ქართული თაფლი, ჩირი, სუნელები პარიზში საერთაშორისო გამოფენაზე გავიდა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველო პარიზში გამართულ საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე – Sial Paris 2022 წარდგა.
გამოფენამ, რომელიც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ უდიდესია, წლეულს 6000 კომპანია გააერთიანა. Sial Paris 2022-ს მონაწილეები, სასურსათო ბიზნესის ტენდენციების გასაცნობად, 200-ზე მეტი ქვეყნიდან ესტუმრნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ამ ქვეყნების ადგილობრივი წარმოების პროდუქცია: თაფლი, ჩირი, კაკალი, ჯემი, ცოცხალი ხილი, ბოსტნეული, სუნელები, ჩაი, ნატურალური წვენი, მინერალური წყალი და ლუდი.
როგორც პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“, წარმომადგენლები აცხადებენ, ქართველმა მონაწილეებმა პოტენციურ დამკვეთებთან ბიზნესკავშირები დაამყარეს, საქართველოს საექსპორტო პოტენციალი და საექსპორტო ბაზრის მრავალფეროვნება გააცნეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო გამოფენაში უკვე მეოთხედ მონაწილეობს, წლეულს კი ამის შესაძლებლობა 28 დასახელების საკვებისა და სასმელის მწარმოებელ ქართულ კომპანიას მიეცა.
ავტორი: თაკო ბოკუჩავა

