მარიხუანის ნაწილობრივი ლეგალიზაციის დამანგრეველი შედეგები

ბოლო წლებში კანაფის მოხმარებაზე კონტროლი მთელ მსოფლიოში შერბილდა და მისი პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

კანაფის პროდუქტების მიმართ საზოგადოების ლოიალურობამაც მოიმატა. ამ თემის შესახებ მრავალი არაერთგვაროვანი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ქვეყნდება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კი მარიხუანის მოხმარების ნეგატიურ მხარეებზე აქტიურად საუბრობენ.

“მარიხუანის სისტემატური მოხმარება საშიშია ჯანმრთელობისთვის. ის იწვევს აღქმისა და კოორდინაციის დარღვევას, აუარესებს მახსოვრობისა და დასწავლის პროცესებს, განსაკუთრებით კი საშიშია ახალგაზრდა, განვითარებადი ორგანიზმისთვის (მეხსიერების დაკარგვა, გონებრივი და ინტელექტუალური განვითარების შეფერხება და სხვ.). თანაც მარიხუანა ხშირად ხდება ერთგვარი ხიდი სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ჩატარებულია მრავალი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ის ადამიანები, ვინც სისტემატურად, გარკვეული სიხშირით მოიხმარენ მარიხუანას, გაცილებით ჩამორჩებიან თავიანთი გონებრივი მაჩვენებლებით, მეხსიერებისა და სწავლის უნარით იმ ადამიანებს, ვისაც ის არ მოუხმარია. თანაც ეს ჩავარდნები გონებრივი განვითარების მხრივ შეუქცევადია.’’

საქართველოში მარიხუანას მოხმარება 2017 წლამდე აკრძალული იყო. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით, რომლითაც ამ ნივთიერების “ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება” სამართალდარღვევას წარმოადგენს, სანქცია 500 ლარს შეადგენდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მუხლი გააუქმა, შედეგად მარიხუანას უშუალოდ მოხმარების პროცესი ლეგალური გახდა. ანუ, თუ მოხმარების დროს პოლიციამ დაგინახათ ან ტესტირებამ თქვენს ორგანიზმში მარიხუანა აღმოაჩინა, თქვენ ჯარიმა არ გეკისრებათ. სასჯელი გაუქმებულია 70 გრამამდე მოცულობის გამომშრალი მარიხუანას და ნედლის 100 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაზე.

მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია არ ნიშნავს ამ პროდუქტის სრულ ლეგალიზებას. ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში კვლავ რჩება ჩანაწერები, რომელიც მძიმე სანქციებს ითვალისწინებს. თუმცა, აღსანიშნავია რომ ლეგალიზაცია გამოსავალი არ არის, სახელმწიფოს პოლიტიკური ნება და რესურსები მიმართული უნდა იყოს ჯანმრთელი თაობების აღზრდისკენ.

ჩნდება კითხვა: რამდენად იყო მზად საზოგადოება, თუნდაც ნაწილობრივი ლეგალიზაციისთვის?

სახელმწიფოს არანაირი რეფორმა იმ პერიოდში არ გაუტარებია, ცნობიერების ასამაღლებლად მიზნობრივი ნაბიჯები არ გადაუდგამს, სატელევიზიო ეთერით ჯანმრთელობისთვის საშიში მცენარის უარყოფით თვისებებზე არ უსაუბრია. სამწუხაროდ, პირიქით, 2017 წელს, ჩვენ აქტიურად ვხვდებოდით “სამთავრობო” სატელევიზიო ეთერიდან სამედიცინო მარიხუანის დადებითი თვისებების პროპაგანდა-პოპულარიზაციას, რაც კარგად ავლენდა მთავრობის ინტერესს კანაფის კულტივაციის, როგორც მზარდი ბიზნესის მიმართ.

საზოგადოება, რომ არ იყო მზად ამ ცვლილებებისთვის, ეს კარგად ჩანს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 2019 წელს 16 წლის მოზარდებში მარიხუანის მომხმარებლების მაჩვენებლის დადგენას, რომელიც, შემდეგ, შეადარეს 2016 წელს ჩატარებულ იგივე კვლევას და სამწუხაროდ მივიღეთ შედეგი, რომ მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა 2019 წელს წინა წლებთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენიღბული დეკრიმინალიზაციის სახელით გამოცხადებულმა მცენარის ნაწილობრივმა ლეგალიზაციამ ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგები მოიტანა და მოზარდი, ყველაზე მოწყვლადი თაობა უფრო მეტად ჩაითრია და დააინტერესა ნარკოტიკის ამ სახეობით. ამიტომ, ლეგალიზაცია და დეკრიმინალიზაცია მკაცრად უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან. მარიხუანას მოწევისთვის ციხეში, რომ არ უნდა სვამდნენ ადამიანს, ეს ცალსახაა. დეკრიმინალიზაცია რეპრესიულ წნეხს მოხსნის და დაავადებული ადამიანი ციხეში არ ჩაჯდება, თუმცა პარალელურად უნდა არსებობდეს მძლავრი პრევენციული, საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო აქტივობები. დღესაც და 2017 წელსაც, მედიასაშუალებები და პოლიტიკური ჯგუფები ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით ნარკოტიკების მოხმარების მიზანმიმართულ პოპულარიზაციას ეწევიან, რაც ისეთივე დასჯადი უნდა იყოს, როგორც რეალიზაცია.

თუ რა შეცვალა 2017 წელს მარიხუანას ნაწილობრივმა ლეგალიზაციამ ჩვენს ქვეყანაში და იყო თუ არა გამართლებული ამ ცვლილების მიღება? ამ თემასთან დაკავშირებით მედია სააგენტო “24”-ს ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი, იურისტი გიორგი ბახტურიძე ესაუბრა:

“როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კანონო მიიღო, სამწუხაროდ მე ვერ ვნახე ვერც სამართლებრივი და ვერც სამედიცინო კავშირი კონსტიტუციის იმ მუხლთან, რომელსაც ასაჩივრებდა, ვთქვათ იგივე “გირჩი”, რაიმე პირდაპირი კავშირი ჰქონდეს, ადამიანის განვითარებასთან. ანუ ამ მსჯელობით და მათი მოთხოვნით გამოდის ისე, რომ ადამიანი ვერ განვითარდება თუ მას არ აქვს კავშირი ისეთ მძიმე ნარკოტიკთან, როგორიც არის მარიხუანა. ჩემი კრიტიკა სწორედ იმას ეხებოდა, რომ მსოფლიოში არცერთი საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს, რომელსაც მსგავსი აბსურდული გადაწყვეტილება მიეღო, თითქოს ადამიანის თავისუფალი განვითარების გზა მარიხუანას მოხმარებაზე გადის. არ ვიცი ეს სასამართლოს აწყობდა, ასეთი დაკვეთა იყო, თუ რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ ფაქტია სასამართლომ ასეთი აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო. პირდაპირ ვიტყვი ეს იყო დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, 70 გრამი არის ის რაოდენობა, რომელსაც, არც ისე ცოტა ადამიანისთვის შეუძლია ჯანმრთელობის პრობლემების მიყენება, ამის ლეგალიზაცია კი დანაშაულია. ’’

გიორგი ბახტურიძისთვის მიუღებელია ადამიანის მარიხუანის მოხმარების გამო ციხეში გაშვებით, მისი აზრით, ციხე არ არის გამოსასწორებელი ობიექტი და არც სამედიცინო დაწესებულება. შესაბამისად არანაირი ლოგიკა იმაში არ იყო, რომ იგივე მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანი ციხეში მიდიოდა, საუბარია მოხმარებაზე და არა კანაფის კულტივაციაზე და მის გაყიდვაზე. თუმცა, უფლებადამცველის თქმით, ასევე გვახსოვს, ექსპრეზიდენტს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მარიხუანას მოწევის ბრალდებით ადამიანებს როგორ იჭერდნენ.

“ციხეში ამოლპობის მეთოდს მთავრობა კარგად იყენებდა, პოლიტიკური ოპონენტების ან მათი ოჯახის წევრების გასანეიტრალებლად და თითქმის ცხრა წლამდე ციხეში ამყოფებდა. ამაზე შეთანხმდა საზოგადოება, რომ ეს არასწორი იყო და სახელმწიფომაც შესაბამისი გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და მოახდინა დეკრიმინალიზაცია, თუმცა ამით პროცესი არ გაჩერებულა და ამის შემდეგ წამოვიდა ლეგალიზაციის მოთხოვნა”, – ამბობს გიორგი ბახტურიძე.

მისივე შეფასებით, ეს იყო დეკრიმინალიზაციით შენიღბული პროცესი, რეალურად შემდეგ გამოჩნდა მთავარი ინტერესი – მასობრივად დაწყებულიყო საქართველოში სამედიცინო მარიხუანის წარმოება და შემდეგ ექსპორტზე გატანა. ეს მმართველი პარტიის ზოგიერთი დეპუტატის საჯარო გამოსვლებმაც ცხადყო მაშინ, თუმცა საპატრიარქოს მტკიცე უარყოფით პოზიციას წინ ვერ აღუდგნენ.

“ეს იყო ერთიანი მიზანმიმართული მოქმედებები მარიხუანას სრულ ლეგალიზებამდე. ტელეარხებით განსაკუთრებით ოდიოზური და შემდეგ უკვე სახელმწიფოსთან დაახლოებული მედია საშუალებებით დაიწყეს მარიხუანას პოპულარიზაცია და ისე წარმოჩენა, თითქოს მარიხუანას მოხმარება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილიყოს. აი, მანდ უკვე საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნები გაჩნდა. რეალურად მთავრობისთვის ეს იყო ბიზნესგეგმა, სახელმწიფოს უნდოდა თითქოს სამედიცინო მარიხუანას წარმოება და გატანა, თუმცა საპატრიარქოს და თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ჩართულობით, ეს პროცესი მაშინ შეჩერდა”, – ამბობს იურისტი.

საინტერესოა, რა მივიღეთ 2017 წლის შემდეგ ნაწილობრივი ლეგალიზაციით და რა შედეგი მოუტანა ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებას?

როგორც ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტმა გიორგი ბახტურიძემ მედია სააგენტო “24”-თან საუბრისას აღნიშნა, საზოგადოებას, რომელიც არანაირად მზად არ იყო ლეგალიზაციისთვის, სახელმწიფომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა. იმ მოწყვლად ჯგუფებს, მოზარდებს, რომლებიც ძალიან მარტივად ექცევიან გავლენების ქვეშ მომავალი გაუნადგურა. კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდებში მარიხუანას მოხმარება 2017 წლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი საინფორმაციო, საგანმანათლებლო და ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი სისტემა, მარიხუანის ლეგალიზაციაზე საუბარიც კი, დაუშვებელი იყო. ასეთ დროს, ხშირად მოჰყავთ ჰოლანდიის, პორტუგალიის და სხვ. ქვეყნების მაგალითი, სადაც საზოგადოება, განსაკუთრებით, კი ბავშვები ბაღიდან, შემდეგ სკოლის პერიოდიდან ჯანსაღ გარემოში იზრდებიან და სახელმწიფო ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პოპულარიზაციას. მოზარდები შესაბამის განათლებას იღებენ, ამის შემდეგ, მათ უბრალოდ ინტერესი არ აქვთ და არც მიდრეკილება რაიმე ნარკოტიკულ ნივთიერებაზე. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი არაფერი გვაქვს.

რა საფრთხეებს უქმნის მარიხუანას რეგულარული მოწევა ადამიანის ჯანმრთელობას ?

“უამრავი სამეცნიერო წყარო და მტკიცებულება არსებობს, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს და დამოუკიდებელ კვლევებში ვკითხულობთ, რომ უამრავი დაავადება, მათ შორის, მე მოგეხსენებათ თამბაქოს კონტროლის სპეციალისტი ვარ, ფილტვის კიბო, რომელიც პირველი ინდიკატორია თამბაქოს მოხმარების, უფრო ადრე ვითარდება, თუ ადამიანი სისტემატურად მოიხმარს მარიხუანას, ვიდრე მხოლოდ თამბაქოს მოხმარების დროს. რაც შეეხება, გონებრივ შესაძლებლობებს, თუ ადამიანი ადრეული ასაკიდან იწყებს ამ საშინელი პროდუქტის მოხმარებას, ადამიანის ინტელექტი მოზრდილობის პერიოდში, აუცილებლად, უფრო დაბალია ვიდრე მისი თანატოლის. ასევე ის ფსიქოზები, ნევროტიპული გამოხატულება, თავის ტვინის უჯრედების გამოშრობა და მრავალი სხვა, არის პირდაპირ კავშირში მარიხუანის მოხმარებასთან”, – განმარტავს გიორგი ბახტურიძე.

ნარკომანია საქართველოსთვის კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება, თუმცა მასთან ბრძოლა არ ნიშნავს ნარკომომხმარებლებთან ბრძოლას. ნარკომანიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი მეთოდი სწორედ დეკრიმინალიზაციაა და არა ლეგალიზაცია. ამ ცვლილებების პარალელურად, სახელმწიფომ აქტიურად უნდა ებრძოლოს ნარკოტიკს, როგორც მოვლენას, მის გაყიდვასა და გავრცელებას. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში, როგორც ყველა მოვლენის მიმართ, ამ შემთხვევაშიც მთავრობის ინტერესი მოქალაქეების ინტერესებზე მაღლა დგას, ამიტომ მომხმარებლების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე არავინ ზრუნავს, ისევე, როგორც ახალგაზრდებს არავინ იცავს ამ მავნე ნივთიერებისგან. სამწუხაროდ, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევა საკმარისი არ არის, სახელმწიფომ უნდა ინებოს და აქტიურად შეუწყოს ხელი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ავტორი ელენე ვადაჭკორია


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

,,მეტი სისხლი-მეტი სიცოცხლე“ -14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

პოდკასტი