არისტოკრატიული სილამაზითა და ქართული გვარით დაპყრობილი საბჭოთა კინო – არიადნა შენგელაია

ქართული კინოს მრავალ ჩაუქრობელ ვარსკვლავთა შორის, არიადნა შენგელაია ერთ-ერთია. სილამაზე, რომელიც ქართული გენის კუთვნილებად იქცა, გერმანული და რუსული გენეტიკის ნაყოფია.

ის იმდენად ორგანულად შეერწყა ქართულ კინოს და ქართული ცხოვრების თავისებურებას, რომ ქართული გვარი – შენგელაია, მისი სავიზიტო ბარათი გახდა. დღეს, ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილი ფილმის – “შერეკილების” ულამაზესი მარგარიტას როლის შემსრულებლის, არიადნა შენგელაიას ნამდვილი გვარი შპრინკია. ალბათ, ამის გამო იყო, რომ ცნობილმა რუსმა პოეტმა, ბელა ახმადულინამ, 1965 წელს, ქართველ ქალთა სახელებზე დაწერილ ლექსში – მედეას, ლამარასა და ცისანას გვერდით არიადნაც მოიხსენია. არადა არიადნა ბერძნულ-მითოლოგიური სახელია და “ძლიერ მოსაწონს” ნიშნავს.

არიადნა შენგელაია XX საუკუნის 50-60- იანი წლების საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო. თეატრალური ინსტიტუტის ჯერ კიდევ სტუდენტი გოგონა, საყოველთაო სიყვარულის ობიექტად იქცა. საბჭოთა კავშირის, შემდგომ კი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაყურებელმა ის პირველად ფილმ-ოპერა “ევგენი ონეგინით” (1958 წელი) გაიცნო, სადაც უზადოდ შეასრულა ტატიანას როლი. მისი ემოციები იმდენად ბუნებრივი და გულწრფელია, რომ მაყურებელი თვითნებურად გადაჰყავს ალ. პუშკინის ეპოქაში. ტატიანას ჰაეროვნება, საკუთარ თავთან გაჩაღებული ბრძოლა, შინაგანი ღელვა და ხასიათის სიმტკიცე არიადნას ყოველ მიმიკაში ჩანს და იგრძნობა.

ამის შემდეგ, არიადნა შენგელაია საქართველოს პატარძალი და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი ხდება. მას ბედისწერა ქართული კინოს ლეგენდების – ნიკოლოზ შენგელაიასა და ნატო ვაჩნაძის ოჯახის წევრობას უმზადებს, მაგრამ წყვილის ერთი ნახვით დაწყებული სიყვარული, 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, კრახით დასრულდება. არიადნა კვლავ რუსეთში დაბრუნდება. 40 წლის შემდეგ კი, ყოფილი ქმარი ელდარ შენგელაია მას, დაბადების დღის ყველაზე ორიგინალურ საჩუქარს გაუკეთებს. მისი ინიციატივითა და საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით თბილისში, 2020 წლის 13 იანვარს, რუსთაველის თეატრის შენობის წინ, ქართული კინოს კაშკაშა ვარსკვლავებს შორის, არიადნას ვარსკვლავი გაიხსნა.

კარიერა

წარმატება და ძალიან დიდი სიყვარული არიადნას ერთდროულად ეწვია. მამა – ვსევოლოდ შპრინკი გერმანელი, დედა – ანა ლუბიმოვა კი რუსი იყო. მათ მოსკოვში გაიცნეს ერთმანეთიც. სტალინური რეპრესიების დროს ოჯახი ტაშკენტში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1937 წლის 13 იანვარს, ქართული კინო ლეგენდის – ნატო ვაჩნაძის მომავალი რძალი, ქართული კინოს მომავალი ვარსკვლავი – არიადნა დაიბადა.

სკოლის დამთავრებისთანავე არიადნამ კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ჩააბარა და ოცნებებმაც იწყეს ახდენა. იქ მას უკვე დახვდნენ ქართული კინოს მომავალი, პერსპექტიული რეჟისორები – მერაბ კოკოჩაშვილი და მომავალი მეუღლე, ელდარ შენგელაია.

გიორგი და ელდარ შენგელაიები მეუღლეებთან – არიადნა შენგელაია და სოფიკო ჭიაურელთან ერთად

“მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც სტუდენტების ახალი ნაკადი მოვიდა, მათ შორის იყო არიადნაც. ევროპული პროფილი, ღირსება, თავდაჯერებული გამოხედვა და ძალიან ლამაზი სახე. ძალიან დავმეგობრდით. თვალს ვადევნებდით ინსტიტუტში მის ნამუშევრებს. თითქმის ყოველთვის მთავარ როლებს აძლევდნენ. ჯერ კიდევ სტუდენტები ვიყავით, როცა მოსკოვის საკავშირო ფესტივალზე, პირველ კურსელმა არიადნამ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი მიიღო. არიადნა ერთ-ერთი პირველი იყო, ვისი ფილმებიც გავიდა უცხოეთში. თითქოს კლასიკური ნაწარმოებების ნიმუში იყო გარეგნულადაც და თავისი ღირსებით, ინტელიგენტობით. ამ დროს, დედასთან ერთად ორ პაწაწინა ოთახში ცხოვრობდა”, – იხსენებს რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.

არიადნას ფილმებში 1957 წლიდან იღებდნენ. 1960 წელს, ის თბილისში, ელდარ შენგელაიასთან ერთად ჩამოდის და მუშაობას იწყებს თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში, სადაც წარმატებით თამაშობს კლეოპატრას და ანა ფრანკის როლებს.

“არიადნა ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ფორმისა და შინაარსის შერწყმა ხდება. იშვიათია იყო ულამაზესი ადამიანი და შინაგანად ნათელი პიროვნება. საოცრად თავმდაბალია, შრომისმოყვარე. მასთან მუშაობა ბედნიერება იყო. სპექტაკლს – “ანა ფრანკის დღიურები” საოცარი წარმატება მოჰყვა. ეს იყო სამსახიობო ხელოვნების ზეიმი, რაც არიადნას დამსახურებაა”, – აცხადებს სპექტაკლის რეჟისორი მედეა კუჭუხიძე.

არიადნა შენგელაიას ანა ფრანკი ისეთივე სიყვარულით მიიღო ქართველმა მაყურებელმა, როგორც თავად მსახიობი. გრიბოედოვის თეატრის სალაროებთან რიგი არ წყდებოდა, არიადნას სილამაზეზე კი, ლეგენდები დადიოდა.

“საოცარი შესრულება იყო, რეალიზმითა და სევდით სავსე. “არ დაიდარდოში” მკაცრი ქალის სახე შექმნა. ამ დროს შინაგანად ძალიან პოეტური ქალია”, – ამბობს მერაბ კოკოჩაშვილი.

1964 წელს, არიადნა ფილმ “ძოწის სამაჯურში” გადაიღეს, რომელიც ისევ საოცრად წარმატებული აღმოჩნდა. ვერა შეინას როლმა მას მორიგი აღიარება მოუტანა. არისტოკრატიული სილამაზის ქალი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობ ქალად აღიარეს. არიადნა “ქართული ფილმის” მსახიობი იყო და ერთგვარად, საქართველოს წარმოადგენდა. პრესაში მის ქართულ სილამაზეზეც კი წერდნენ, ყველას ქართველი ეგონა.

რეჟისორი სერგეი ფარაჯანოვი ამბობდა, – არიანდა ერთ-ერთია იმ მსახიობ ქალთა შორის, ვისაც დიდი ქუდების ტარება შეუძლიაო. ამიტომ, მას ანა კარენინა როლში მოიაზრებდა, მაგრამ იდეის ხორცშესხმა, რატომღაც ვერ მოხერხდა.

1980 წელს არიადნა შენგელაია მეუღლეს დაშორდა და რუსეთში დაბრუნდა, სადაც მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიაში დაიწყო მუშაობა. მის კარიერაში ახალი, არანაკლებ წარმატებული ეტაპი დაიწყო. იწვევდნენ სხვადასხვა უცხოურ კინოპროექტებში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, კიდევ 20-ზე მეტ ფილმში ითამაშა. 2000 წელს კი, რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. ის მიიწვიეს ინდური კინოში – გენადი ვასილევისა და შაში კაპურის ერთობლივ ფილმში, სადაც ინდური კინოს ვარსკვლავ ამიტაბჰ ბაჩანთან ერთად ითამაშა. როგორც არიადნას შვილიშვილი ნატალია ჯუღელი ამბობს, დაახლოებით 2018 წელს ინდოეთიდან არიადნა შენგელაიას სურათების მთელი დასტა მიიღეს ავტოგრაფისთვის. მსახიობი ინდოეთში გასაგზავნ საკუთარ ფოტოებს 2 დღის განმავლობაში აწერდა ხელს.

არიადნა შენგელაია სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა რეჟისორებთან: ივანე პირიევი, გიორგი დანელია, ნადეჟდა კოშევეროვა, ფელიქს მირონერი, ისიდორე ანენსკი, აბრამ როომი, ნაუმ ტრახტენბერგი, ელდარ შენგელაია და სხვები. ბოლოს 2002 წელს გადაიღეს ფილმში – “ბაბი იარი”. მას შემდეგ, მსახიობს ფილმებში აღარ უთამაშია, არც პრესასთან ურთიერთობს. ეს მისი გადაწყვეტილებაა.

სიყვარული

ელდარ შენგელაია მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა არიადნა შემთხვევით გაიცნო. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.

“გამოვედი დერეფანში და უცებ ძალიან ლამაზი გოგონა დამეჯახა. არ ვიცნობდი ვინ იყო, მაგრამ როგორც შევხედე, ერთი ნახვით შემიყვარდა. გადავწყვიტეთ შეუღლება”, – ამბობს ელდარ შენგელაია.

ჩვენს რეალობაში თითებზე ჩამოსათვლელია შემთხვევა, როცა ყოფილი მეუღლეები ერთმანეთის ნიჭისა და შემოქმედების თაყვანისმცემლებად რჩებიან. ერთ-ერთი ასეთია ელდარ შენგელაია.

“არიადნა მრავალპლანიანი მსახიობია. მას შეუძლია სხვადასხვა ჟანრის როლის აბსოლუტური სიმართლით შესრულება. ის თანაბრად დამაჯერებელი იყო, როგორც კინოში, ისე სცენაზე. არიან მსახიობები, რომლებიც არაფერს მოგაწვდიან, არიან ისეთებიც, რომლებიც გადაღებისას ფიქრობენ, თვითონ წვალობენ როლზე. არიადნა არის მსახიობი, რომლისგანაც მოდიოდა იდეა. დიდმა მსახიობმა აკაკი ხორავამ მის შესახებ დაწერა, – საქართველოს მოევლინა უნიჭიერესი ადამიანი. ეს იყო მისი უდიდესი გამარჯვება”, – ამბობს ელდარ შენგელაია.

კადრი ფილმიდან “არ იდარდო”

გადაღებებსა და გასტროლებს შორის ელდარისა და არიადნას შვილებს სიდედრი, ანა პავლოვნა ზრდიდა. მადლიერ სიძეს სიდედრის სამსახიობო შესაძლებლობები შეუმჩნეველი არ დარჩენია და ის, ფილმ “არაჩვეულებრივ გამოფენაში”, საბჭოთა კომენდანტი ქალის როლში გადაიღო.

“ანა პავლოვნა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მე და არიადნა დაკავებულები ვიყავით და ნატო და კატია პრაქტიკულად მან გაზარდა. ფილმში გადაღება რომ შევთავაზე, თავიდან ჭირვეულობდა, მაგრამ ბოლოს, რაღაცნაირად დავითანხმე. გამოცდილი მსახიობივით შეასრულა ეს როლი, რეპეტიციების გარეშე”, – იხსენებს ელდარ შენგელაია.

“შერეკილები” – ელდარ შენგელაიას ეს ფილმი, არიადნა შენგელაიას სამსახიობო კარიერაში ერთ-ერთი საკულტოა. არადა მარგარიტას როლზე სრულიად შემთხვევით მოხვდა. რამდენიმე მსახიობის წარუმატებელი გასინჯვის შემდეგ, სტუდიის დირექტორმა, კაკო ძიძიგურმა რეჟისორს ურჩია, როლზე თავისი მეუღლე მოესინჯა. არიადნას გაუკეთეს პარიკი და ელდარ შენგელაია მიხვდა, რომ მის წინაშე სწორედ ის მარგარიტა იდგა, რომელსაც ეძებდა.

სოფიკო ჭიაურელი, არიადნა შენგელაია, ნიკუშა შენგელაია

“ამ ფილმში არის საუცხოო, რაც მართალი მართალია”, – ამბობს ელდარ შენგელაია ყოფილ მეუღლეზე.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მარგარიტა მოღალატე ცოლია. ულამაზეს ქალს მამაკაცები მოსვენებას არ აძლევენ. ქმარი მატარებლის მემანქანეა და ხშირად უწევს სახლიდან შორს ყოფნა. საყვარლების თავშესაფარს მარგარიტას ბუხარი წარმოადგენს, სადაც შინ მოულოდნელად დაბრუნებული ქმრისგან მამაკაცებს მალავს. ფილმის ერთ კადრში, არიადნა ბუხარში, თავის ნამდვილ ქმარს, ელდარ შენგელაიასაც შეტენის. მაგრამ ეს იმდენად პატარა კადრია, მაყურებელი ვერ ასწრებს ჩოხაში გამოწყობილი ფილმის რეჟისორის სახის დანახვას.

არიადნა შენგელაიამ 50-ზე მეტ ფილმში ითამაშა, აქედან 9 ქართულია. თბილისში 17 წლის წინ დაბრუნდა. 8 წლის განმავლობაში თეატრალურ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. 2002 წლიდან კი, საჯარო ცხოვრება შეწყვიტა. აღარ იძლევა ინტერვიუებს. არ ცხოვრობს ვარსკვლავური ცხოვრებით. არც ვარსკვლავის გახსნას დასთანხმებოდა, ყოფილი მეუღლის მონდომება რომ არა.

“რომ გაიგო იდეა ელდარისგან მოდიოდა, ეს ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილებს დარჩებათო და დასთანხმდა. არიადნა ჩვენი საყრდენია”, – ამბობს მსახიობის შვილიშვილი ნატალია ჯუღელი.

არიადნასა და ელდარის დაშორების თემაზე საუბარი, არც ერთ მხარეს არ სურს. თუმცა, თბილისში ამბობენ, რომ ელდარ შენგელაიას ძალიან უყვარდა თავისი მეუღლე. დაუვიწყარი ემოცია იყო არიადნას ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ღონისძიება თბილისში, 2020 წლის იანვარში. ვარსკვლავის გახსნაზე არიადნას ხელი კვლავ ელდარს ეჭირა ხელში და ალბათ, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ქართულ კინოში მის ვარსკვლავურ კარიერას, არიადნას უზადო ნიჭიერებასთან ერთად, შენგელაიების ოჯახმაც შეუწყო ხელი.

ორ ქალაქს შორის

არიადნამ და ელდარმა ერთად 22 წელი იცხოვრეს. განქორწინების მიზეზზე საჯაროდ არასდროს უსაუბრიათ, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეული იყო. უმცროსი ქალიშვილის თქმით, მშობლები ძალიან მძიმედ დაშორდნენ და ყველას სურს დაივიწყოს ცხოვრების ეს პერიოდი.

განქორწინების პროცესის დასრულების შემდეგ, არიადნა მოსკოვში გადავიდა. ის ორ ქალაქს შორის იხლიჩებოდა. სწორედ იმ პერიოდში მოხდა ცვლილებები მის პირად ცხოვრებაში. მან მსახიობი და დიქტორი იგორ კოპჩენკო გაიცნო. ისინი დაქორწინდნენ. არიადნას მეორე ქმარი ტელეარხზე – “კულტურა”, მუშაობდა და ამ არხის “მთავარ ხმად” ითვლებოდა. მათი ქორწინება კოპჩენკოს გარდაცვალებამდე, 2003 წლამდე გაგრძელდა. მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

არიადნა შენგელაია ვერ შეეგუა საყვარელი ადამიანის დაკარგვას. მან შეწყვიტა მსახიობის კარიერა, უარი თქვა კინოსა და თეატრში მუშაობაზე, არ იძლეოდა ინტერვიუებს და არ საუბრობდა საჯაროდ. როგორ გამოიყურება იგი ამჟამად? მისი ფოტოები თითქმის არსად მოიპოვება. თაყვანისმცემლების მეხსიერებაში ის ისევ “შერეკილების” მარგარიტა და მოხდენილი, ახალგაზრდა „გრაფინიაა“.

XX საუკუნის პოპულარულ მსახიობს მალე 86 წელი შეუსრულდება. საიუბილეო თარიღებშიც კი, არ ჩნდება საზოგადოებაში და მილოცვებს ქალიშვილები იღებენ. არავინ იცის, როგორ ვითარდება ახლა მისი პირადი ცხოვრება. არიადნა ზრუნავს შვილებზე, შვილიშვილებსა და შვილიშვილებზე. ამჟამად ის მუდმივად ცხოვრობს თბილისში, ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში. ხანდახან ნათესავებთან ერთად მოსკოვის ბინას სტუმრობს, მაგრამ საქართველო მაინც თავის სახლად მიაჩნია.

შორენა პაპაშვილი