ძუძუთი კვება არ მოაკლოთ ბავშვებს, დედამ ჩვილს აუცილებლად თვალებში უყუროს: ფსიქოლოგი

ძუძუთი კვება არ მოაკლოთ ბავშვებს, დედამ ჩვილს აუცილებლად თვალებში უყუროს: ფსიქოლოგი ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა დედებს ურჩევს ჩვილებს ძუძუთი კვება არ მოაკლონ, კვებისას შვილს აუცილებლად თვალებში უყურონ, რადგან ჩვილმა დედის სახეზე სიხარულის და ბედნიერების შტრიხები მუდმივად დაინახოს.
“მინახავს დედა, ბავშვს ძუძუს აწოვებს, მაგრამ ტელეფონში იყურება. ასეთ დროს, არ არის კავშირი. სიხარულის, ბედნიერების შტრიხები შენს სახეზე სულ უნდა იყოს“, – აცხადებს ფსიქოლოგი და დედობრივი სიყვარულის მნიშვნელობასა და დედა-შვილს შორის განსაკუთრებული კავშირის საიდუმლოს ხსნის.
„დედის ხელი სჭირდებათ ბავშვებს. დედის მუცლად ყოფნა, სიმბიოზური კავშირი დიდხანს გრძელდება, უსასრულოდ გრძელდება, არასდროს არ სრულდება. არავინ არ იფიქროს, რომ ბავშვი ერთი კვირისაა, ერთი თვისაა და ვერ გრძნობს. მუცლად ყოფნის პერიოდში იდეალური სამყაროა უმეტეს შემთხვევაში, თუ რაიმე დიდი სტრესი არ აქვს მიღებული დედას. ამიტომ არის ნათქვამი, რომ ფეხმძიმე ქალს ძაღლიც არ შეუყეფსო“, – ამბობს ნანა ჩაჩუა.
მისივე თქმით, დედობრივი სიყვარულის ნაკლებობა იმას ნიშნავს, რომ ხელი ჰკარი შენს პირმშოს, შენს შვილს და გააგდე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მან საგნებთან და ფაქტებთან ადეკვატური დამოკიდებულებით, რომლებიც ცხოვრებაში შეხვდება, საკუთარი ცხოვრება უნდა შექმნას. შენ კი, გაუშვი იქეთკენ, რომ ვერ შექმნას ცხოვრება. ამიტომ საჭიროა სიყვარული.
“ჩაიკარით გულში შვილი, ამოიცანით მისი გრძნობა, აუცილებლად იგრძნოს, რომ სიყვარული და თანადგომა ყოველთვის იქნება თქვენი მხრიდან. ამით შეძლებ, რომ გაუშვა იმ საგნებში, იმ მოვლენებში, იმ ფაქტებში, რომლებთანაც ადეკვატური დამოკიდებულებით ის შექმნის ჭეშმარიტ ცხოვრებას,“ – გვირჩევს ნანა ჩაჩუა.
წყარო: „პოსტ ალიონი“

