ომაზ ჩხეიძის აუხდენელი ოცნება – ტილო, რომელიც ვეღარ დახატა და 40 წუთში ჩატეული სათქმელი
“ფერწერა ჩემთვის არის სამშობლოს მოფერებისა და სიყვარულის გამოხატვის საშუალება.”
უხმაუროდ და უპრეტენზიოდ წავიდა კიდევ ერთი ქართველი შემოქმედი, მრავალმხრივ საინტერესო ადამიანი, მსოფლიო დონის ქართველი თვითნასწავლი მხატვარი, რომლის ტილოს საწყისი ფასი აუქციონზე, წლების წინათ, 50 000 ფრანკად შეფასდა.
დაგვტოვა და იმიერ საქართველოში გადავიდა კიდევ ერთი დიდებული ქართველი, გულმხურვალე მამულიშვილი, მრავალმხრივ ნიჭიერი, თვითნასწავლი ფერმწერი, მწერალი, მოჭადრაკე და მწვრთნელი… სწორედ ამ მრავალმხრივი ბიჭის გამო, ბავშვობაში ვუნდერკინდი შეარქვეს. მისი ძირითადი პროფესია იყო – ხიდების და გვირაბების მშენებელი ინჟინერი.
ის 1948 წლის 6 იანვარს ქალაქ ბორჯომში დაიბადა.
ომაზ ჩხეიძე წერდა: “სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ალბათ, უფრო სამწუხაროდ, ძალიან მრავალმხრივი ადამიანი ვარ. მწერალიც ვარ, მხატვარიც, ბილიარდშიც ვიყავი თავის დროზე მაესტრო, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ნაკრებში ვიყავი, ჭადრაკში ოსტატობის კანდიდატი ვარ და ლიცეუმში ვასწავლი, გიტარაზე ვუკრავ… პროფესიით ხიდების და გვირაბების მშენებელი ინჟინერი ვარ, თურქი მესხების საკითხის ექსპერიც გახლავართ. წიგნი “გახლეჩილი რწმენა” მათთვის დავწერე, რომ იცოდნენ ვინ არიან, ისტორიული სიმართლე რომ გავაგებინოთ”.
ბავშვობიდან ხატავდა ყოველ წუთს, ყველგან და ყველაფერზე – რვეულში, ფურცლებზე, წიგნებში, კედლებზე, მერხებზე, იატაკზე. იყო მოსწავლეთა შორის რესპუბლიკური და საკავშირო კონკურსების მრავალგზის წარმატებული მონაწილე…
სკოლის დამთავრების შემდეგ, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს სამხატვრო აკადემიის ნაცვლად საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა. ხიდების მშენებლის პროფესიის ათვისება სურდა. ჩააბარა და წითელ დიპლომზე დაამთავრა.
სწავლა ასპირანტურაში მოსკოვში განაგრძო, მაგრამ გული ვეღარ დაუდო სწავლას და მიატოვა, საქართველოზე ნოსტალგიამ ხელში ფუნჯი ააღებინა და საბოლოოდ მის ფესვებთან დააბრუნა… მისი სული მხატვრობას ეკუთვნოდა, გული კი – მამულს.
პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა 1988 წელს, მშობლიურ ქალაქ ბორჯომში, რომელიც დიდი წარმატებით ჩატარდა. გამოფენა წაიღეს თბილისში და მისი 4 ტილო: „გალაკტიონი“, „ექვთიმე თაყაიშვილი“, „ნონა გაფრინდაშვილი“ და „ძველი თბილისის ბოჰემა“ გაიგზავნა მოსკოვში, საკავშირო ფესტივალზე, სადაც 6 000 ექსპონატს შორის „გალაკტიონმა“ პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. ამ ტილოს შეძენის სურვილი გამოთქვა ტრეწიაკოვის გალერეამ და სიმფეროპოლის მუზეუმმა.
1989 წელს პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე სსრ კავშირიდან გაიგზავნა ომაზ ჩხეიძის სამი ტილო: „გალაკტიონი“, „ექვთიმე თაყაიშვილი“ და „ძველი თბილისის ბოჰემა“. ეს მგზავრობა მისი “გალაქტიონის” მორიგი წარმატებით დასრულდა. ამ ტილოს მიენიჭა გამოფენის უმაღლესი ჯილდო – გრან-პრი (30 000 მანეთი) და უფლება მოიპოვა გატანილიყო აუქციონზე, რომლის საწყისი ფასი იყო 50 000 ფრანკი (მაშინდელი კურსით 25 000 აშშ დოლარი). მაგრამ ნახატის გაყიდვაზე თავად ავტორმა თქვა უარი და “გალაკტიონი” დაუბრუნეს. როგორც ომაზ ჩხეიძე ამბობდა, ამ ტილოს ყველაზე დიდხანს, 3 წლის განმავლობაში ხატავდა.
“სამწუხაროდ, ბევრ ნიჭიერ შემოქმედსა და დიდებულ ადამიანს, რომლებიც იმედსა და თავიანთ აქტიურ სამოღვაწეო ფართო ასპარეზს დამოუკიდებელ საქართველოში ხედავდნენ, სწორედ ეს ასპარეზი შეუზღუდა, ან წაართვა ე.წ. დამოუკიდებლობამ (რეალური დამოუკიდებლობა კვლავ მოსაპოვებელი გვაქვს), რომელიც უღირსების კონტროლქვეშ მოექცა, ამიტომ ან “ჩარესცა” ან დააიგნორა… სულიერი ღირებულების გადაფასებას კულტურისა და ხელოვნების დამცრობაც მოჰყვა და კულტურის ყველა სფეროში შეიქმნა პარტია მადიდებელთა ელიტური ჯგუფები – მათი უმრავლესობა არაფრით გამორჩეული და სწრაფად წარმავალი…” – წერს სოციალურ ქსელში მხატვრის შემოქმედების თაყვანისმცემელი ლალი ბაქანიძე.
მისივე თქმით, ომაზ ჩხეიძეს, სამწუხაროდ, სამშობლოში ნაკლებად იცნობდნენ, უცხოები კი, შედევრების შემქმნელად აღიარებდნენ…
დამოუკიდებელ საქართველოში ომაზ ჩხეიძის პირველი და უკანასკნელი პერსონალური გამოფენა საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით სამების საკათედრო ტაძარში ჰქონდა 2009 წლის 10 – 15 დეკემბერს, რამაც უდიდესი წარმატებით ჩაიარა.
ომაზი ვეღარ მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში, თუმცა თბილისში გამართულ ვერნისაჟებში პირველ პრიზებს იღებდა. ის ხატავს მხოლოდ დიდ ერისკაცებს: „შოთა რუსთაველი და თამარ მეფე“, „ილია ჭავჭავაძე“, „ვაჟა ფშაველა“, „გალაქტიონი“, „გიორგი სააკაძე“, „ბექა და ბეშქენ ოპიზარები“, „ზაქარია ფალიაშვილი“, „ლადო გუდიაშვილი და ფიროსმანი“, „9 აპრილი“, „ოშკის მონასტერი ახმედ მელაშვილის ლანდით“, „დავით აღმაშენებელი“, „ივანე ჯავახიშვილი“.
მისი ტილოები გაჟღენთილია სამშობლოს დიდებით, სიყვარულით და უდიდესი პატრიოტიზმით.
მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ბატონი ომაზი დაინტერესებული იყო მაჰმადიანი ქართველებით. სწორედ ამას ეძღვნება მისი გახმაურებული ისტორიული რომანი „გახლეჩილი რწმენა“, რომლის მასალების მოსაძიებლად რამდენჯერმე იმყოფებოდა ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ტაო-კლარჯეთში.
ომაზ ჩხეიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: “მე ვერ ვხატავ სხვა რამეს, დავიწყე და ვერ ვაკეთებ. რა არის იცით ? ეს, რაც გულზე გაწევს იმას ხატავ… ვხატავდი გულით და არა ხელით. ამ გულმა კი, ვინც უყვარდა, ყველა დახატა”.
“2012 წელს, როდესაც ქვეყანაში ეროვნული ცნობიერების გაღვიძებისა და მომავლის იმედი გაჩნდა, დახატა… მაგრამ იმედმა რომ ჩაილურის წყალი დალია, ფეისბუქში მისი კედლიდანაც ჩანს და ინტერვიუებიდანაც….”, – წერს ლალი ბაქანიძე.
ომაზ ჩხეიძეს აწუხებდა საქართველოს აწმყო და აფიქრებდა მომავალი… გულს სტკენდა ქვეყნის მიმართ ჩადენილი ცუდი საქმეები, ისტორიული მტრების კულტურულ – ეკონომიკური ექსპანსიური პოლიტიკა, ხელისუფლების პასიური მამულიშვილური პოზიცია… ეს ყველაფერი მის ტოლებში პოულობს ასახვას. სოციალურ ქსელში თავის ველზე ამ შინაარსის სტატუსებს წერდა, თუმცა მისი ნამუშევრები ხშირად გამხდარა ქილიკისა და ლანძღვის საგანი.
“ფერწერა ჩემთვის არის სამშობლოს მოფერებისა და სიყვარულის გამოხატვის საშუალება… მხატვრები, როგორც წესი ხატავენ პორტრეტებს, ფიგურებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს, კომპოზიციებს. მე კი ტილოზე ვხატავ გაგანია სიყვარულს”, – წერდა ომაზ ჩხეიძე.
უკანასკნელ წლებში მძიმე დაავადებამ იჩინა თავი…
ამონარიდი 2015 წლის ინტერვიუდან:
“ახლა პარკინსონი დამემართა – ხელების კანკალი თანდათან მემატება… ამ საშინელი დაავადების “სქემაც” გავიგე, – თურმე ჩვენს ტვინში არსებობს უბანი, სადაც იქმნება ის საოცარი დოფამინი, რომელიც ჩვენს სხეულში მამოძრავებელ ძალად იგზავნება. როცა ამ უბანში უჯრედები კვდებიან, აღარც დოფამინი იქმნება და სხეულიც ნელ-ნელა გვეუბნება უარს მორჩილებაზე. მე ამის გაძლება არ შემიძლია, მას სიზმრებშიც ვებრძვი. განა მხოლოდ იმიტომ, რომ მჯაბნის. არა, მან ჩემი სიცოცხლის მთავარი მიზანი მოსპო – ვოცნებობდი, ამეღო დიდი ტილო და “ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტები დამეხატა. ახლა კი, თითქოს ჯიბრზე, როცა ხელები აღარ მემორჩილება, მთელი ჩემი “ვეფხისტყაოსანი” გონებაში საოცარი სიცხადით დავხატე. ამიტომ სიცოცხლეს ვდებ სასწორზე – ან ჩემი არსებობის მიზანი ავისრულო, ანდა სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს…”
ამიტომ გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება. უთქვამს, – თუ ექსპერიმენტმა გაამართლა და რაკეტაში ჩაჯდომა არ მომიხდა, ჩემი სიცოცხლის მიზანს ავისრულებ, “ვეფხისტყაოსანს” დავხატავო.
“მაშინ, ჯერ კიდევ შეიძლება ითქვას, ცოტა უკეთესად იყო, თუმცა უღონოდ. წამალი ჩვენ თვალწინ დალია, ცოტა მოძლიერდა. – ორმოცი წუთი მაქვსო, – იცოდა, რომ მალე ისევ უღალატებდა ჯანი. წამალმა მოქმედება დაიწყო, მან კი მოყოლა. ჰყვებოდა ისე ჩქარა, ისე ხარბად. მოსწრებაზე იყო თითქოს! … ჰყვებოდა თბილისის, მოსკოვის, პარიზის ამბებს… 40-წუთში უნდა ჩატეულიყო. კონკიას ზღაპრისა არ იყოს, 12 საათამდე რომ უნდა მოესწრო შინ დაბრუნება… ორმოც წუთში უნდა მოესწრო მთელი განვლილი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების მოყოლა. მონაყოლში ბევრი იყო წარმატებული, სიხარულით სავსე, ზოგჯერ მარცხით, ახალგაზრდული დაუდევრობით თუ სხვა მიზეზებით შუა გზაზე მიტოვებული საინტერესო პროექტები, სევდითა თუ იმედებით სავსე ამბები… იდეა ჰქონდა, სათქმელიც, მაგრამ ღალატობდა მარჯვენა, რითაც უნდა შეექმნა .. იქნებ შედევრიც?! ამ ასაკში, ამხელა გამოცდილებით აუცილებლად იტყოდა თავის მთავარ სათქმელს, მაგრამ… ტრაგედიაა, გქონდეს იდეა, გული გერჩოდეს და გღალატობდეს მარჯვენა. სწორედ იმ დროს, როცა ყველაზე ნაყოფიერი იქნებოდა შენი ნაშრომი. დასანანია! წავიდა მთავარი სათქმელის უთქმელად!”, – წერს სოციალურ ქსელში მაია ორთოიძე.
ომაზ ჩხეიძე 75 წლის ასაკში, 30 იანვარს გარდაიცვალა.
მედია სააგენტო “24” უსამძიმრებს ომაზ ჩხეიძის გარდაცვალებას სრულიად საქართველოს, ბორჯომელებს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ავტორი: შორენა პაპაშვილი
მონტაჟი: ლიკა მაჩხანელი