“იქნებ, ნანახის შემდეგ, კალაძე და ქართველი მშენებლებიც გამოფხიზლდნენ” – გამოხმაურება

“სახლს რომ ვაშენებდით, ბლოკი შევიძინეთ, ზუსტად ასე იფშვნებოდა” – უნდა გამკაცრდეს თუ არა კონტროლი იმპორტირებულ სამშენებლო მასალაზე?

თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ქართულ სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს განხილვა, თუ რამდენად ხარისხიანია თურქეთიდან შემოტანილი სამშენებლო მასალა და რატომ არ კონტროლდება ეს სფერო?

სოციალური ქსელის მომხმარებლები ასევე აზიარებენ თურქი მომხმარებლების მიერ ჩაწერილ ვიდეოებს, სადაც ნაჩვენებია უხარისხო მასალა.

6 თებერვლის დამანგრეველმა მიწისძვრამ თვალნათლივ წარმოაჩინა ის, თუ რამდენად დიდი ზარალი შეიძლება მიაყენოს ქვეყანას, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამშენებლო მასალაზე გაკეთებულმა ეკონომიამ.

როგორც იცით, თურქეთში, უკვე ბევრი მშენებელია დაკავებული. ქვეყნის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს და გაცილებით მეტს დააკავებენ.

ფეისბუქის ქართულ ქსელში მოქალაქეები თანხმდებიან იმაზე, რომ სამშენებლო მასალებს, შენობების პროექტირებას, პროექტის დაცვას და სხვა ნიუანსებს გამკაცრებული კონტროლი სჭირდება. კარგი იქნება, შენობებს ექსპერტიზა ჩაუტარდეს და მობინადრეებმა იცოდნენ მათი კორპუსების მდგომარეობა.

რას წერენ თავად მოქალაქეები ვიდეოს ნახვის შემდეგ, სადაც აგურები ადამიანს ხელში ქვიშასავით ეფშვნება?

რუსიკო კუპრაძე: – ეს, როგორც ჩანს მთლიანი შეკვრა დახარვეზებული გამოდგა. ზუსტად ასე იფშვნებოდა ბუხრის მოსაპირკეთებელი ქვა ვიყიდეთ თურქებისგან თბილისში. გავხსენით და თითო შეკვრაში მგონი 30 ფილა იყო. სამი – ოთხი ცალი გამოდგა მთელი. ხელში იფშვნებოდა. კარგად შეფუთულზე არ ჩანდა. სამჯერ მივუბრუნეთ და მაგიერებიც კი ისეთივე გამოდგა გახსნისას… ყველა ჯერზე ამოვიყვანეთ სახლში და ადგილზე გაშლილი ვაჩვენეთ… იკადრეს და შეგვიცვალეს! უფრო სწორად ამოგვარჩევინეს მთელები. ოღონდ არცერთი ნატეხი არ დატოვეს. წაიღეს უკან.

მარინე ნებიერიძე: – ბლოკი ვიყიდე ქუთაისში, რაჭაში ავიტანე და დალაგების დროს ხელში მეფშვნებოდა. წარმოიდგინეთ რამდენიმე წელის მერე რა დღეში იქნებოდა. მე ღობისთვის მინდოდა და ცემენტით და წებო-ცემენტით გავამაგრე. სახლების აშენება ასეთი და თუნდაც ცოტა ამაზე უკეთესი მასალით, როგორ შეიძლება? ვუყურებ თურქეთში დანგრეულ შენობებს და ვხედავთ, როგორ მტვრად არის ქცეული კედლები. მე მშენებელი არა ვარ, მაგრამ რასაც ვხედავ, ისიც საკმარისია.

მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ტიხარი შენობაში მეორეხარისხოვანია და სიმაგრის თვალსაზრისით მას დატვირთვა არ აქვს.

დემურ აბზიანიძე: – ეს აბსურდული ვიდეო სწორედ თქვენი კატეგორიის ხალხისთვისაა შექმნილი, ხალხისთვის რომლებსაც მშენებლობის ანი-ბანი არ გაეგება, მაგრამ ნეგატივის შექმნა ნამდვილად შეუძლია… თუ გაგიგიათ “შავი კარკასი” იყიდებაო?!!.. ის შავი კარკასია სწორედ სახლის (კორპუსის) ძირითადი ჩონჩხი, რომელიც “პასუხისმგებელია” შენობის მდგრადობაზე. ფართის შეძენის შემდეგ, სურვილისამებრ აკეთებთ ტიხრებს (შიდა კედლებს) აგურისგან, ბლოკისგან, თაბაშირ-მუყაოსგან… ეს ტიხრები მეორეხარისხოვანია შენობის მდგრადობისთვის (არის მცირე მნიშვნელობის ფაქტორი – რაც უფრო მსუბუქია სატიხრე მასალა, მით უკეთესია საბოლოო შედეგისთვის – აღარ მოვყვები რატომ, ვფიქრობ მაინც ვერ გაიგებთ)… ასე რომ ოდნავ რომ გაერკვეთ მშენებლობის პროცედურებში, დარწმუნებული ვარ, თქვენი აღშფოთება საგრძნობლად შემცირდება…

შორენა პაპაშვილი: – სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც უხარისხო აგურისა და ბლოკის მშენებლობაში გამოყენების გამართლებას უსუსური არგუმენტებით ცდილობენ. ტიხარიც კედელია და მასაც თავისი სიმძიმე აქვს, რომელიც ათასჯერ აღემატება ადამიანის სხეულის წონას. შესაბამისად უხარისხო ტიხარიც ისევ ადამიანის სიცოცხლისთვისაა საფრთხის შემქმნელი და შენობის ნგრევის შემთხვევაში მისი წონა არსად ქრება. არ ვიცი, ვის სჭირდება იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ სამშენებლო მასალა უხარისხოა და ამ სფეროს მკაცრი კონტროლი სჭირდება და რა მიზნებს ემსახურება მსგავსი კომენტარები? თურქეთის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა სიღარიბეა. როცა მოსახლეობა მსყიდველუნარიანი გყავს, ის არ შევა იაფიან კორპუსში საცხოვრებლად.

ლელა ზარანდია: – სახლს რომ ვაშენებდით, ბლოკი ვიყიდეთ, მანქანამ საღამოს მოიტანა შეკვეთა, ეგონათ შემოგვაპარებდნენ, აი, ზუსტად ასე იფშვნებოდა და უკან გავატანეთ. ჩვენ კი ავაშენეთ უფრო ხარისხიანით, მაგრამ იმ ბლოკს სადღაც ხომ გამოიყენებდნენ.

მაია დავითაძე: – ვარკეთილში ერთ მშენებარე კორპუსთან მომიწია მანქანის გაჩერება… შვილს ველოდებოდი, ვუყურებდი, როგორ აშენებდნენ და შემეშინდა, დედას გეფიცებით, ბლოკსა და ბლოკს შუა სივრცეები რჩებოდა, ანუ გადაბმა არ ჰქონდა ბლოკებს…მგონი ძველი ნაშენები გაცილებით სჯობს ახალ კორპუსებს

ქეთა ნადირაშვილი: – ჩვენთან აგურს, მხოლოდ მეტეხის კერამიკა უშვებს, რომლის ხარისხი უმაღლესია… მიუხედავად ამისა ბევრი კომპანია უპირატესობას იმპორტულ პროდუქციას ანიჭებს.

ინგა სიცელიძე: – საქართველოს 80% არის მეწყერსაშიში, რომ გავიგე 7 წლის წინ, უსაფრთხოების სავალდებულო ტრენინგზე, შევიშალე! ბიზნესმენი ბოდიშს მოიხდის და თავს გაიმართლებს, – ბიზნესიაო, ცუდი არაფერი მინდოდაო, – სადარის ის ინსტიტუტები, რომლებიც იკვლევენ ნიადაგს? გასცემენ რჩევებს? 100 სართულის მყიფე ფასადის არსებობა რა საფრთხის შემცველია…. ღმერთმა არ ქნას და 8 ბალის შეზანზარებას, რომ გადავურჩე და ვსეირნობდე ამ დროს რუსთაველზე? შუშის ნიაღვარი, მეშვიდე ტალღა, ტაიფუნი ამკუწავს! ვინ დახურა და გაანადგურა ეს სტრუქტურა? და ვინც ყიდულობს ამ პერო კორპუსებს… ყველაფერი ყველაფერი მაგრამ მყიდველია გაცილებით მეტად დამნაშავე, ანუ “ჩვენ”, ვინც ქმნის ამ რეალობას და არ ბრაზდება!

გიორგი კორძაძე: – ვეთანხმები აქ ერთ-ერთის მიერ თქმულს, რომ ასეთი აგურით შეუძლებელია არათუ კორპუსის, არამედ ერთსართულიანი სახლის აშენებაც. კარგი იქნება, თუ თურქეთის სასამართლო თაღლით მშენებლებს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს, ხოლო სიკვდილით დასჯა საჯაროდ მოხდება. იქნებ, ნანახის შემდეგ, ბატონი კალაძე და ქართველი მშენებლებიც გამოფხიზლდნენ. ისე, მაგ ქალაქის მერებმაც უნდა აგონ პასუხი მომხდარზე. დიდი ალბათობით, ისინიც მონაწილეობდნენ კორუფციულ გარიგებაში სამშენებლო ფირმებთან.

შორენა ღავთაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი