საქართველოს კიდევ ერთი დაუფასებელი ბრილიანტი – ირაკლი მდივნის 22 ნამუშევარი უკვე სამშობლოშია

ხელოვნების სასახლემ უდიდესი ქართველი მოდერნისტის, თეატრალური მხატვრის, ირაკლი მდივნის 22 გრაფიკული ნამუშევარი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიძინა.

მხატვრის შემოქმედება ქართულ საზოგადოებას აქამდე არ უნახავს. უნიკალური ესკიზები სამშობლოში გალერისტმა ხათუნა ჩხეიძემ დააბრუნა.

ნამუშევრები ფანქარში, აკვარელსა და ტუშშია შესრულებული. ესკიზები მოდერნისტული ხასიათისაა და უდიდესი მხატვრული და ისტორიული ღირებულება აქვს.

სასიხარულო ამბავი ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ფეისბუკ გვერდიდან გვამცნო.

სანამ მხატვრის ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში მოხვდებოდა, მუზეუმის ხელმძღვანელობამ არაერთი პროცედურა გაიარა. პირველ რიგში, მოიპოვეს გამარტივებული გზით შეძენის უფლება და სახელმწიფოს დახმარებით, ესკიზების შესაძენი თანხა.

,,ჩვენი მუზეუმი ირაკლი მდივნის ნამუშევრების მცირე ნაწილს ინახავს და ბუმბერაზი მხატვრის შემოქმედების სრულად წარმოდგენისთვის, მისი სახელის და შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით, საშური საქმეა აღნიშნული კოლექციის შეძენა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აღნიშნული ნამუშევრების შეძენა ჩვენი მუზეუმისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა“, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც გიორგი კალანდიამ ნამუშევრების შესყიდვამდე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დირექტორს გაუგზავნა და აღნიშნული ნახატების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეძენის უფლება ითხოვა.

დღეს ნახატები უკვე ხელოვნების სასახლის მუზეუმშია. გიორგი კალანდიამ ირაკლი მდივნის ესკიზები თავის ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა.

“დღემდე მეგონა, რომ ქართულ მოდერნიზმს, პეტრე ოცხელის სახით, ერთადერთი კაშკაშა ვარსკვლავი ჰყავდა, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ბრილიანტი აკიაფდა. დიახ, არ გეჩვენებათ, ეს ნახატები ქართულ საზოგადოებას დღემდე არ უნახავს. ამ დონის ორი მხატვარი ერთ ეპოქაში?! ეს უკვე დიდი განაცხადი არ არის ჩვენი ეროვნული კულტურისთვის?! ქართულ სახვით ხელოვნებას კიდევ ერთი დიდებული სახელი შეემატა”, – წერს გიორგი კალანდია.

მისივე თქმით, ირაკლი მდივანი სიცოცხლეში არ იყო დაფასებული. გულნატკენ მხატვარს ერთ-ერთ ესკიზზე საბჭოთა მენტალობის ქართველების გასაგონად მიუწერია: ,,ყალბია სიტყვა ყოველ ქართველის.“

ირაკლი მდივანი, წლების განმავლობაში, სხვადასხვა თეატრისა და თოჯინების თეატრის მთავარი მხატვარი იყო. პარალელურად წიგნების ილუსტრაციაზე მუშაობდა. სამწუხაროდ, მხატვრის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში არ მოიპოვება. იმედია, ქართული საზოგადოება უფრო ახლოს გაიცნო უნიკალური ხელოვანის, ქართული მოდერნიზმის კიდევ ერთი ვარსკვლავის, ირაკლი მდივნის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

ლიკა მაჩხანელი

პ.ს. მედია სააგენტო “24”-ი ცდილობს გაარკვიოს, როგორ აღმოჩნდა ეს ნამუშევრები საზღვარგარეთ და სად ინახებოდა?


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი