ლარსზე რუსეთის მხრიდან გზა გახსნილია, თუმცა შეზღუდვები მოქმედებს
მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსებისთვის “ზემოს ლარსის” საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოძრაობა რუსეთის მხრიდან აღდგა მას შემდეგ, რაც გზა თოვლისგან გაიწმინდა. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგანგებო ვითარებების სამინისტროში ადასტურებენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საქართველოს საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტის – “ზემო ლარსის” მიმართულებით მოძრაობა მთლიანად ჩაკეტა. ჩრდილოეთ ოსეთი საგანგებო სიტუაციების სამინისტროში მიზეზად უამინდობას ასახელებენ, რის გამოც, სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილება შეუძლებელი იყო. გზა დროებით დაიკეტა მხოლოდ რუსეთიდან გამსვლელთათვის.
როგორც ჩრდილოეთ ოსეთის მხარე იტყობინება, უხვი თოვლის გამო, საგუშაგოსთან მოძრაობა ხშირად იკეტება. არის ზვავსაშიშროება.
“გარდა ამისა, უღელტეხილი ძალიან საშიშია ზამთრობით, ამიტომ პერიოდულად, კვირაში ერთხელ გზის დაკეტვა მოსალოდნელია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გზა 2 თვით დაკეტილა და ტრანზიტული სატვირთოების 20-30-კილომეტრიანი რიგები ლარსიდან ბესლანამდე გადაჭიმულა. მსუბუქი ავტომობილები გაცილებით ცოტაა, სატვირთოების რაოდენობა კი, მკვეთრად გაიზარდა, არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, სავარაუდოდ სანქციები”, – აცხადებს ადგილობრივი ჟურნალისტი ზაურ ფარნიევი.
როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება, გაწმენდით სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აღდგა, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება აღარ არის. თუმცა, ამ მონაკვეთზე მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ გაუჩერებლად და ზვავსაწინააღმდეგო გვირაბების გავლით.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2 თებერვალს საღამოს ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საქართველოში ამინდის გაუარესების გამო, ვლადიკავკაზიდან სოფელ ლარსის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ მძღოლებს სხვა მარშრუტების არჩევა სთხოვა.
შორენა ღავთაძე