“პოლიტიკური პინგ-პონგის” კულმინაცია – უკრაინული სანქციების ქართული გამოძახილი
უკრაინის პრეზიდენტმა ქართველი მილიარდერის, საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრსა და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე და დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. ფაქტს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

დაწესებული სანქციები შეაფასეს უკრაინაშიც. ქართული წარმოშობის უკრაინელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, უკრაინის უმაღლესი რადის წევრი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია აცხადებს, რომ პირადად მუშაობს ქართველი ოლიგარქების დასანქცირებაზე. “ოლიგარქები ხელს უშლიან თავისუფალ საქართველოს შეუერთდნენ ევროკავშირს. შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზეც“, – აცხადებს იგი.
მწვავე განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა. მისი თქმით, უკრაინელ მებრძოლებს უწევს საქართველოს, მოლდოვას, სომხეთის დახსნა. “საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ანგრევს ყველაფერს, რაც შექმნა სააკაშვილმა, ისევ დააბრუნა კორუმპირებული პოლიცია. ამდენად, ჩვენ მოგვიწევს ქართველების დახსნა“, -ამბობს არესტოვიჩი.
სანქციების თემას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდშიც. მათი შეფასებით, უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს. საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სანქციების დაწესებას კიევის მხრიდან შანტაჟი უწოდა: “ეს არის არა მხოლოდ შანტაჟი, არამედ პასუხი უარზე, საქართველო ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში და რუსეთთან ომში.“ მისი თქმით, ვერანაირი საომარი მოქმედებები ვერ აიძულებს ხელისუფლებას ქვეყანა ომში ჩაერთოს და ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს.
თემა გააგრძელა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ: “უკრაინას უნდა ქვეყანა შანტაჟით ჩაითრიოს ომში და აქ გახსნას მეორე ფრონტი. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა“. მისივე თქმით, ვერანაირი შანტაჟი ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის ომში ჩასართავად პოლიტიკაში დაბრუნდეს.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ივანიშვილის გარემოცვაზე დაწესებული სანქციების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ელოდება.
უკრაინის ხელისუფლებას არასამართლიანი ნაბიჯები გაახსენა ირაკლი ზარქუამ: “გვახსოვს ძებნილი სააკაშვილი, რომელიც გუბერნატორად ჰყავდათ და შემდეგ თმებით ათრიეს, ახლა ადეიშვილი ჰყავთ, რომელიც იმ რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამონაწილე იყო”.
სანქციების თემას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა და აღნიშნული ფაქტი საქართველოს ომში ჩართვის მორიგ მცდელობად შეაფასა. მისი თქმით, უკრაინა, რომელიც თითქოს მეგობარი სახელმწიფოა მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს.
პარლამენტის წევრი ლევან ქარუმიძე მოსკოვს და კიევს ლამის ერთ სიბრტყეში განიხილავს. “უკრაინა რუსეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქართველებს სანქციები დაუწესა”, – ამბობს ქარუმიძე.
მსგავსი შეფასება აქვს ეკონომიკის ექსპერტ ანდრია გვიდიანს. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ კოჭი ნაცმოძრაობას გაუგორა: “ამ დრომდე ქართველები რუსეთს ჰყავდა დასანქცირებული, ახლა უკრაინა დაემატა”. ფაქტს გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილიც: “უკრაინამ დაგვიწესა სანქციები იმის გამო, რომ ჩვენი საჯიშე გოგო-ბიჭები მიწაში არ ჩავაწვინეთ. თუ დავაკვირდებით თბილისშიც და ბათუმშიც, ქუჩაში თუ კაფე-ბარებში, ბევრ რუსს და უკრაინელს ვხედავთ ერთმანეთთან მოჟღურტულეს“.
რაც შეეხება ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები მიესალმებიან ივანიშვილის გარემოცვის წევრების დასანქცირებას და მოითხოვენ, სანქციები თავად ივანიშვილსაც დაეკისროს. ასე მაგალითად, პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აპირებს პარტნიორებთან ერთად მუშაობა გააგრძელოს, რომ დასანქცირებულ ადამიანთა სია გაფართოვდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინამ რუსეთთან კავშირების გამო, საქართველო, როგორც ქვეყანა, მთლიანად არ დაასანქცირა, ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ სანქციებს.
საინტერესოა სად არის და რას ამბობენ “ქართული ოცნების” გადამდგარი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში – “საქართველოსთვის”? როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების წინააღმდეგნი არიან და ამას ქვეყნისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ. “უკრაინამ იცის, რომ ხანდახან ჯოხის ჰაერში მოქნევა უფრო ეფექტიანია, ვიდრე თავში“, – გახარიას თანაპარტიელი, კახაბერ ქემოკლიძე.
რაც შეეხება “მოქალაქეების” ლიდერ ალეკო ელისაშვილს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლების მიმართ უშნო პინგ-პონგი ნამდვილად დაიწყო, თუმცა სამწუხაროდ, არც უკრაინა აკლებს.
“სტრატეგია აღმაშენებლის” სტრატეგოსი ლიდერები დაწესებულ სანქციებს მიესალმებიან და ხალხს მოუწოდებენ არჩევანი გააკეთონ ივანიშვილსა და საქართველოს შორის.
ინგა ფუტკარაძე

