ილია II პატრიარქად სიცოცხლის ბოლომდე დარჩება – ვისი მოლოდინები ვერ გაამართა სინოდმა

საპატრიარქოს ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. როგორც ჩანს, ბევრია დაინტერესებული მოქმედი პატრიარქის, ილია მეორის სიცოცხლეშივე გამოიკვეთოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი.

თუმცა მხოლოდ ეს არის ინტერესის სფერო, პატრიარქის გადადგომითაც ბევრია დაინტერესებული. წინააღმდეგ შემთხვევაში აღარ იქნებოდა, უკვე მერამდენედ, საუბარი იმაზე, რომ წმინდა სინოდის 14 თებერვლის სხდომაზე საქართველოს პატრიარქი, გადადგომის შესახებ განცხადებას, გააკეთებდა თუ არა.

ეს საკმაოდ სამწუხარო მოლოდინები იმ ადამიანებმა გააჩინეს, ვისაც ერთი სული აქვს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შემდგომ საკუთარი გავლენა და ინტერესები განიმტკიცოს ეკლესიის კარზე. შესაბამისად, ვერ ითმენს იმ დრომდე, ვიდრე ბუნებრივად არ დადგება ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის აუცილებლობა. როგორც ჩანს, მავანი ხვდება, რომ პატრიარქობის შანსები ნაკლები აქვს და ამიტომაც, ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეკლესიის შიგნით არსებობს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მხარს კონკრეტულ მღვდელმთავრებს უჭერენ და ცდილობენ, საკუთარი რჩეული იყოს ის, ვინც ამ ავტორიტეტული ინსტიტუტის მმართველი გახდება. ეს ყოველივე კი, პერიოდულად, საკმაოდ უარყოფითი ტენდენციით ვლინდება და მორწმუნე საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ კიდევ რევოლუციური ხელისუფლების დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოწამლეს. იგი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, ღვთის წყალობით და გერმანელი ექიმების მონდომებით საქართველოს სულიერი მამა მშვიდობით დაბრუნდა საპატრიარქო ტახტზე. მაშინ ამბობდნენ, რომ იმდენად რთული იყო პატრიარქის მდგომარეობა, რომ ელოდნენ, ვის კანდიდატურას დაასახელებდა მომავალ პატრიარქად.

მსგავსი დაინტერესებული პირების მოლოდინი, პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით, არც ამჯერად გამართლდა. არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო მედიასთან უკმაყოფილება რიგმა მღვდელმთავრებმა ვერ დამალეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეკლესიის სათავეში სიცოცხლის ბოლომდე იქნება.

გადადგომის და სხვა შინაარსის ვერსიები გარკვეულ ადამიანებში იმ ფაქტმა გააჩინა, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, თან წმინდა სინოდის სხდომა, 5-წელიწადზე მეტია, არ გამართულა. არადა, წესით, წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება ეკლესიის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის და გადასაჭრელად.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოიწვიეს, დანიშნულ დროს ვერ დაიწყო. მღვდელმთავრებს რამდენიმე საათის განმავლობაში მოუწიათ ლოდინი. საბოლოოდ, პატრიარქმა მოიკრიბა ენერგია და სხდომა მაინც ჩაატარა. ამას წინ უსწრებდა პატრიარქის პირადი ექიმის ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, მას შესწევს უნარი, რომ წმინდა სინოდის სხდომა ჩაატაროს.

აღსანიშნავია, რომ მედიისთვის უცნობი იყო, რა საკითხებს განიხილავდნენ სინოდის სხდომაზე. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, ისაუბრებდნენ თუ არა წმინდა სინოდის სხდომაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რაზეც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა:

„როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება საკითხები ცნობილი. დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს. არ ყოფილა (მიხეილ სააკაშვილის) საუბარი და არ მგონია, ეს საკითხი იყოს, არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად”.

საპატრიარქოს ზემოაღნიშნული ოფიციალური პირის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარის მიუხედავად, პრესას მაინც აინტერესებდა სხდომის შემდეგ, იყო თუ არა საუბარი „ვივამედში“ მყოფ, პატიმარ სააკაშვილზე.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, რატომ დაიწყო დაგვიანებით და რა საკითხები განიხილა წმინდა სინოდმა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სხდომაზე სულ სამი საკითხი განიხილეს. სხდომამ მშვიდობიანად ჩაიარა, კამათი არ ყოფილა.

„მოკლე სხდომა იყო. თუ არ ვცდები, სულ 3 საკითხი იყო განხილული. სინოდის სხდომამ მშვიდობიანად ჩაიარა. საერთოდ, ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად არაფერი საკამათო არ ყოფილა. პირველი, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ: მივულოცეთ პატრიარქს დაბადების დღე, პატრიარქობის 50 წლის იუბილე, მთელმა სინოდმა მიულოცა. ერთ-ერთი საკითხი, რაც იყო, სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც ეს საშინელი ტრაგედია მოხდა. დანარჩენი ძალიან ყოფითი საკითხები იყო“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და უარყო წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის შესაძლო გადადგომაზე საუბარი, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა. მისი თქმით, პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე არის პატრიარქი.

„სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი „აბსოლუტურად არ ყოფილა“. ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქს, როცა ირჩევენ, ჯვარი წერია… პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს!“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, სინოდის სხდომა მაშინ დაიწყო, როცა უნდა დაწყებულიყო.

„ვინ გითხრათ რომ დაგვიანდა? ჩვენ აქ ვიკრიბებით 12 საათზე და 6 საათზე, ან 8 საათზე რომ გადაგვეწყვიტა და დაგვეწყო რა? ვის, რა პრეტენზია აქვს? მანამდე გავიარეთ საკითხები და შედარებით სწრაფად იმიტომ დავამთავრეთ“, – განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

ბოდბელი მიტროპოლიტის განცხადებით, სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ დროებით დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა.

მან განმარტა, რა საკითხებზე იყო საუბარი წმინდა სინოდზე.

„რაც ის მძიმე ომი დაიწყო უკრაინაში, სინოდი არ შეკრებილა და პირველად შევიკრიბეთ. ჩვენ თანაგრძნობა გამოვხატეთ, რადგან ძალიან დიდი ტრაგედია ხდება და გვინდა, რომ ომი სწრაფად დამთავრდეს და ომი დასრულდეს ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს. იმ ადამიანების მწუხარება გავიზიარეთ, მთელი მსოფლიოსთვის ტრაგედიაა, იქ რაც ხდება. ხომ ვიცით, იქ რაც ხდება?! ასევე, გავიზიარეთ თურქეთში მიწისძვრის შედეგები, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიოს პატრიარქს მივუსამძიმრეთ. სირიაში უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს მივუსამძიმრეთ. იცით, რომ სირიის სახელმწიფო ჩვენდამი ისეა განწყობილი და აფხაზეთი აღიარა. ჩვენი ეკლესია იდგა იქ, სადაც საქართველოა და ქართველი ხალხია. მეუფე ზენონი უწმინდეს შეხვდა და გადაწყდა, რომ დროებით დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა. ასე დროებით იქნება. ასევე, განვიხილეთ მაკედონიის საკითხი და ჩრდილო მაკედონიის სახელმწიფოში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირს ვამყარებთ. უკრაინის ეკლესიის თემა ცოტა სხვანაირი თემაა და ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. უკრაინის ეკლესიასთან სხვა დამოკიდებულებაა და იქ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებში თვითონ დედა ეკლესიებმა გადაწყვეტილება მიიღეს. იქ მარტო სტატუსია დამოკიდებული ჩრდილო მაკედონიაში არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე და მაგის მერე გადაწყდება, როგორც გადაწყდება და იმ სტატუს ჩვენც შევუერთდებით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

საპატრიარქოდან გამოსულმა მღვდელმთავრებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს გელათის ტაძრის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე.

“ახლა მთავარია, ძეგლი გადავარჩინოთ”, – განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გელათის ტაძართან დაკავშირებით.

კითხვაზე, თუ ვის პასუხისმგებლობას ხედავს, რომ ძეგლი ასეთ მდგომარეობაშია, მეუფე იაკობი ამბობს, რომ ძალიან ბევრის პასუხისმგებლობა იკვეთება.

მისივე თქმით, პარასკევს გელათთან დაკავშირებით კომისიის სხდომა გაიმართება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეკლესია ძალიან მტკივნეულად აღიქვამს იმას, რა პრობლემებიც გელათის მონასტერთან დაკავშირებით არსებობს. ფაქტია, ყველამ, ვინც ბოლო ათწლეულებში ტაძარს ხელი შეახო რესტავრაციის მიზნით, მხოლოდ ზიანი მიაყენა.

„გელათი არის ჩვენი სამშობლო და ის უნდა შევინარჩუნოთ, აუცილებლად, ეს ჩვენი პოზიციაა. გელათის საკითხებში მე ჩართული არ ვარ. გელათი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია და ვზრუნავთ. ეს კითხვები მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელს) ეხება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

როგორც მღვდელმთავრებმა აღნიშნეს, გელათის საკითხზე საპატრიარქოში სხდომა 16 თებერვალს გაიმართება.

გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი