“ტყუილია, თითქოს ირაკლი ამირეჯიბის ცხედართან პატივისცემის ნიშნად მივიდნენ მოწინააღმდეგეები”
აფხაზეთის ომის ქრონიკებიდან
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ეპიზოდის შესახებ წერს, თუ როგორ გამოიტანეს თანამებრძოლებმა დაღუპული ირაკლი ამირეჯიბის ცხედარი ბრძოლის ველიდან, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად.
ცნობილი ქართველი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის უმცროსი ვაჟი – ირაკლი ამირეჯიბი ტამიშის ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრა სნაიპერმა. 1963 წლის 29 აპრილს დაბადებული ირაკლი, მაშინ, სულ რაღაც, 29 წლის იყო.
“ირაკლი ამირეჯიბი ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრა სნაიპერმა. არსებობს კადრები, სადაც ისმის კიდეც მეომრის ხმა, რომელიც ირაკლის სთხოვს, დაიხაროს, მაგრამ ის არ დაიხარა. მას სნაიპერის ტყვია მოხვდა. მისმა თანამებრძოლებმა ის ტამიშის გაის შენობის უკან ბუჩქებში დაასვენეს, რადგან ვერ გამოჰყავდათ. ირაკლი ამირეჯიბის ცხედრის გამოყვანა ორმა ჯგუფმა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, ოპერაციის დროს ჯერ ერთ ჯგუფს დაეღუპათ მეომარი და უკან დაბრუნდა, მერე მეორე ჯგუფს დაეღუპა მეომარი და ეს ჯგუფიც უკან დაბრუნდა.
ირაკლი ამირეჯიბის ცხედარი ბრძოლის ველიდან გამოიყვანა ჩემმა ძმამ, თამაზ ფანჩულიძემ, რომელმაც თავის 50 კაციან ჯგუფთან ერთად დაგეგმა ეს ოპერაცია და ბრძოლით შეძლო ირაკლის ცხედრის გამოყვანა. ის, რომ თურმე ირაკლი ამირეჯიბის ცხედართან პატივისცემის ნიშნად მივიდნენ მოწინააღმდეგეები, არის ტყუილი. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ცხედართან მისვლა ბრძოლა-ბრძოლით მოუწიათ თამაზის და მის ჯგუფს და იქიდან გამოყვანაც ურთულესი იყო, მაგრამ უკვე ნახევარი გზა რომ გავლილი ჰქონდათ, აფხაზებმა ეტყობა დაინახეს, რომ ჩვენ ბიჭებს ცხედარი მოჰყავდათ ტანკზე დადებული და შეაჩერეს სროლა, მაგრამ ჩვენს მეომრებს უკან დასაბრუნებელი გზა უკვე ნახევარი დიდი ბრძოლის შედეგად გავლილი ჰქონდათ. ამ სამხედრო ოპერაციის დროს თამაზ ფანჩულიძეს მხოლოდ ერთი მეომარი დაეჭრა.
ჩემი მეუღლეც და ძმაც აფხაზეთის ომში წინა ხაზზე იბრძოდნენ.ვთვლი, რომ ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. ეს დიდი შეცდომა იყო, მაგრამ უნდა ხმამაღლა ითქვას, რომ ჩვენი ბიჭების გმირული ბრძოლა და თავდადება არნახული იყო აფხაზეთის ომის დროს! ღმერთმა გაანათლოს ირაკლის უშიშარი, ულამაზესი სული!”, – წერს მაია ბათიაშვილი.
სტატუსს მოქალაქეების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა:
“ის ომიც ავანტიურა იყო, ისევე როგორც ყველა ომი. გაწყვიტეს საჯიშე ბიჭები”.
“შერჩათ ყველაფერი ამ ომის წამომწყებებს. ზოგი პანთეონშია დაკრძალული და ზოგი კი ჭკუას გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ”.
“უსამართლო ომი, ჩვენი ბიჭები ფაქტობრივად რუსეთის საუკეთესოდ შეიარაღებულ არმიას ებრძოდა (იმ დროისათვის ), არაპროპორციული ძალების შეფარდება. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა სამშობლოსათვის გულანთებულ ბიჭებს”.
“ზუსტად ამ ხალხის დავიწყებაზე და მეხსიერებიდან ამოშლაზე, ხოლო შემდგომში დიდი ალბათობით, მათ მოღალატეებად და მაროდიორებად შერაცხვაზე მუშაობს პრო-რუსული ძალები”.
აფხაზეთის ომის გმირი, ირაკლი ამირეჯიბი თბილისში დაიბადა. დაამთავრა N161-ე საშუალო სკოლა. ირაკლი, ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი შვილი იყო. გამორჩეული გარეგნობის გამო, მთელ თბილისს უყვარდა. სამხედრო განათლება ლიტვაში მიიღო და საზღვარგარეთ მუშაობდა. აფხაზეთის ომის დროს თბილისში დაბრუნდა. ტელევიზიით შეიტყო, რომ ომში მისი მეგობარი ლევან აბაშიძე დაიღუპა და იმ დღესვე წავიდა საბრძოლველად.
“ომის ყველას ეშინია, მაგრამ ვაჟკაცობა ის არის, შიშს რომ აჯობებ”, – ამ სიტყვებით გამოემშვიდობა დედას და სამუდამოდ წავიდა.
ირაკლი ამირეჯიბზე მისი მეგობრები ამბობენ, რომ აფხაზეთში აფხაზებს კი არა, იმ უგუნურებას ებრძოდა, რამაც ეს საზარელი, ძმათამკვლელი ომი გააჩაღა. ამასთან დაკავშირებით სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაური, მწერალი მიხო მორჩილაძე ერთ საოცარ ეპიზოდს იხსენებს ირაკლის საბრძოლო ცხოვრებიდან:
“ერთხელ, დაზვერვაზე ყოფნისას თავისიანებს რაციით გამოძახებაზე პასუხობდა. ლაპარაკში მოწინააღმდეგის მზვერავიც ჩართულა, ალბათ იმ სასწაულებრივი მიზეზით, რომ ორივეს მედესანტეების საველე მეტსახელი ჰქონდა. ირაკლის შეუთავაზებია, დილის ხუთ საათზე ტამიშის ხიდთან შევხვდეთო. პირველი თავად მისულა, მოვედიო, ხმამაღლა დაუძახია. ის მეომარიც გამოსულა საფარიდან. ერთმანეთს გადახვევიან და, ვინ იცის, რა ისაუბრეს – ეს შეხვედრა ხომ სიცოცხლისა და მშვიდობის სახელით მოხდა და არა მტრობის და სისხლისღვრის წყურვილით”.
ირაკლი 1992 წლის 1 ოქტომბერს ჩაირიცხა სადესანტო-სადივერსიო ბატალიონში დაზვერვის მეთაურის მოადგილედ. მას გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური ლიტვაში – სადესანტო ნაწილებში. სწორედ იქ ისწავლა უმძიმეს განსაცდელთან თვალის გასწორება, სამხედრო საქმის მრისხანე სიბრძნე და ვაჟკაცობის ფასი…
სადესანტო-სადივერსიო ბატალიონი, საგურამოში, ხანმოკლე საწვრთნელი შეკრების შემდეგ, სოხუმს გაფრინდა, საიდანაც ოჩამჩირეში გადაიგზავნა. აქ იყო მისი დისლოკაციის ადგილი.
ირაკლი თითქმის ყოველდღე გადიოდა მტრის ზურგში, აგროვებდა სადაზვერვო მონაცემებს, იბრძოდა. მონაწილეობდა სოფელ ბესლახუბას გათავისუფლებაში, მონაწილეობდა მერკულას დაცვაში, სოფელ შრომის გათავისუფლებაში, ოხურეის დაცვაში, რევას აღებაში, ლაბრას დაცვაში, ოჩამჩირის დივერსიული ჯგუფის განიარაღება-დაკავებაში. 26 ოქტომბერს მტრის სადივერსიო ჯგუფთან შეტაკებისას დაიჭრა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია.
ამ ბრძოლისათვის გამოუცხადეს მადლობა და სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინეს. სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის ყოფილი მეთაური მიხო მორჩილაძე წერს:
,,ირაკლი ლამაზად იბრძოდა, გახსნილად იბრძოდა, თანამებრძოლებზე ზრუნავდა მუდამ. ეს ერთი შეხედვით ელემენტარული ამბავია, ეს ასეც უნდა იყოს ყოველთვის, მაგრამ ირაკლის სულში, ყველა ეს თვისება ერთგვარი წესრიგით იყო თავმოყრილი. ირაკლი, ისტორიული სარაინდო წიგნებიდან ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოსული, მამაცი მებრძოლი იყო, რომელმაც მთელი ფრონტის ხაზზე,მოკლე ხანში, გასაკვირველი სახელი დაიდო. ირაკლი, განსაცდელში ჩავარდნილი უცნობი ადამიანების სიცოცხლეს შეეწირა, – ფრანგი ჟურნალისტი უკვე უსაფრთხო ადგილას ჰყავდა გაყვანილი. ის, რაც ირაკლიმ გააკეთა – გმირობაა. მოკვდა ლამაზი და სუფთა სიკვდილით”…
ირაკლი ამირეჯიბის დაღუპვასთან დაკავშირებით აქამდე სხვა ისტორია იყო ცნობილი. კერძოდ, ტამიშთან, 17 ნოემბერს, საშინელი ბრძოლების შემდეგ, მხოლოდ 19 ნოემბერს მოახერხეს ქართველმა მებრძოლებმა მისი შტაბში გადმოყვანა. იმ დროისთვის უკვე მოწინააღმდეგის ბანაკშიც იცოდნენ ირაკლის ამბავი…
შემოგვითვალეს – “შეიძლება მოვიდეთ და მიცვალებულს პატივი მივაგოთო?”
– ჩვენ დავთანხმდით.
თეთრი დროშებით მოვიდნენ, მისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. ვაჟკაცური გულწრფელობით მოგვისამძიმრეს.
8-10 ივნისი, 1998 წელი. ინტერვიუ აფხაზ სნაიპერ ქალთან, ეკა ახალაიასთან:
_ ვაჟკაცი ქართველი არ შეგხვედრიათ?
_ არა, იყვნენ, როგორ არა. აი, თქვენი მწერალი რომ არის, ამირეჯიბი, მაგისი ბიჭი იბრძოდა აქ, ჩვენს წინააღმდეგ, თბილისელების ბატალიონში. მაღალი, ლამაზი ბიჭი იყო… ვეფხვივით იბრძოდა. ნადირობდნენ ჩვენები მასზე… დაიღუპა. მაშინ ჩვენები, თეთრი დროშით გადავიდნენ მტრის პოზიციაზე, მიუსამძიმრეს ბატალიონს, ომი ომიაო, მოუბოდიშეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და გაამაგრეს თავისი პოზიციები._ როგორ მოკლეს?
_ ლიტველმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. ძალიან მოსწონებია და დანანებია, ასეთ სილამაზეს როგორ უნდა ვესროლოო, თუმცა მერე გვითხრა, ამაში ხომ ფულს მიხდიდნენო… და უსვრია”.
როგორც აფხაზეთის სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის მეთაური, მწერალი მიხო მორჩილაძე იხსენებს, ერთხელ დახარა თავი ირაკლიმ, ერთადერთხელ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანიდან დაჭრილი გადმოეყვანა და ტყვია სწორედ მაშინ მოხვდა.
მაშინ, ირაკლი ამირეჯიბის სიკვდილმა, მთელი საქართველო შეძრა.
შორენა ღავთაძე