“თუ გინდა მუსიკა შეინახო, ის ბავშვებს უნდა ასწავლო” – უკანასკნელი შეხვედრა ანზორ ერქომაიშვილთან

XX საუკუნის ბოლოს, როცა ძალიან მოდური გახდა იაფფასიანმა მუსიკა და მოზარდების ესთეტიკურ აღზრდას საფრთხე შეექმნა, “მართვემ” ხალხური სიმღერისკენ მოაბრუნა მომავალი თაობა.

ანზორ ერქომაიშვილი

ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის – “მართვეს” დაარსება ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის, საქართველოს სახალხო არტისტის – ანზორ ერქომაიშვილის სახელს უკავშირდება. 2018 წელს “მართვე” ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “რუსთავს” შეუერთდა, როგორც სტრუქტურული ერთეული.

“მართვეს” არსებობის მრავალი ათეული წლის განმავლობაში ათასობით ბავშვი ეზიარა მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერის ხელოვნებას. იმ პერიოდში საქართველოში თითქმის არ იყო ქართული ხალხური სიმღერის ბავშვთა ანსამბლები. უფრო მეტიც, XX საუკუნის ბოლოს, როცა ძალიან მოდური გახდა იაფფასიანმა მუსიკა და მოზარდების ესთეტიკურ აღზრდას საფრთხე შეექმნა, “მართვემ” ხალხური სიმღერისკენ მოაბრუნა მომავალი თაობა. ანსამბლის შემქმნელებმა პატარა მომღერლებს მნიშვნელოვანი მისია დააკისრეს, მათაც ღირსეულად იტვირთეს ეს მისია და შემდგომი მოზარდი თაობებისთვის იქცნენ სტიმულად – ზიარებოდნენ ქართულ ფოლკლორს.

“მართვეს” მთელ საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობენ. 2018 წელს, კულტურის სამინისტროში გადაწყდა, რომ საჭირო იყო ანსამბლი თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად განვითარებულიყო – მოიზიდოს მომავალი თაობა, დანერგოს ახალი სასწავლო დისციპლინები – გალობისა და საკრავიერი მუსიკის სახით. დახვეწოს შემოქმედებითი პროცესი, კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ქართული ხალხური მუსიკის, გალობისა და მრავალხმიანობის პოპულარიზაციას.

“მართვეს” დამაარსებელთან, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელთან – ანზორ ერქომაიშვილთან ჩაწერილი ეს ბოლო ინტერვიუა. ცნობილი ქართველი ფოლკლორისტი 2021 წელს გარდაიცვალა. მისი საუბრის ჩანაწერს, ამ წლების განმავლობაში ჩემს პირად არქივში ვინახავდი, ზოგიერთ ნაწყვეტს კი, ახლა, მედია სააგენტო “24”-ის საშუალებით “მართვეს” ისტორიის ჭრილში ვაქვეყნებ.

“1976 წელს, როდესაც ბიჭუნათა ანსამბლი “მართვე” იქმნებოდა, საქართველოში ბავშვები ხალხურ სიმღერებს არ მღეროდნენ, ისინი გატაცებულნი იყვნენ ძირითადად დასავლეთიდან ახალშემოსული საესტრადო, თუ ჯაზური მუსიკით, ხალხურ სიმღერებს კი ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მაშინ უკვე არსებობდა მოზრდილების ანსამბლები: “შვიდკაცა”, “გორდელა”, “რუსთავი”, მაგრამ ბავშვთა შორის არ იყო ხალხური სიმღერები პოპულარული. ამგვარად, იქცა “მართვე” ხალხური სიმღერების შემსრულებელი ბავშვების სამჭედლოდ”, – მითხრა ანზორ ერქომაიშვილმა.

მისივე თქმით, ერის კულტურული მემკვიდრეობა მაშინ ცოცხლობს, როცა მის მიმართ ინტერესი სწორედ ბავშვებში ინერგება, ბავშვობიდან იდგამს ფესვებს და ეროვნული იდენტობის განცდას აღვივებს.

“მართვემ” წლების განმავლობაში საკმაოდ გრძელი და საინტერესო გზა განვლო. ჩემს თაობას კარგად ახსოვს ქართული ხალხური სიმღერის სატელევიზიო გაკვეთილები, რომელსაც ანზორ ერქომაიშვილი უძღვებოდა, ხოლო მღეროდნენ “მართვეს” ბიჭები. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ბიჭები, ჩემსავით, ბევრი გოგონაც მჯდარა ტელევიზორის წინ და გულმოდგინედ იმეორებდნენ ხალხური სიმღერის გაკვეთილებს.

1976 წელს დაიბადა იდეა შექმნილიყო ბიჭუნათა გუნდი. მოგვიანებით პირველი რეპეტიციაც ჩაუტარდა 30-მდე ბიჭუნას. ხელმძღვანელებმა თავიდანვე განსაზღვრეს სწავლების მაღალი ხარისხის აუცილებლობა და მოიწვიეს ქართული სამუსიკო ხელოვნების თვალსაჩინო ლოტბარები, აწ განსვენებული კოტე მშვიდობაძე და რამინ მიქაბერიძე. რამდენიმე თვეში დამწყებმა მომღერლებმა უკვე დაახლოებით 3 ათეული სიმღერა შეისწავლეს. 1978 წლის 9 მაისს ტელევიზიით პირველი საკონცერტო ნათლობაც შედგა. გადაცემის მსვლელობისას მაყურებლების მონაწილეობით შეირჩა ბიჭუნათა ანსამბლისთვის სახელიც. გაიმარჯვა საგარეჯოელი დავით შაქარაშვილის იდეამ და ანსამბლს ეწოდა “მართვე”.

“ეს ბავშვები დიდი მომღერალი არწივების ბარტყები – მართვეები არიან”, – უთქვამს იდეის ავტორს.

ახალშექმნილმა “მართვემ” მალევე მოიპოვა პოპულარობა, მას თითქმის ყველა საზეიმო კონცერტზე იწვევდნენ, შედგა პირველი წარმატებული გასტროლებიც. 1980 წლიდან „მართვე“ უკვე დატვირთული საგასტროლო ცხოვრებით ცხოვრობს (ტაივანი, გერმანია, ჰოლანდია, რუსეთი, შვეიცარია, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრია, თურქეთი, ტაილანდი, ესპანეთი, სომხეთი, უკრაინა, ბულგარეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, აშშ, იტალია და სხვ.).

46 წლის წინ “მართვემ” სრულად შეცვალა საზოგადოებაში ეროვნული საგანძურის – ქართული ხალხური სიმღერის მიმართ ხალხის დამოკიდებულება. ახალგაზრდობამ დაიწყო სიმღერის შესწავლა და შესრულება. ერქომაიშვილს მიმდევრები გამოუჩნდნენ და უკვე სკოლებში იქმნებოდა ხალხური სიმღერების ანსამბლები, ეწყობოდა ფესტივალები სკოლის გუნდების მონაწილეობით. ვმღეროდით ბავშვები ბავშვური გულწრფელობით, გუნდურად და ხმაშეწყობილად. ქართულ ხალხურ სიმღერასაც ხომ ხმაშეწყობა უყვარს, სადაც გვერდში მდგომს უსმენ და არც წინ უნდა გაუსწრო, არც უკან ჩამორჩე.

“მართვემ” თავისი არსებობის მანძილზე 1 500 -ზე მეტი კონცერტი გამართა. მონაწილეობდა ბევრ ტელე და რადიოგადაცემაში. კინორეჟისორმა ზაალ კაკაბაძემ გადაიღო ფილმი “მღერის – მართვე”. ასევე, რეჟისორმა გია მატარაძემ შექმნა ფილმი “შვიდი ნოველა სიყვარულზე”, რომელშიც “მართვეს” ბიჭები მონაწილეობდნენ არა მხოლოდ მომღერლების, არამედ მსახიობების რანგშიც. გასული საუკუნის 80-იან წლებში ანსამბლის რამდენიმე ფირფიტა გამოიცა და არა მხოლოდ ეს, ანსამბლის სიმღერებით აღფრთოვანებულმა ერთ-ერთმა იაპონურმა კომპანიამ კომპაქტური დისკი გამოსცა. ანსამბლის 20 წლისთავზე კი, დაიბეჭდა წიგნი “მართვე”. 1994 წელს, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გამოსცა განკარგულება, “მართვეს” ბაზაზე შექმნილიყო ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორის ცენტრი.

1998 წელს ახალგაზრდებს შორის ხალხური სიმღერის პოპულარიზაციისა და საკონცერტო მოღვაწეობის მრავალი მუსიკალური ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატს – “მართვეს”, საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

2002 წელს, მოსკოვში გამართულ დიდ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “მართვემ” გრან-პრი მოიპოვა.

2011 წელს, თბილისში, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნა.

“დღეს საქართველოში თუ მომრავლდა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები, ეს “მართვეს” დიდი დამსახურებაც არის. ანსამბლის აღზრდილი თაობები უკვე თავიანთ შვილებს ასწავლიან ხალხურ სიმღერებს. ამგვარად აღდგა ოჯახური მუზიცირების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. იმ წლების განმავლობაში “მართვეს” წევრებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეძენილი მეგობრები ოჯახებით დაიმეგობრეს, ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება. მართვემ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აზიარა ქართულ სიმღერებს და ამით დიდი სამსახური გაუწია საქართველოს, მის კულტურას. დღეს სიმღერის სადავეები ხელთ ახალგაზრდებს უპყრიათ, ეს კი სიმღერის უკვდავებას ნიშნავს“, – მითხრა ანზორ ერქომაიშვილმა.

მისივე თქმით, იმ წლებში თბილისის N28-ე მუსიკალურ სკოლაში, რომლის დირექტორი თამაზ ანდღულაძე იყო, შეიქმნა ფოლკლორული ანსამბლი “ბიჭები”. ანსამბლის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდა მომღერლების მუსიკალურ განათლებაზეც იზრუნეს და იმავე N28-ე სკოლაში გაიხსნა მუსიკალური სასწავლებელი და სპეციალურად “მართვესთვის” საგუნდო განყოფილება. პატარა ხელოვანებს საშუალება ჰქონდათ ძირფესვიანად დაუფლებოდნენ ხელოვნების ამ სფეროს.

“მართვეში” აღზრდილმა ბევრმა ყმაწვილმა პროფესიული მუსიკალური განათლება ჯერ მუსიკალურ სკოლაში მიიღეს, ხოლო შემდეგ ბევრმა მათგანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, კულტურის ინსტიტუტი და სხვა მუსიკალური სასწავლებლები დაამთავრეს. დღეს ისინი თვითონ აყალიბებენ გუნდებს, ასწავლიან ბავშვებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. “მართვემ” თავისი სიმღერებით სიყვარული დაამკვიდრა.

“თუ გინდა მუსიკა შეინახო, ის ბავშვებს უნდა ასწავლო. ამიტომ ჯერ ბავშვებისთვის უნდა გვესწავლებინა ეს სიმღერა, რომ ბავშვებს შეჰყვარებოდათ ის. დღეს, ასეთი პოპულარული თუ არის ახალგაზრდებში ხალხური სიმღერა, ეს “მართვეს” ძალიან დიდი მადლია. შეიძლება ითქვას რომ “მართვემ” მთელი ეპოქა შექმნა, ის საეტაპო ანსამბლია. თბილისის არტოს ბაღში, სადაც “მართვე” მეცადინეობდა, აქვე იყო ანსამბლი “რუსთავიც”, რომელიც საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიაა. ასე, მივიღეთ ასეთი დიდი ერთეული, მუსიკალური წარმონაქმნი”, – აცხადებს ანზორ ერქომაიშვილი.

წარმატების გზაზე…

ცნობილი ქართველი პოეტი მურმან ლებანიძე “მართვეს” შესახებ წერდა: “ქართველის გული სიამაყით ივსება, ჩვენს ზღაპრულ სიმღერებს რომ გაიგონებს, ხოლო სიამაყე ასკეცდება, როცა ეგ სიმღერა ყმაწვილისგან გვესმის ისე მწყობრად, შთაგონებით, ისე კვალიფიციურად, პროფესიულად შესრულებული, როგორც ამას “მართვეს” ბიჭები სჩადიან. როცა წარმოვიდგენთ, როგორი ექსტაზით უკრავენ ტაშს ჩვენს ყმაწვილებს უცხოეთში, გული ივსება იმედით, რომ ოდესმე მსოფლიო ცნობს ჩვენს შექმნილ ფასეულობებს და დააფასებს მათ”.

ისტორიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე კი მიიჩნევდა, რომ “მართვეს” სიმღერა ბავშვებს უვითარებს ერის ისტორიის სიყვარულს, ეროვნული კულტურის მიმართ სიამაყის გრძნობას და ეროვნული კულტურისადმი განსაკუთრებულ სათუთ დამოკიდებულებას. იმავე დროს კი ემსახურება ახალგაზრდა თაობის ესთეტიკურ აღზრდას.

“მართვეს” დიდ გულშემატკივრებს შორის იყო კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე, რომელიც ამბობდა, რომ “მართვეს” სიმღერებს უცრემლოდ ვერ ისმენდა. „მართვე“ არის მეგობრობის სამჭედლო”, – ამბობდა იგი.

“მართვემ” პოპულარობა შექმნიდან ორ წელიწადში მოიპოვა. პირველი გასტროლები 1978 წელს ერევანში შედგა, სადაც მუსიკალურ ფესტივალზე ანსამბლი დიდი წარმატებით გამოვიდა. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო დუბაიში გამართულ ფესტივალში, სადაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით საბავშვო ანსამბლები გამოდიოდნენ. “მართვემ” დაიპყრო დუბაი, – წერდა იქაური პრესა.

1980 წელს იყო გასტროლები პოლონეთში, სადაც მუსიკალურ ფესტივალზე ქართველი მომღერალი ბიჭუნები 58 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამოვიდნენ და მათ გამოსვლას სპეციალისტებმა “ფანტასტიკური” უწოდეს. “მართვე” ნორჩია, მაგრამ უკვე მოასწრო მსმენელის დაპყრობა”,- წერდა პოლონური პრესა.

ანსამბლს გამოსვლები ჰქონდა გერმანიაში, იაპონიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში.
“მართვეს” სიმღერის მოსმენის შემდეგ საქართველოს ნახვა ოცნებად ექცა ბერლინის რადიოს ბავშვთა გუნდის ხელმძღვანელს, პროფესორს მანფრედ როსტის, რომელიც წერდა, რომ სურდა ენახა ის ხალხი, რომლებმაც ასეთი მდიდარი სასიმღერო ფოლკლორი შექმნეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია “მართვეს” იაპონური გასტროლები, როდესაც ქართველმა ბავშვებმა ცნობილ იაპონურ ანსამბლ “იამასიროგუმთან” ერთად შეასრულეს სიმღერა “აკატომბო” (ჭრიჭინა) და ქართული “ჩემო კარგო ქვეყანა”, ამ სანახაობამ იმდენად შეძრა მაყურებელი მაშინ, რომ ბევრი მათგანი ატირდა, იაპონური პრესა კი წერდა, – “ჰარმონიის მშვენიერებისა და სილამაზის გამომხატველი ქართული ანსამბლი “მართვე”, ასრულებს პოლიფონიის იშვიათ ნიმუშებს”.

„მართვე“ თავის ავტონომიას “რუსთავთან” გაერთიანების შემდეგაც ინარჩუნებს. ამ გაერთიანებას ფინანსური საფუძველი აქვს. ორივე ანსამბლს თავისი ხელმძღვანელი და დირექტორი ჰყავს.

“ცოტა ხანში ჩვენ ვნახავთ რომ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, არტოს ბაღში, გაჩნდება არაჩვეულებრივი ფოლკლორის ცენტრი, სადაც მშობლებს ექნებათ საშუალება, მოიყვანონ თავიანთი შვილები, ძალიან კარგი მუსიკალური განათლების მისაღებად და იმისთვის, რომ ეზიარონ ქართულ ფოლკლორს”, – ასეთი იყო ანზორ ერქომაიშვილის მოლოდინი და სურვილები.

შეაყვარეთ შვილებს ქართული ფოლკლორი, ყველა მომღერალი ვერ იქნება, მაგრამ კარგი მსმენელი ძვირად ფასობს.

“მართვეს” ერთ-ერთი წევრი, გიორგი ჯავახიშვილი, რომელიც ანსამბლში 6 წლის ასაკიდან მღერის ამბობს, რომ აქ, არა მარტო სიმღერას სწავლობს, არამედ მეგობრობას, ზრდილობას, ვაჟკაცობას.

“სახელი „მართვე“ ჩემში სიხარულის ბედნიერების და სიამაყის განცდას ტოვებს. ის ჩემი მეორე სახლია, რომელშიც ყოფნა სულ მსურს. დიდ პასუხისმგებლობას და სიხარულს ვგრძნობ რადგან მე ანზორ ერქომაიშვილის ჩამოყალიბებულ ანსამბლში ჩოხა მაცვია და ვმღერი. დიდი სიამაყით ვატარებ, გავაგრძელებ პირველი “მართვეს” და ანზორ ერქომაიშვილის დანატოვარს”, – ამბობს გიორგი ჯავახიშვილი.

ის, რომ დღეს საქართველოში მომრავლდა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები, ცხადია მრავალწლიანი ტრადიციის მქონე “მართვეს” დამსახურებაც არის. ანსამბლ „მართვეში“ გაზრდილმა ასეულობით ახალგაზრდამ თავის შვილებს შეასწავლა ხალხური სიმღერა და ამით აღადგინა ოჯახური მუზიცირების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. ანსამბლი მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატია. “მართვემ” თაობები აღზარდა და ერთი დიდი ეპოქა შექმნა. არაერთმა აღზრდილმა თავის პროფესიულ საქმიანობად სწორედ ხალხური სიმღერის, ცეკვის და საეკლესიო მუსიკის შესწავლა და შესრულება არჩია.

***
ძველად, საქართველოში, ყმაწვილს საგანგებოდ წვრთნიდნენ, მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას უსაგნო, განყენებული დიდაქტიკის გარეშე უნერგავდნენ (საქართველოს მთიანეთის ზოგიერთ სოფელში უხუცესი კაცები თავშეყრის ადგილას მისულ 10-12 წლის ყმაწვილს ფეხზე წამოუდგებოდნენ, საბაასოდ მიიწვევდნენ, ყურადღებით მოუსმენდნენ). როგორც ჩანს, ბავშვის აღზრდაში, მისი გემოვნების დახვეწაში ხალხური სიმღერის შესწავლასაც გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ძველი დროის მატიანეებსა თუ სასულიერო შინაარსის ნაწარმოებებში ბევრი საინტერესო ცნობაა დაცული.

ბასილი ეზოსმოძღვრის (XII-XIII სს) გადმოცემით, მეხრე ბიჭებს მიწის ხვნის დროს გუთნურ სიმღერებში თამარ მეფის საქებარი ლექსების ჩართვა ჰყვარებიათ. უფრო ადრე, ეტყობა, საქართველოში ბავშვთა მუსიკალურ აღზრდას მწყობრი, ორგანიზებული სახე მიუღია.

XI საუკუნის ავტორი გიორგი მცირე მოგვითხრობს, თუ როგორ წაიყვანა დიდმა ქართველმა მწიგნობარმა გიორგი მთაწმინდელმა (1009-1065) საქართველოდან ბიზანტიაში 80 მგალობელი ობოლი ბავშვი, რომელთა “ბერძნულსა გუარსა ზედა” გალობამ კეისრის კარი მოხიბლა.

ქართული ხალხური სიმღერების შენახვა-აღორძინებას დიდად შეუწყო ხელი ოჯახური მუზიცირების მრავალსაუკუნოვანმა ტრადიციამ. ამ ტრადიციით არის ნასაზრდოები დიდი ქართველი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის შედევრი „იავნანამ რა ჰქმნა“. უცხოობაში გაზრდილი პატარა გოგონას ცნობიერებაში იმედის სხივივით იჭრება დედის ნამღერი იავნანა და ყოველივე, რაც დავიწყებული იყო, ნაცნობ, მშობლიურ ელფერს დაიბრუნებს.

წინათ ბავშვი მშობლიურ ჭერქვეშ ეუფლებოდა სიმღერებს, შემდეგ კი, როცა დავაჟკაცდებოდა, მათ თვითონ გადასცემდა ახალ თაობას.

“მართვეს” ერთ-ერთი კონცერტის გამოძახილი ევროპულ პრესაში:

“პოლიფონიურობით, დახვეწილობითა და თვითმყოფადობით გამორჩეული ქართული საგუნდო მუსიკა, ისევე უძველესია, როგორც ეს ქვეყანა”.

შორენა პაპაშვილი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი