2-წლიანი ძებნის შემდეგ, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი ბადრი ესებუა დააკავეს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი – 34 წლის ბადრი ესებუა, რომელმაც მძევლების სიცოცხლის სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გაიტაცა, 2-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბადრი ესებუა, სამეგრელოში დააკავეს, სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ასევე, ტერორისტული აქტისა და ტერორისტული მიზნით, მოქალაქეების იძულებით მძევლად ხელში ჩაგდება. აღნიშნული პირის დანაშაულები, 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის ზუგდიდის „საქართველოს ბანკში“ ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა, 43 მძევალი აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა. მოლაპარაკება 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდამსხმელი მძევლებს ეტაპობრივად ათავისუფლებდა, ღამით კი სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ დირექტორთან, ავთანდილ გალდავასთან ერთად ბანკი მანქანით დატოვა.

26 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაადგინა თავდამსხმელის ვინაობა და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

“გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში თავდამსხმელის შესვლის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება მოხერხდა. დამნაშავე მიიმალა. დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი