“იმედია, ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის განრიგში ხშირად ვიხილავთ” – მიშელ ვიონი

ბაკურიანში ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, 270 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი მიშელ ვიონი ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოსთვის ეს ერთჯერადი მოვლენა არ უნდა იყოს, ამ ჩემპიონატმა ბევრი მემკვიდრეობა უნდა დატოვოს, ამისთვის კი, დიდი ინვესტიციაა საჭირო.

ვიონი იმედოვნებს, რომ მომავალშიც, ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის განრიგში ხშირად იხილავს.

მისივე თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, გასცდეს იმ ქვეყნების საზღვრებს, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ჩემპიონატს. ამით სპორტის ზამთრის სახეობების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უფრო პოპულარული ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბაკურიანი 2023-ის მიმართ დიდი მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, საქართველოში მაღალი დონის შეჯიბრება ჩატარდება. ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრძოლა ყველა დისციპლინაში იქნება. წინ დაძაბული ორი კვირა გველის“, – განაცხადა მიშელ ვიონმა კურშაველში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში, ალპაინ დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც, ასევე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის, “სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე მონაწილეობდნენ.

როგორც ცნობილია, ქართული დელეგაციის სტუმრობის ფარგლებში, შეხვედრები, ასევე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტ იოჰან ელიაშთან და საფრანგეთის სპორტის მინისტრთან, ამელი უდია კასტერასთან გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვ.) 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება.

ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა 3 ახალი საბაგირო (დიდველი), 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა (დიდველი, კოხტა, მიტარბი), წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (დიდველი, მიტარბი – ჯამური მოცულობით 307 000 მ³), 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილ იქნა სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.

ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა სოფელიც მოეწყო სპორტსმენების, მედიის წარმომადგენლებისა და ტექნიკური ინვენტარის მომსახურებისთვის. საერთო ჯამში, ბაკურიანში ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, 270 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

სალომე ხომასურიძე


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი