“წუწურაქი! ცოტა უფრო დიდი როლი შემოეთავაზებინა” – “მონანიებაში” ვერიკო შემთხვევით მოხვდა
ცნობილი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე თენგიზ აბულაძის ფილმ “მონანიებაში” რამდენიმე წამიან ეპიზოდში გადაიღეს, რაზეც მსახიობი “განაწყენებულა”. მაგრამ ეს მცირე ეპიზოდი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელ ფილმს იტევს.
აი, რას წერდა თავად ვერიკო ფილმის შესახებ თავის დღიურებში, კერძოდ, წერილში, რომელსაც დიდი ხნის წინ გარდაცვლილ მეუღლეს, ცნობილ რეჟისორს, მიხეილ ჭიაურელს წერდა:
“ოჯახში ყველაფერი რიგზეა, ძალიან მენატრები, მიყვარხარ! გაგიკვირდება, თენგიზ აბულაძე, ვგონებ შენი მოწაფეა, თავის ფილმში როლს მთავაზობს. არა, როლი უნდა ნახო, სულ ერთი ფრაზა -“რა საჭიროა გზა, თუ ტაძართან არ მიმიყვანს?”. ეგ წუწურაქი, ეგა! შეეძლო ჩემთვის ცოტა უფრო დიდი როლი შემოეთავაზებინა. არა, თუ შენ წინააღმდეგი ხარ, არ ვითამაშებ. თუმცა, რატომ გეკითხები? მაინც ხომ ისე გავაკეთებ, როგორც მე მინდა?”…
6 თებერვალს მიხეილ ჭიაურელის დაბადების დღე იყო.
აღსანიშნავია, რომ თენგიზ აბულაძის ფილმი მონანიება, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ, 2021 წელს დაბრუნდა. ფილმის პრემიერა ფესტივალზე 1987 წელს შედგა.
მონანიება კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო სექციაში – “კანის კლასიკა”, სადაც მსოფლიოს კინოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს სურათებს ხელახლა, ამჯერად ციფრულ ფორმატში აჩვენებენ.
“მონანიება” 1984 წელს გამოვიდა ფართო ეკრანებზე და აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. თბილისის “რუსთაველის” კინოთეატრში ფილმის პრემიერამ დაუვიწყარი ანშლაგით ჩაიარა. კანის კინოფესტივალზე ფილმმა 3 ჯილდო მიიღო: ჟიურის სპეციალური პრიზი, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია “ფიპრესი” და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმმა 1988 წელს ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაც მოიპოვა.
ფილმში მთავარ როლებს ავთანდილ მახარაძე, ია ნინიძე, მერაბ ნინიძე, ზეინაბ ბოცვაძე, კახი კავსაძე, ქეთევან აბულაძე, ლეო ანთაძე და სხვები ასრულებენ.
”ვედრებისა” და ”ნატვრის ხის” შემდეგ ”მონანიება” იყო რეჟისორ თენგიზ აბულაძის ტრილოგიის დასასრული… ფილმი 1984 წელს უკვე გადაღებული იყო, თუმცა დრამა ეკრანებზე მოგვიანებით გამოვიდა. სიუჟეტის მიხედვით, საბჭოთა ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი – ვარლამ არავიძე, უდანაშაულო მოქალაქეებს სასიკვდილოდ და რეპრესიებისთვის წირავს. წლების შემდეგ ერთ-ერთი განადგურებული ოჯახის შვილი – ქეთევან ბარათელი ვარლამს საფლავიდან ამოთხრის და მომხდარით შეძრწუნებულ საზოგადოებას მისი ბნელი საქმეების შესახებ მოუთხრობს.
წინაპრების მიერ განვლილი, სხვადასხვა ცოდვით დამძიმებული გზის გააზრება არავიძეების შთამომავალ თორნიკესთვის რთულად ასატანი ხდება, მამასთან მწვავე კონფლიქტის შემდეგ ის თვითმკვლელობამდე მიდის…
ფილმის სიუჟეტურ ღერძად შემთხვევით მოსმენილი ამბავი იქცა, თუმცა სცენარის გარშემო რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ამ ვერსიების შესახებ ჟურნალ “რეიტინგში” ვკითხულობთ: ერთის მიხედვით, თენგიზ აბულაძეს პოლიტიკური რეპრესიების თემაზე სურათის გადაღება სურდა და საამისო მასალას ეძებდა, როცა ერთ დღეს, ქუჩაში, მარტვილიდან ახალდაბრუნებული მწერალი ნოდარ წულეისკირი შეხვდა და ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ნოდარმა რეჟისორს უამბო, რომ სოფლის ერთმა მცხოვრებმა კაცმა თანასოფლელი პროკურორის ცხედარი საფლავიდან რამდენჯერმე ამოთხარა და ჭირისუფლის ჭიშკართან მიაყუდა. მან ამ გზით იძია შური მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მთავარ ”გმირზე”. ეს ფაქტი რეალურად მოხდა საქართველოს ერთ კუთხეში.
ბიჭის მამა ბუღალტერი იყო. საბჭოთა უშიშროების (კგბ-ს) ერთმა თანამშრომელმა მის ცოლს თვალი დაადგა. მამა გადაუსახლა, რომ დედამისთან დაახლოების მეტი შანსი ჰქონოდა. სურვილი რომ აიხდინა, შეურაცხყოფილმა ქალმა თავი მოიკლა. ბიჭი რომ გაიზარდა, იმხანად “კგბ”-ს თანამშრომელი უკვე ცნობილი პროკურორი იყო. როცა გარდაიცვალა, ახალგაზრდა კაცმა შური მისი ცხედრის საფლავიდან რამდენჯერმე ამოთხრით იძია.
მეორე ვერსიით კი, ეს ამბავი რეჟისორმა ხაშურში, სუფრასთან მოისმინა. ფაქტი ისაა, რომ ამბავმა აბულაძე იმდენად შეძრა, რომ თავისი სათქმელი პატარა ფურცელზე ჯერ თეზისებად ჩამოწერა, შემდეგ აღნიშნული ისტორიის გავრცობა და ამბისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემა გადაწყვიტა. სცენარზე მუშაობას დრამატურგ რეზო კვესელავასა და თავის რძალთან, რეჟისორ ნანა ჯანელიძესთან ერთად შეუდგა. თავდაპირველად ფილმის სათაურის სამუშაო ვარიანტები რამდენიმე იყო: ”აფთარი”, ”ხსოვნა”, ”ეშმაკის კერძი” და ა.შ. სათაურის საბოლოო იდეა კინორეჟისორ ნელი ქუთათელაძეს ეკუთვნის.
იმავე პერიოდში შეიქმნა დისიდენტ მხატვრად მიჩნეული თემო ჯაფარიძის პანო ”საიდუმლო სერობა”. ფაქტობრივად, ასე დაიბადა ფილმის მთავარი გმირის სანდრო ბარათელის (ედიშერ (დავით) გიორგობიანი) სახე. ვარლამ და აბელ არავიძის პერსონაჟები ერთმა მსახიობმა, ავთო მახარაძემ შექმნა და თავადვე გაახმოვანა ორივე.
თავდაპირველად თენგიზ აბულაძემ ის აბელის როლზე მიიწვია, სცენარის წაკითხვის შემდეგ მსახიობს ვარლამის როლის შესრულების სურვილი გასჩენია და როცა ეს რეჟისორისთვის უთქვამს, ორკვირიანი ფიქრის შემდეგ აბულაძეს შეუთავაზებია, ორივე არავიძე მას განესახიერებინა.
”…როცა ვარლამს ვთამაშობდი, კონკრეტულად არავინ მყოლია მხედველობაში. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ტირანის სახე, ბოროტების განზოგადებული ნიღაბი”, _ იგონებდა მოგვიანებით მსახიობი.
”მონანიების” სცენარის პირველი ვარიანტი რეჟისორმა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელ პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს წააკითხა და ფილმის გადაღებაზე თანხმობა სწორედ მისგან მიიღო. შეგახსენებთ, რომ იმხანად ყველა სცენარს დასამტკიცებლად მოსკოვში, შესაბამის საკავშირო ორგანოში გზავნიდნენ.
”მონანიების” სცენარის დამტკიცების შანსი ნულის ტოლი იყო. მაშინ ყველა რესპუბლიკის ტელევიზიას ჰქონდა დამოუკიდებელი ორი საათი, რომელსაც მოსკოვი არ აფინანსებდა. ამიტომ გადაწყდა, ფილმი ტელევიზიის ბაზაზე საქართველოს ბიუჯეტით გადაღებულიყო.
აბულაძეს ედუარდ შევარდნაძე დაეხმარა, ”მონანიება” საქართველოს ტელევიზიის ფილმად გაფორმდა და მოსკოვში გაგზავნას გადარჩა. საქართველოს უშიშროების კომიტეტში ”მონანიების” შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც ფილმის დიდი ნაწილი უკვე გადაღებული იყო. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა – გეგა კობახიძემ, 1983 წელს მეგობრებთან ერთად თვითმფრინავის გატაცება სცადა. ის ფილმში თორნიკე არავიძის როლზე იყო დაკავებული, მაგრამ ”თვითმფრინავის ბიჭების” ცნობილ საქმეზე გეგას დაკავების გამო გადაღებები შეჩერდა.
როდესაც მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, უშიშროების თანამშრომლებმა ”მონანიების” სცენარი იპოვეს. მაშინვე ალექსი ინაურმა შევარდნაძეს წერილი მისწერა, სადაც აღნიშნავდა, რომ თენგიზ აბულაძე ანტისაბჭოთა ფილმს იღებს, სცენარი უნდა განადგურდეს, უკვე გადაღებული მასალა კი – დაიწვასო. იყო მომენტი, როდესაც რეჟისორი დაპატიმრებასაც კი ელოდა, მაგრამ გადარჩა ისიც და ფილმიც განადგურებას…
შემდეგში ეს როლი გეგაზე რამდენიმე წლით უმცროსმა მერაბ ნინიძემ ითამაშა. 17 წლის ასაკში მისთვის ეს იყო ერთგვარი ტრამპლინი პროფესიაში, რადგან მერაბის ნათამაშებს დადებითი შეფასებები მოჰყვა. დედამისის, გულიკოს როლი ია ნინიძემ შეასრულა, ზეინაბ ბოცვაძემ კი ქეთევან ბარათელის სახე მოირგო.
ფილმში ერთ-ერთი შთამბეჭდავი კადრია ქეთევანისა და ბანოვანის, ანუ ვერიკო ანჯაფარიძის გმირის რამდენიმე წინადადებიანი დიალოგი. ალბათ ყველას ახსოვს ქალბატონი ვერიკოს ფრაზები: ”ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს?.. რის მაქნისია გზა, თუკი ტაძართან არ მიმიყვანს?!”
ფილმის ფინალში რეჟისორს სურდა, სოფიკო ჭიაურელი გადაეღო. დაურეკა და უთხრა, ისეთი ფუფალა მჭირდება, როგორიც ”ნატვრის ხეში” ხარ, ოღონდ ცოტა დაგჭმუჭნიო. სოფიკოს კი უთქვამს, რაღა მე დამჭმუჭნი, აგერ ვერიკო მყავს და ის გადაიღეო. სულ მალე ქალბატონ ვერიკოს შესაბამისად ჩააცვეს და უკვე ხანში შესულმა მსახიობმა კიდევ ერთი დაუვიწყარი სახე შექმნა თავის შემოქმედებასა და ქართული კინოს ისტორიაში.
კინოთეატრები მაყურებელთა სიმრავლეს ვერ აუდიოდა. ფილმის ნახვის მსურველთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და წესრიგის დასაცავად საგანგებო ზომებს იღებდნენ.
როდესაც მოსკოვში ”მონანიების” პირველი ჩვენება მოეწყო, კინოდარბაზს ცხენოსანი მილიცია იცავდა. ჩვენებიდან გამოსული მაყურებელი რეჟისორს კინოდარბაზის კარებთან ხვდებოდა და მადლიერების ნიშნად ხელზე კოცნიდა. ”მონანიების” დიდ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ, 1988 წელს, თენგიზ აბულაძე საბჭოთა კავშირის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი _ ლენინური პრემიით დააჯილდოვეს, ოღონდ არა მხოლოდ ”მონანიების”, არამედ ტრილოგიისთვის, სადაც შედიოდა ”ნატვრის ხე” და ”ვედრება”.
ბოლოს თენგიზ აბულაძე ილიას მკვლელობაზე აპირებდა ფილმის გადაღებას, მაგრამ აღარ დასცალდა.
შორენა პაპაშვილი