სასულიერო პირები ჯარში გაწვევას ვეღარ გადაავადებენ
სასულიერო პირი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით, აღარ ისარგებლებს. აღნიშნულ აკრძალვას „თავდაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.
მთავრობის განმარტებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების მიმდინარე საფუძველი, სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით განვითარებულ ხედვებს, არ ეწყობა.
„ეფექტიანი თავდაცვის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი და მიდგომა, რაც გულისხმობს ეროვნული რესურსების მთელი პოტენციალის მზადყოფნასა და მობილიზების უნარს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავდაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის სარეზერვო სამხედრო სისტემის სრულფასოვნად ამოქმედებას. ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და ტოტალური თავდაცვის პრინციპის გათვალისწინებით, ინერგება ახალი სარეზერვო სისტემა. ამ სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეზერვის დაკომპლექტება, როგორც სამხედრო მომზადების მქონე პირებისაგან, ასევე პირებისაგან, რომლებსაც ექნებათ სპეციალური არასამხედრო უნარჩვევები, რომლებიც გააუმჯობესებს რეზერვის მართვის პროცესებს, განსაკუთრებით, კრიზისულ პირობებში“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
სალომე ხომასურიძე