5000 ლარი სტუდენტობის სანაცვლოდ – ტექნიკური უნივერსიტეტი თაღლითობის ფაქტს ემიჯნება

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტში დეკანი და 3000 – 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უნივერსიტეტი სრულად ემიჯნება თაღლითობის ფაქტს და დაკავებულ პირს უნივერსიტეტთან, არც წარსულში და არც ამჟამად არ ჰქონია შეხება.

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე, აბიტურიენტების თითქოსდა ჩარიცხვის სანაცვლოდ, დაზარალებულებისგან ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულად ემიჯნება თაღლითობის ფაქტს და აცხადებს, რომ დაკავებულ პირს უნივერსიტეტთან არც წარსულში და არც ამჟამად, არასოდეს ჰქონია შეხება. ის არ ყოფილა სტუ-ის თანამშრომელი და მით უფრო, როგორც თვითონ აცხადებდა, რომელიმე ფაკულტეტის დეკანი. აღნიშნული თაღლითური ქმედების შესახებ უნივერსიტეტმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან შეიტყო. სასიხარულოა, რომ საქართველოს პროკურატურის პროფესიონალური ჩარევის შედეგად, დროულად გამოვლინდა თაღლითობის ფაქტი, რითაც იყო მცდელობა, ჩრდილი მიადგეს არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის აკადემიურ პერსონალს, არამედ, ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას”, – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარუდგინეს პირს, რომელიც სტუდენტობის მსურველებს არწმუნებდა, რომ ფულის სანაცვლოდ თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში მოაწყობდა. გარდა ამისა, ის დაზარალებულებს ატყუებდა, რომ არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად – დაახლოებით 7000-11000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო.

“ბრალდებული აღნიშნული სქემის გამოყენებით 10 დაზარალებულის ფულად თანხას – ჯამში, 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებული 48 წლის ლია ვაჩაძეა.  როგორც დაზარალებულები ყვებიან, მეტი დამაჯერებლობისთვის, ლია ვაჩაძე აბიტურიენტებს ონლაინგაკვეთილებსაც უტარებდა.

აღნიშნული პირი 21 იანვარს დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც თაღლითობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ლელა დევდარიანი


ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

პოდკასტი