“აბა, ახლანდელი დინამოც, დინამოა?” – როგორ შემოვიდა ფეხბურთი საქართველოში
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის განსაკუთრებული ქომაგი არასდროს ვყოფილვარ, დინამოს სტადიონის გვერდზე, არჩილ ქურდიანის ქუჩაზე გავიზარდე და ყოველი გამართული მატჩი პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მაინც მეხებოდა. მახსოვს, თამაშის წინ, ავტომობილებით როგორ ივსებოდა ვიწრო ქუჩა. ყველა ცდილობდა საჩქაროდ გაეჩერებინა მანქანა, მნიშვნელობა არ ჰქონდა ეს ბორდიური იქნებოდა, თუ ვიღაცის ეზოს შესასვლელი, რომ მატჩზე დროულად მისულიყვნენ. ქურდიანზე მცხოვრებლებიც, „სტუმრებზე“ ნაკლებად ბრაზდებოდნენ, რადგან ყველა განსაკუთრებული ემოციით ელოდებოდა მოსალოდნელ მატჩს. თამაშის დაწყების შემდეგ, როგორც წესი, მალევე, საქართველოს ჰიმნი გაისმოდა და მეც, აივანზე გადმომდგარს, ისე მკაფიოდ მესმოდა ეს ხმა თითქოს სტადიონზე ვიყავი.
ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდური თამაშია მთელ მსოფლიოში. მისი ისტორია მრავალსაუკუნოვანია. თუ უძველეს წარსულს გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ სპორტის ამ სახეობის მსგავს სხვადასხვა თამაშს თამაშობდნენ: ეგვიპტეში, ჩინეთში, საბერძნეთში, რომში, საფრანგეთსა და იტალიაში, თუმცა ოფიციალური ვერსიით ფეხბურთი ინგლისში, მეცხრამეტე საუკუნეში წარმოიშვა.
საქართველოშიც, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სპორტის ეს სახეობა ინგლისელებმა შემოიტანეს. ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში ჩამომდგარი ბრიტანული გემების მეზღვაურები, ერთმანეთში, ხშირად თამაშობდნენ ფეხბურთს, რაც ქართველებმაც მალევე აითვისეს. არავინ იცის, ზუსტად როდის გაიმართა საქართველოში პირველი საფეხბურთო მატჩი, თუმცა ფეხბურთი ქართულ პრესაში პირველად 1890 წელს გამოჩნდა.
იმ დროიდან, ჩვენს ქვეყანაში, ფეხბურთი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. 1924 წლისთვის საქართველოში უკვე 120 გუნდი იყო შექმნილი, თუმცა უმრავლესობას სავარჯიშოდ არც მუდმივი ადგილი ჰქონდა და არც მწვრთნელი ჰყავდა. 1925 წელს, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ხელმძღვანელებმა ოფიციალური საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს, სწორედ ამ წლის ნოემბრიდან იწყება თბილისის “დინამოს” ისტორია, რომელიც 1936-89 წლებში ფაქტობრივად საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა სსრკ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში.
ისტორიაში პირველი შეხვედრა თბილისის “დინამოს” 1926 წლის 6 იანვარს ბაქოელ თანაკლუბელებთან ჰქონდა. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ, ახლადშექმნილ გუნდს მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო, თუმცა 3 დღის შემდეგ “დინამომ” ბაქოს მეორე კლუბს – “პროგრესს” უმასპინძლა და ამჯერად მოწინააღმდეგე — 3:0 დაამარცხა.
თავდაპირველად გუნდი ქალაქის პირველობაზე მეორე ჯგუფში გამოდიოდა, თუმცა ფინალში, იმდროინდელი ძლიერი გუნდის, “არსრაიონის” დამარცხების შემდეგ, “დინამოს” ფეხბურთელებმა პირველ ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. მას შემდეგ, ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება და მისი ნიჭიერი ფეხბურთელებით შევსება გადაწყვიტა. გუნდში ჩაირიცხა: ნ. ქოიავა, ა. ფოჩხუა, ვ. ცომაია, ნ. ბლანკმანი, გ. თადეევი, ასირ გალპერინი, ანდრო ჟორდანია, რომელიც დინამოელთა პირველი კაპიტანი იყო და სხვები.
1927 წელს, უფრო სერიოზულად დაიწყეს გუნდზე ზრუნვა, შეიქმნა „დინამოს“ ჭაბუკთა გუნდი, სადაც მეორე მსოფლიო ომის წინა და შემდგომ პერიოდში, არაერთი გამოჩენილი ფეხბურთელი: ბორის პაიჭაძე, შოთა შავგულიძე, ალექსანდრე დოროხოვი, გაიოზ ჯეჯელავა, მიხეილ ბერძენიშვილი და ავთანდილ ღოღობერიძე თამაშობდა.
იმავე წელს, ქალაქის ცენტრში, იმდროინდელ “პლეხანოვის გამზირზე” სტადიონის მშენებლობა დაიწყო. “დინამოს” თავდაპირველი პროექტი 1932–1935 წლებში შემუშავდა და მისი მშენებლობა თბილისის მთავარი არქიტექტორის არჩილ ქურდიანის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. მშენებლობის დაწყებიდან, რვა წლის შემდეგ, უკვე მზად იყო 23 000-ადგილიანი დინამოს სტადიონი, რომელიც თავისი ნოვატორული არქიტექტურული გადაწყვეტით, იმ პერიოდის ქართული არქიტექტურის საუკეთესო მაგალითი იყო და იმ დროინდელ საუკეთესო სპორტულ ნაგებობათა რიცხვში შედიოდა.
1956 წელს, არჩილ ქურდიანის ავტორობითვე განხორციელდა სტადიონის რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც, სტადიონზე მაყურებელთა ადგილების რაოდენობა 36 000-მდე გაიზარდა.
პირველი მატჩი საბჭოთა სოციალისტურ უმაღლეს ლიგაში “დინამომ” 1936 წლის 7 სექტემბერს გამართა თბილისში კიევის “დინამოსთან”, რომელიც ანგარიშით 2:2 დამთავრდა. პირველ სეზონში ქართულმა გუნდმა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და თასის გათამაშების ფინალშიც გავიდა. ქართველ ფეხბურთელთა პირველმა თაობებმა ვერ შეძლეს საკავშირო ჩემპიონატში გამარჯვება და თასის მოგება, თუმცა “დინამო” ყოველთვის ითვლებოდა სსრკ ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ და თვითმყოფად გუნდად.
1937 წელს თბილისის “დინამომ” ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა. მას შემდეგ, გუნდი დღითიდღე ვითარდებოდა და სხვადასხვა დროს მის რიგებში ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობდა.
დინამოელთა შემდგომმა წარმატებებმა და საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთა რაოდენობის გაზრდამ, დღის წესრიგში, დინამოს სტადიონის მეორე რეკონსტრუქციის აუცილებლობაც დააყენა. სწორედ ამიტომ, 1960-იანი წლებიდან, ამჯერად უკვე: არჩილ ქურდიანის, გია ქურდიანის, კონსტრუქტორ შალვა გაზაშვილის ხელმძღვანელობითა და არქიტექტორთა, ინჟინერთა და სპეციალისტთა შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით, დაიწყო „დინამოს’’ ფუნდამენტური რეკონსტრუქცია, რისი შედეგიც თანამედროვე დინამოს სტადიონია.
70-იანი წლების დასაწყისში დინამოში თამაშობდა უამრავი გულშემატკივართა მიერ აღიარებული ბრწყინვალე ფეხბურთელი ყველასთვის ცნობილი: დავით ყიფიანი, ასევე, მანუჩარ მაჩაიძე, ვლადიმერ გუცაევი, გოჩა მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა და სხვა.
1981 წლის 13 მაისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მქონე დღეა. ამ დღეს, ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით “დინამომ” ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი გულშემატკივრების გულში.
ნათქვამია, ყოველ აღმართს, დაღმართი მოსდევსო. სწორედ ასე მოხდა “დინამოს” შემთხვევაშიც. 1982–83 წლებში გუნდი უეფას გათამაშებაში ჩაება და ტურნირიდან პირველივე რაუნდში გამოვარდა. იმავე წლის შემოდგომას, ნოემბერში — საბჭოთა ლიგის სეზონი, მეოთხე ადგილზე დაასრულეს. ხოლო, აქედან ერთ თვეში, 13 დეკემბერს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და 1981 წლის ფინალში „საუკუნის გოლის“ ავტორი ვიტალი დარასელია ტრაგიკულად გარდაიცვალა. 1989 წელს „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა. სიმბოლურია, რომ დინამოელები საბჭოთა კავშირის პირველობას სწორედ იმ გუნდთან, კიევის “დინამოსთან”, თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთა წინააღმდეგაც, 1936 წელს, ჩემპიონატში დაიწყეს მონაწილეობა.
1990 წლიდან, ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის და სწორედ აქედან იწყება „დინამოს“ უახლესი ისტორია, რომელიც კლუბისთვისა და თავისი გულშემატკივრებისთვის ყველაზე რთულ პერიოდად რჩება. მიუხედავად ამისა, 90-იანი წლების შემდეგ, კიდევ იყო აღმავალი პერიოდები. 1992 წელს თბილისის „დინამო“ პირველად დაეუფლა საქართველოს თასს, 1993 წელს ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. ეს მოგება განსაკუთრებული იმიტომ იყო, რომ გუნდი ევროტურნირებზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად გავიდა. 1996 წელს თბილისის დინამომ, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია, იმავე წელს სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს თუმცა, ის დიდება მაინც ვეღარ დაიბრუნეს, რაც ადრეულ წლებში ჰქონდათ.
ბაბუას, რომელიც თავის დროზე, თბილისის დინამოს განსაკუთრებული გულშემატკივარი იყო, ვინ იცის, სტადიონთან ჩავლისას რამდენჯერ მოუყოლია თავისი ახალგაზრდობის ისტორია, როგორ ათევდნენ ღამეებს სალაროებთან, მანქანებში, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები შეეძინათ და იმდროინდელი უნიჭიერესი ფეხბურთელების თამაშისთვის, ამაყად ეყურებინათ. ამ ისტორიის დასრულებას, აუცილებლად მოსდევდა ფრაზა – “აბა, ახლანდელი დინამოც, დინამოა?” – და სინანულით სავსე თვალები, რომელსაც სწრაფად აარიდებდა სტადიონს და სხვა მხარეს გაიხედავდა.
მართლაც, ეს ის დინამო აღარ იყო. წლების განმავლობაში, გუნდის გულშემატკივრებს, ყოველი მატჩის შემდეგ, უფრო და უფრო უნელდებოდათ ძველებური მუხტი და მოგების იმედიც ნელ-ნელა ქრებოდა. ახლა, ბილეთების ყიდვის მოლოდინში, სალაროებთან აღარავინ ათენებს. თუმცა პრობლემა ამაში როდია, ბილეთების შეძენას ელექტრონულადაც ვახერხებთ, მაგრამ თამაში აღარ არის ისეთი ემოციური და ბედნიერების მომტანი, როგორიც ადრე იყო.
ავტორი თაკო ბოკუჩავა