“ავიამიმოსვლის თემის შემოგდებით კრემლი “ნაციონალურ მოძრაობას” ეხმარება”  

რუსეთი მუდმივად ცდილობს საქართველოში სტაბილურად არასტაბილური გარემო შეინარჩუნოს: ინტერვიუ ლადო პაპავასთან

ლადო პაპავა

რას ნიშნავს დღეს რუსეთის მხრიდან საქართველოში ავიაფრენების შესაძლო აღდგენაზე საუბარი და რატომ აწარმოებს უკრაინა პრაქტიკულად საინფორმაციო ომს ოკუპირებული საქართველოს წინააღმდეგ, არის თუ არა საქართველო ფარულ ვაჭრობაში რუსეთთან და სანქციების პირობებში კონკრეტულად, რა მიმართულებით ხორციელდება, იგივე რუსეთ-ამერიკის, ბალტიის ქვეყნების, ირანის მხრიდან ვაჭრობა რუსეთთან? – ამ საკითხების ირგვლივ მედია სააგენტო „24“-ს აკადემიკოსი ლადო პაპავა ესაუბრა.

-როგორ შეაფასებდით რუსეთ-უკრაინის ცხელი ომის პირობებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოში ფრენების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით. რომელ მხარეს უფრო სჭირდება ავიამიმოსვლის აღგენა? ფაქტია, ქართული ოპოზიციური ფლანგი ამ განცხადებას სერიოზული პროტესტით შეხვდა.

-ჩვენ ნამდვილად ძალიან დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუკი ლავროვის ამ განცხადებას მხოლოდ იზოლირებულად განვიხილავთ. აუცილებელია გავიხსენოთ ისტორია, თუ როგორ იქცევა მოსკოვი საქართველოსთან მიმართებით მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „ვარდების რევოლუცია“ განხორციელდა. ქმედება არის ძალიან მარტივი: რუსეთისთვის მთავარია საქართველოში სტაბილურად შენარჩუნდეს პოლიტიკური არასტაბილურობა, ანუ სტაბილურად იყოს არასტაბილური სიტუაცია. ეს არის კრემლის ამოცანა, რადგანაც ამ შემთხვევაში ძალიან ადვილად მართვადია ნებისმიერი ქვეყანა, თანაც ისეთი მცირე ზომის, როგორიც საქართველოა, რომლის ტერიტორიის 20%-ზე მეტი მის მიერვეა ოკუპირებული. ახალგაზრდა თაობამ შეიძლება ეს არ იცოდეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ „ვარდების რევოლუციაში“ როგორ დაეხმარა პრეზიდენტი პუტინი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, იგორ ივანოვის გამოგზავნით რევოლუციონერებს და ივანოვთან შეხვედრის შემდეგ, როგორ გადადგა თანამდებობიდან ედუარდ შევარდნაძე. შემდეგ ივანოვმა, როგორ მოაცილა აჭარიდან ასლან აბაშიძე და მისი გუნდი. ამის შემდეგ, კი რა ხდებოდა – როგორც კი ოპოზიცია მოძლიერდებოდა, კრემლი იწყებდა სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას, ან ოპოზიციის ქებას და ამას, პრაქტიკულად, აკეთებდა არა იმიტომ, რომ მართლა სააკაშვილი სძულდა ან ოპოზიციის მხარეს იყო, არამედ იმიტომ რომ საქართველოში იცოდა ხალხის განწყობა და უნდოდა გამოეწვია საწინააღმდეგო ქმედება. ამას აგრძელებს მას შემდეგ, რაც უკვე „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. რადიკალური ოპოზიცია და მისი ფლაგმანი “ენმ”, ცდილობს სხვადასხვა პროვოკაციულ რეჟიმში ქმედებას და ამ დროს, როგორც წესი, მოსკოვი აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი, ხელისუფლებაზე გაბრაზდეს და “ნაციონალური მოძრაობისკენ” გადაიხაროს. სხვა რით უნდა ავხსნათ გავრილოვის განცხადება. ხომ ყველამ კარგად იცის, რამდენად მიუღებელია გავრილოვი ქართული საზოგადოებისთვის მას შემდეგ, რაც ის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში შეგნებით თუ შეუგნებლად ჩასვეს. ლავროვს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, ევალება კიდეც მსგავსი განცხადებების გაკეთება, ხოლო გავრილოვი, ამ შემთხვევაში, ვინ არის? რატომ გააკეთა ეს განცხადება?! გავრილოვს ხომ ქართული საზოგადოება ვერ იტანს და ის ამ საზოგადოებას ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განაწყობს. რატომ? – იმიტომ კი არა, რომ მოსკოვს მიშა სააკაშვილი ეჯავრება, ან ეს რადიკალური ოპოზიცია სძულს, არა. მოსკოვისთვის მთავარია ამ ქვეყანაში „სტაბილურად არასტაბილური გარემო“ იყოს. აი, ეს არის ამ თემის „ალია-ბალია“. არა მგონია, საკითხი ფრენების აღდგენამდე მივიდეს, მაგრამ ამ განცხადებამ თავისი, მოსკოვისთვის სასურველი როლი, უკვე შეასრულა.

“სააკაშვილითან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ ერთი დიაგნოზი, კოვიდია სარწმუნო” 

-ქართული მხარე უფრო სარგებელს ნახავს ფრენების აღდგენით, თუ ეს საერთოდ მოხდა, თუ რუსეთი?

– უშუალოდ ამ განცხადებით სარგებელი უკვე მოსკოვმა ნახა. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ აურია სიტუაცია და ხელახლა გაურთულა მდგომარეობა მოქმედ ხელისუფლებას. აი, ასეთი გზით, სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკით, ან პირიქით „ქართული ოცნების“ შექებით და მასთან თანამშრომლობის მზაობის გამოხატვით, ის ხელს უწყობს იმას, რომ საქართველოში ყოველთვის დაძაბული ვითარება იყოს. შეხედეთ, რა დროს კეთდება ეს განცხადება – როდესაც ძალიან უჭირს “ნაცმოძრაობას”: არჩევნებია და პარტია ვერ გაუყვია სხვადასხვა ფრთას, როდესაც სააკაშვილი საავადმყოფოშია და მთელი ალიაქოთია ატეხილი დაქირავებული პიარკომპანიის მიერ, თითქოს სააკაშვილის უფლებები ილახება, პოლიტპატიმარია, კვდება (თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი დიაგნოზი, კოვიდია სარწმუნო), თითქოს დანაშაული მართლა არ ჩაუდენია და ა.შ. სწორედ ამ ფონზე კეთდება ეს განცხადება. რისთვის? რას იძლევა? – რა თქმა უნდა, ეს განცხადება მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს. სულ არ არის საჭირო საქართველოს მიმართ ძალის გამოხატვა. თვითონ ქართულ საზოგადოებაშიც კიდევ ერთხელ უნდა გაძლიერდეს ის, რასაც „სტაბილურად არასტაბილური სიტუაცია“ წარმოადგენს.

-ნაციონალები ამბობენ, რომ საქართველოში რუსული ხელისუფლებაა და რომ ლავროვმა „ქართულ ოცნებას“ სიტყვა შეაშველა…

-შეგახსენებთ – ფაქტია, რომ საქართველოს რუსეთთან ფრენები არ არ აუკრძალია. აკრძალა კრემლმა. სწორედ გავრილოვთან დაკავშირებით და ახლა სიმბოლურად იგივე გავრილოვი გამოჩნდა ფრენების აღდგენის მხარდამჭერად. კრემლში კარგად იციან, რომ გავრილოვი ქართული საზოგადოებისთვის ისეთივეა, როგორც „დაჭრილი ხარის წინ აფრიალებული წითელი ნაჭერი“.

– ინტერნეტსივრცეში გამოკითხვა ჩატარდა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და 54% მომხრეა, 45% – წინააღმდეგი.

– კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: პირადად მე, ლავროვის ამ განცხადებას, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, პირდაპირი გაგებით არ აღვიქვამ. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კვლავ დაეხმაროს ნაცმოძრაობას, რათა საზოგადოება დაუპირისპირდეს ხელისუფლებას და მეტი არაფერი…

-რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავი ახლოვდება და ამ პერიოდში, ფაქტია, საქართველო ყველაზე დიდი საინფორმაციო დარტყმის ქვეშ იმყოფება. განცხადებების დონეზე ქვეყნის ომში ჩათრევის წინაპირობა იქმნება და უკრაინელები ითხოვენ იარაღით დახმარებას, თუნდაც სიმბოლურად ერთი ტყვია ან ერთი დანა მაინც გამოგეგზავნათო. კიზინგერის განცხადებაც იქეთ იყო მიმართული, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ იყურება. რამე სარგებელი ნახა ქვეყანამ ამ ომის პირობებში, ბიუჯეტმა რუსეთთან თუნდაც ფარული ურთიერთობით?

-არა მგონია, ფარულ თანამშრომლობაზე იყოს საუბარი. მე ამის ნიშნებს ნამდვილად ვერ ვხედავ. საკითხი არის ძალიან მარტივი: ვინ თქვა, რომ მთელი მსოფლიო რუსეთს დაუპირისპირდა. თავად სანქციებს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა არ მიერთებია. ავიღოთ, ჩვენი მეზობელი თურქეთი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა. ის სანქციებს არ მიერთებია და რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას დღემდე აგრძელებს. ავიღოთ ისრაელი – ჩვენი მეგობრული სახელმწიფო, რომლის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ია. როდისმე გაგიგიათ, რომ ისრაელს ვაშინგტონთან შეუთანხმებელი პოლიტიკა ჰქონოდეს? სანქციებს არ უერთდება და არც იარაღს არ აწვდის. რატომღაც ასეთ ქვეყნებს აქვთ ამის უფლება და მცირე საქართველოს, რომელსაც ტერიტორიის 20%-ზე მეტი უკვე ოკუპირებული აქვს და რუსეთთან არაერთხელ უომია კიდეც, მის წინაშე დადგა პრობლემები. აქ ჩვენ მივდივართ ერთ მნიშვნელოვან რამესთან, რომლის შესახებაც სერიოზული პუბლიკაციები დაგროვდა. მაგალითად, ამერიკაში უკვე გამოძიება დაიწყო, რომ ჩამოგდებული ირანული დრონების შიგთავსის 82% ამერიკულია. ირანსაც ხომ აქვს ამერიკისგან სანქციები დაწესებული, მარტო რუსეთს ხომ არ აქვს… ირანული დრონების შიგთავსის 82% კი თურმე ამერიკულია! „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ძალიან საყურადღებო ინფორმაცია, რომ იარაღის საწარმოებლად საჭირო ელექტრონიკას რუსები ამერიკიდან, შვეიცარიიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან ყიდულობენ. ჩინეთი არ არის სანქციებს მიერთებული, მაგრამ დანარჩენი ყველა ქვეყანა, რაც ჩამოვთალე, ხომ მიერთებულია სანქციებს?! ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იარაღის ძირითადი მიმწოდებლები, ვინც უკრაინას იარაღს აწვდის, თითქმის ყველა ნატოს წევრია, ანუ ნატოს „ქოლგის“ ქვეშაა. საქართველო კი, სამწუხაროდ, ნატოს „ქოლგის“ ქვეშ არ არის. ძნელი წარმოსადგენია, თუ რამდენად მამაცები იქნებოდნენ ბალტიის, ან სხვა ქვეყნები, რომ მათ არ ჰქონდეთ ნატოს „ქოლგის“ დაცვა. ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი. დასავლეთის რეაგირება იყო „შეშფოთება და აღშფოთება“. მათ სანქციებიც კი არ დაუწესებიათ რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ მწარე გამოცდილება გვაქვს და ფაქტობრივად არც ნატოს „ქოლგა“ გვიცავს. ამიტომ თუკი არის ასეთი სცენარი, რომ უკრაინისათვის იარაღის მიცემის სანაცვლოდ, იარაღს ამერიკა მოგვცემს, ამერიკამ პირდაპირ უკრაინას მისცეს, მას ხომ უფრო სჭირდება მიმდინარე ომში რუსეთის აგრესიისაგან თავის დასაცავად.

“რუსეთის ელჩს საქართველოში ვერავინ დაიბარებს, რადგანაც ის არ არსებობს”

-ფაქტია, დიდი მონდომებაა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოც გაიჭყლიტოს.

-ცნობილია, რომ სააკაშვილის ოჯახმა თუ ნაცმოძრაობამ (ამას ახლა პრინციპული მნიშვნელობა არა ქვს) პიარკომპანია დაიქირავა, რომელიც სააკაშვილის და მისი პარტიის თემაზე მუშაობს. სხვა პიარკომპანიებიც ეყოლებათ დაქირავებული. ისინი წარმატებით მუშაობენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ახერხებენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას ევროპარლამენტში, ამერიკელ კონგრესმენებსა თუ სენატორებში. კიზინგერი დღეს მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი კონგრესმენია, მაგრამ გარკვეული ავტორიტეტი მაინც აქვს. თუმცა, არც ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც მას ჰქონდა, როცა ის კონგრესმენი იყო. ფაქტია, რომ საქართველოს საწინააღმდეგო პიარკამპანია მუშაობს. არ ვიცი, მმართველ ძალას – „ქართულ ოცნებას“, პიარკომპანია ჰყავს თუ არა დაქირავებული. თუ ჰყავს, რას აკეთებს? სადმე ვიგრძენით, რომ სადღაც მაინც გასულიყო საქართველოს, მისი დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი პუბლიკაცია; ან ერთ-ერთ, რომელიმე პოლიტიკოსს ევროპარლამენტში, ან ამერიკის კონგრესსა თუ ამერიკის სენატში, რაიმე ხმამაღლა ეთქვას საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად. მთავარია ერთი რამ: არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და არც ევროკომისიას საქართველო რაიმეში არ გაუმტყუნებია. ეს არის ის ოფიციალური ინსტიტუციები, რომელიც სერიოზულ მონიტორინგს უწევენ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ძალიან დიდ ნაწილს, იმისდა მიხედვით, თუ ვინ როგორ არის ამ კონფლიქტში ჩართული.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, დადასტურებული ფაქტია, რომ ლატვია ამერიკელებზე ჰყიდის ნავთობის ე.წ. „ლატვიურ ბრენდს“, რომლის 49% რუსული ნავთობია. ბრიტანეთიც ყიდულობს რუსულ ნავთობს, გერმანული, ნიდერლანდური და ბელგიური შუამავალი კომპანიებიდან. ილინოისის უნივერსიტეტმა, კერძოდ, კი ამ ცნობილი ამერიკული, პრესტიჟული უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოიკვლიეს და ევრონიუსმა გამოაქვეყნა, რომ 550 კომპანია ამერიკიდან, შვეიცარიიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, იაპონიიდან სანქციების მიუხედავად კვლავ განაგრძობს რუსეთში საქმიანობას. აი, სად არის პრობლემები. იმის ნაცვლად, რომ ამაზე ზრუნავდნენ ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსები, ხსენებული ლობისტური კომპანიების წყალობით, სამწუხაროდ, საქართველოზე უაზრო შეტევას განაგრძობენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიზინგერს უთქვამს იმის შესახებ, თუ რამდენჯერ დაიბარა რუსეთის ელჩი „ქართულმა ოცნებამო“. თუ ეს ინფორმაცია მართალია, მაშინ გამოდის, რომ მან, მისდა სამწუხაროდ, ისიც კი არ იცის, საქართველოში რა სიტუაციაა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და რუსეთს ელჩი 2008 წლის შემდეგ ვერ იქნებოდა ამ ქვეყანაში. ამიტომ, რუსეთის ელჩის დაბარება, ისიც ომამდე, შეეძლო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მხოლოდ 2012 წლიდანაა. ასე, რომ რუსეთის ელჩს საქართველოში ვერავინ დაიბარებს, რადგანაც ის არ არსებობს! ეს მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკოსებმა, ხშირად არც კი იციან, თუ აქ რა ხდება. მაგრამ მათი ცნობიერება ხომ უკვე მოწამლულია. აუცილებელია, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ გააძლიეროს, განსაკუთრებით, საერთაშორისო არენაზე პიარი – ან დაიქირავეს ლობისტური კომპანია, ან კი, თუ დაქირავებული ჰყავს, გააუმჯობესებინოს საქმიანობა, რათა გამოჩნდნენ სენატორებსა თუ კონგრესმენებში, ასევე ევროპარლამენტარებშიც ისეთნი, ვინც საქართველოს შესახებ სიმართლეს იტყვის.

ესაუბრა გიორგი გლოველი


“ჯორჯ ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა“ – მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

31 მარტი ისტორიული რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა

ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი “ჯულიარდის სკოლაში” ისწავლის

31 მარტის ამინდის პროგნოზი

გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

პოდკასტი