იქნებ, საწვრთნელ მოედნებზე ასწავლიან ძაღლებს აგრესიას?! – კინოლოგი

საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ნაციონალური ექსპერტი არმენ არაქელიანი

კინოლოგიური ფედერაციის ნაციონალური ექსპერტი არმენ არაქელიანი, საქართველოში ძაღლების კონკრეტული ჯიშების აკრძალვის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ  ახალი აკრძალვების შემოღებას არსებული კანონების დაცვა სჯობს, კერძოდ, ძაღლის პატრონებს კანონის ძალით უნდა აიძულონ ნებისმიერი ჯიშის ძაღლის აღრიცხვაზე აყვანა და ჩიპირება.

როგორც ექსპერტმა მედია სააგენტო “24”-ს განუცხადა, ძაღლის ჯიში – ამერიკული პიტბულტერიერი, სტანდარტის არ არსებობის გამო, არსად არაა აღიარებული. კონკრეტული რაღაცის იურიდიულად ასაკრძალად კი მისი იდენტიფიცირებაა საჭირო.

“ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, რაც აკისრია, პირველ რიგში  ის უნდა შეასრულონ ზედმიწევნით. ზუსტად მათგან ველით მრავალი წელია ქმედით ნაბიჯებს, ქუჩაში გაგდებული ცხოველის იდენტიფიცირება რომ შეგვეძლოს. რატომ არ მუშაობენ ამ საკითხზე? საწვრთნელ მოედნებს პერიოდულად, რატომ არ ამოწმებენ? იქნებ იქ ასწავლიან პიტბულებს ადამიანის მიმართ აგრესიას? რა უნდა შეამოწმო, თუ შესაბამისი კომპეტენცია არ გაქვს? აი, აქედან იწყება ყველაფერი’’ – განაცხადა არმენ არაქელიანმა.

მისივე თქმით, ძაღლების მიმართ ისტერიის შედეგია ის, რომ ხალხმა თავიანთი პიტბულები ქუჩაში გამოყარა.

” ძაღლს რამე რომ დაემართოს, ან ვინმე სერიოზულად დააზიანოს, ვინ აგებს პასუხს? ახალ კანონებს ნუ ვიგონებთ, არსებულის დაცვას მიხედოს ყველამ, მონიტორინგის სამსახურმაც და ხალხმაც”, – განუცხადა ექსპერტ-კინოლოგმა არმენ არაქელიანმა მედია სააგენტო “24”-ს.

ბოლო დროს, აგრესიული ჯიშის ძაღლების მიერ ადამიანების დაგლეჯის შემთხვევები გახშირდა. კანონმდებლები წესების გამკაცრებასა და აკრძალვების შემოღებაზე ფიქრობენ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, კონკრეტული ჯიშის ძაღლების შემოყვანა და გამრავლება საერთოდ აიკრძალოს.

 

ავტორი: ლელა დევდარიანი