კულტურის სამინისტროს ეზოში 5 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს

თბილისში, კულტურის სამინისტროს შენობის ეზოში, სადაც წარსულში სომხური ტაძარი იყო, მიმდებარედ კი სასაფლაო, რეაბილიტაციის დროს ძველი აკლდამები და ხუთი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს.
სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს თავდაპირველად ორი აკლდამა აღმოაჩინეს, რის შემდეგ სამინისტრომ დაუყოვნებლივ შეაჩერა სამუშაო პროცესი და ადგილზე არქეოლოგები მიიწვია. აღმოჩენის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა სომხურ სათვისტომოსა და პარლამენტის წევრს ვან ბაიბურთს.
ცნობილია, რომ წარსულში ამ ტერიტორიაზე იყო სომხური ეკლესია და ეკლესიის მიმდებარედ არსებული სომხური სასაფლაო, რომელიც საბჭოთა პერიოდში გაუქმდა. როგორც სააგენტო “მედია24”-ს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, არქეოლოგებმა სამინისტროს შიდა ეზოს სხვა მონაკვეთებიც დაამუშავეს და აღმოაჩინეს ხუთი ნეშტი. მათგან ორი იდენტიფიცირებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით.
ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის, ოჰანეზ ტერ პოღოსიანისაა, მეორე კი – მისი მეუღლის. ყველა ნეშტი სომხურ პანთეონში გადაასვენეს.

