთი რამ, მშობლებსაც არ უთქვამთ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარი შვილის მაგალითზე, მშობლებიც ვერ იქნებოდნენ ბოლომდე კომპეტენტურები. ამიტომ, ისმის კითხვა, ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა, ვინც გადაწყვიტა, რომ მასწავლებლები კატეგორიებად უნდა დაეყოთ და განსხვავებული ხელფასი მიეცათ?”, – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

მისივე თქმით, მასწავლებლების გამოცდებიდან სახელმწიფოს, პირველ რიგში, ეკონომიურ ზარალს იღებს და არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ამაში ფული არ უნდა იხარჯებოდეს.

“ეს ხალხის ფულია და შესაბამისად, არაეკონომიურად არ უნდა იხარჯებოდეს. მით უმეტეს, როცა ამას არ აქვს რაიმე ეფექტი“- აცხადებს გიორგი ჭაუჭიძე.

გარდა ამისა, გამოცდები, მასწავლებლების ემოციურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. მათ შორის ბუნებრივი კონკურენცია ისედაც არსებობს. ასეთი დაყოფით კი, კონკურენციის ხარისხი ქვეითდება. მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ მაღალი კატეგორიის მოსაპოვებლად, მაგრამ არა იმისთვის, რომ თავი მშობელს ან მოსწავლეს მოაწონონ, არამედ იმისთვის, რომ ამ სისტემის უკან მდგომებმა დაინახონ და შესაბამისი კატეგორიაც მიანიჭონ.

“მასწავლებელთა გონებრივი ბირთვი – ინტელექტი, განათლება, წიგნიერება და ა.შ. იგივე დარჩა, რაც 12 წლის წინ იყო, როდესაც ეს გამოცდები შემოიღეს. უბრალოდ მასწავლებლები ემზადებიან და კონკრეტულ უნარ-ჩვევებს იძენენ, იმ კონკრეტული ამოცანის დასაძლევად, რომელსაც მათ უყენებენ. არსებული სქემა პედაგოგებს, რაიმე თვისებრივ განახლებასა და ინტელექტუალურ ზრდას არ სძენს”, – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედია სააგენტო “24” ექსპერტსა და მოქმედ მასწავლებელს, მანანა ნიკოლაიშვილს ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ეს სქემა, მისთვისაც მიუღებელი და უსარგებლოა, მაგრამ, რატომღაც მთავრობის მხრიდან არანაირი ცვლილება არ არის.

როგორც მაია ნიკოლეიშვილი განმარტავს, სქემა, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერითაა დამტკიცებული და თავად მთავრობამ უნდა გააუქმოს. ამ პოლიტიკას, მხოლოდ განათლების სამინისტრო ვერც განსაზღვრავს და ვერც გააუქმებს.

მანანა ნიკოლაიშვილი


“სქემა იმიტომ მიიღეს ვითომ, რომ უნდათ, ბავშვს მაღალი ხარისხის მასწავლებელი მოემსახუროს, მაგრამ ამ სქემამ ვერ გაამართლა. მან, მოსწავლე და მასწავლებელი ერთმანეთს დააცილა. რომელი მოსწავლის ცოდნის ამაღლებაზეა საუბარი, როდესაც მასწავლებელს, უკვე მოსწავლესთან მუშაობისთვის, აღარ სცალია. იმდენი საწერი აქვთ, ტრენინგებზეც დადიან და ბავშვისთვის ვეღარ იცლიან”, – აცხადებს ექსპერტი.

არავისთვის სიახლე არ არის ის, რომ მასწავლებელი მეორე დღის გაკვეთილისთვის ისევე უნდა მოემზადოს სახლში, როგორც მოსწავლე. ის კლასში მომზადებული უნდა შევიდეს. არსებული, “მორალურად გაცვეთილი” სქემის წყალობით კი, მასწავლებელი სრულყოფილი გაკვეთილების ჩატარებაზე აღარ და ვეღარ არის ორიენტირებული, მას საკუთარი გაოცდები აქვს საზრუნავი. გამოდის, რომ მასწავლებელი მოსწავლეების კონკურენტი გახდა და იმ უნიკალურ დროს, რაც მოსწავლისთვის ცოდნის მიცემას უნდა ახმარდეს, ძირითადად დანიშნულებისთვის აღარ ჰყოფნის.

რაც შეეხება კლასის დამრიგებლების ხელფასებს, მანანა ნიკოლაიშვილის შეფასებით, მათი ხელფასები აუცილებლად უნდა გაიზარდოს, ხოლო სამუშაო საათები – შემცირდეს.

” დიდი პასუხისმგებლობა და მოვალეობები აკისრიათ. კლასში მინიმუმ 30 ბავშვია და ყოველ დღე დამრიგებელმა თითქმის ყველა მშობელს უნდა დაურეკოს. ულიმიტო სასაუბრო მაინც უნდა ჩაურთონ. საათობრივი სამუშაო განაკვეთიც უნდა შეუმცირონ – კვირაში 15 საათამდე, რომ კლასს ყურადღება მიაქციოს. დღეში 3 საათის განმავლობაში გაკვეთილებს ჩაატარებს და 2 საათი, თავის კლასთან იქნება. ეს მე არ მომიგონია, ასე იყო წლების წინათ და სქემა გამართულად მუშაობდა”, – განმარტა ნიკოლაიშვილმა.

მასწავლებლები ერთხმად თანხმდებიან, რომ განათლების სისტემა ამ კონკრეტული და სხვა მრავალი პრობლემის წინაშე დიდი ხანია დგას. ფაქტი კი ფაქტად რჩება, სისტემაში დიდი ხარვეზებია, რომლისთვისაც ამდენი მასწავლებელი, უკვე წლებია იბრძვის. შედეგი კი სახეზეა, მასწავლებელს მოსწავლისთვის აღარ სცალია, სკოლა მინიმალურ განათლებასაც ვეღარ იძლევა. უკეთეს შემთხვევაში, მასწავლებლები ცდილობენ საკუთარი მოსწავლეები კერძოდ ამეცადინონ, რაც ამ სქემის შედეგად მიღებული, კიდევ ერთი დამატებითი პრობლემაა. მასწავლებლის განათლებისა და ინტელექტის საუკეთესო საზომი ის უნდა გახდეს, რამდენი წარჩინებული მოსწავლე უზის კლასში და არა ის, გამოცდებს თვითონ როგორ აბარებს.

 

სალომე ხომასურიძე


ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

“ნიკო ლორთქიფანიძე-ღირსების მასწავლებელი” – სკოლის ექსკურსია საინტერესო პრეზენტაციით

პოდკასტი