“სტიქაროსნების საძმოდან” ედპ-მდე – როგორ იბადებოდა ეროვნული მოძრაობა ეკლესიის წიაღში
საქართველოს ეროვნული მოძრაობის სათავეებთან
ნაწილი მეოთხე – ინტერვიუ ავთანდილ ანთიძესთან
ვინ იყო კონსპირაციული ჯგუფების მაკოორდინირებელი ეროვნული მოძრაობის დროს და რა გზით ხდებოდა ხალხის „დავერბოვკება“, რამდენად მნიშვნელოვანი იყო „სტიქაროსანთა საძმოს“ წვლილი პროკლამაციების გავრცელებაში და რა პოზიცია ეკავა კათოლიკოს-პატრიარქს განსხვავებულად მოაზროვნეთა მიმართ? – ეროვნული მოძრაობის საინტერესო პერიოდს მედია სააგენტო “24”-თან ეროვნული მოძრაობის წევრი, დისიდენტი, “ედპ”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ავთანდილ ანთიძე იხსენებს.
– გაიხსენეთ ეროვნული მოძრაობის დასაწყისი, 30 წლის წინანდელ პერიოდი, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. რა იყო პირადად თქვენთვის ის გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც საბჭოთა რეჟიმთან დაგაპირისპირათ?
– სიმართლე გითხრათ, 30 წელი ცოტა ნაკლებია, მე უფრო დიდი ხნის წინანდელი პერიოდიდან მოვდივარ და იქიდან მახსოვს, 1979-80-იანი წლებიდან. ყველაფერი, ჩემთვის პირადად, იმით დაიწყო, რომ შემთხვევით ჩემმა მეზობელმა, ძალიან შესანიშნავმა ადამიანმა, მიხეილ ჯაფარიძემ ძველი გაზეთები მომცა, რომელიც ასახავდა საქართველოს იმ 3 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდს. ფაქტობრივად, ეს იყო მთლიანი ქრონიკა, ძალიან დიდი რაოდენობით. ერთ დღეს, ჩვენთან, ოჯახში, სუფრა იყო გაშლილი, თურმე 26 მაისთან დაკავშირებით, ეს შემდგომ გავიგე. ბატონმა მიხეილმა საქართველოს სადღეგრძელო დალია მამაჩემთან ერთად და ცრემლები წამოუვიდა. როგორც აღმოჩნდა, 19 დედმამიშვილი იყვნენ ანუ ის იყო მე-19 ბიჭი, რომელიც დახვრეტას გადაურჩა. დანარჩენი, ყველა ძმები შეეწირნენ. ძირითადად კოჯრის ბრძოლებში დაიღუპნენ და შემდეგ უკვე, აჯანყების პერიოდში – 24 წლის აჯანყების დროს. მოკლედ, 18 ძმა ჯაფარიძე იმ პერიოდში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა და მხოლოდ მიხეილი იყო იმ ოჯახიდან დარჩენილი. ამ მონაყოლმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. მერე მიშა ძიასთან, ფაქტობრივად, ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. მისი მეუღლე ჩემი ნათლია იყო და ფაქტობრივად, როგორც ჩემს ოჯახში, მათთანაც ისე ვიყავი. თანდათან გამანდო ის შენახული ლიტერატურა, რაც მას თავის სარდაფში ჰქონდა გადამალული და შენახული. იმ პერიოდის ძალიან მდიდარი პერიოდიკა იყო. მაშინ დაახლოებით 7-8 კლასში ვიქნებოდი. ამ ლიტერატურის დამუშავება დავიწყე, წიგნები წავიკითხე. მოკლედ, სადღაც 13-14 წლის ასაკში ვეზიარე ამ აკრძალულ ლიტერატურას. ხომ წარმოგიდგენიათ, აკრძალული ხილი, როგორია და ზუსტად ამ სულისკვეთებით დავიწყე ცხოვრება. როცა ბატონ მიშას ვხვდებოდი, იმ პერიოდის ამბებს მიყვებოდა – აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ახსოვდა. ის იყო უკიდურესი დაუძინებელი მტერი საბჭოთა წყობილების. მის ოჯახში სიტყვა “ამხანაგს” ვერ ახსენებდი. წარმოიდგინეთ, ამ კაცს იმდენად სძულდა საბჭოთა წყობა, რომ ოჯახიდან ეს ერთადერთი გადარჩენილი ბიჭი, ომში რომ გაიწვიეს, სპეციალურად ტყვედ ჩაბარდა, რომ საბჭოთა კავშირის სახელით არ ებრძოლა. შემდეგ ვერ გაუძლო იქ ყოფნას, დაბრუნდა და მერე უკვე ციმბირში გადაასახლეს, როგორც ტყვედ ნამყოფი. იქიდან რომ ჩამოვიდა, მას მერე მძღოლად მუშაობდა. ძალიან განათლებული ადამიანი იყო. მოკლედ, ბავშვობიდან ასე ჩავები ანტიკომუნისტურ მოძრაობაში.
რამდენიმე წლის შემდეგ იყო 14 აპრილის მოვლენები, საკონსტიტუციო ნორმასთან დაკავშირებული, რომელიც სახელმწიფოს ენის სტატუსს ეხებოდა. იმ პერიოდში უკვე 16 წლის ვიყავი, საკმაოდ ჩამოყალიბებული, შინაგანად ძალიან აგრესიული ანტიკომუნისტი. ჩემთვის თბილისის ქუჩებში ამხელა მასის დანახვა იყო ძალიან საოცარი. ამხელა საპროტესტო დემონსტრაცია იმ პერიოდში, სადმე თუ არსებობდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, არც ვიცი. თანაც, მე ამ მანიფესტაციაში აქტიურად ვმონაწილეობდი. ამ მოძრაობაში ჩართული იყო სოლებიც, უმაღლესი სასწავლებლები თავისთავად და პროფესურის საკმაოდ დიდ ნაწილი, იმ პერიოდის ინტელიგენცია. ძალიან დიდი რეზონანსიც ჰქონდა მათ მუშაობას. მე მევალებოდა მოსწავლეების მიყვანა ამ მანიფესტაციაზე. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ვუკავშირდებოდი. სწორედ მაშინ გავიცანი მარიკა ბაღდავაძე, ჩემი მომავალი მეუღლე. 53 -ე სკოლის მოსწავლეებთან რომ მქონდა ურთიერთობა. ძალიან აქტიური მოსწავლე იყო. ზუსტად იმ დღეს, როცა შეხვედრა დავთქვით და სკოლელები უნდა შევკრებილიყავით, მარიკამ ფეხი მოიტეხა. 14 აპრილს ლამის მთელი თბილისი შეიკრიბა. ყველა სკოლა დაკეტეს – ფანჯრები, კარები, რომ სკოლიდან არცერთი მოსწავლე არ გაპარულიყო. 53 -ე სკოლის მოსწავლეები მეორე თუ მესამე სართულის ფანჯრებიდან გადმოხტნენ. უფრო სწორედ, მარიკამ აიყოლია, ფანჯრიდან გადმოხტა და ფეხი მოიტეხა. ფანჯრიდან რომ გადმოხტა, ვიცოდი, მაგრამ ფეხი მოტეხილი თუ ჰქონდა, არა. მთელი იმ დღის განმავლობაში, სანამ ეს დემონსტრაცია იყო, საშინელი ტკივილით დადიოდა. გვეგონა ნაღრძობი ჰქონდა. საღამოს მივიყვანეთ საავადმყოფოში.
14-მა აპრილმა ძალიან დიდი გავლენა იქონია მთელ საქართველოზე ანუ ამ პროცესმა, ენის სახელმწიფოებრივ სტატუსთან დაკავშირებით. შემდგომ, უფრო დათბობის პერიოდი დადგა იქიდან გამომდინარე, რომ ნება დართეს აკაკი ბაქრაძეს სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციები წაეკითხა. აი, იმ პერიოდში 14-მა აპრილმა ბიძგი მისცა ყველაფერს. აუდიტორია იმდენად გადატენილი იყო, მსურველების რაოდენობას ვერ იტევდა. ძალიან დიდი ხალხმრავლობა იყო ბაქრაძის ლექციებზე. ამ ლექციებმა, ფაქტობრივად, მანიფესტაციების სახე მიიღო. იმდენად სხვა სიტყვა ისმოდა და სხვა სულისკვეთება ამ ლექციებზე, რომ მთლიანად ფიზიკურადაც და სულიერადაც გვინდოდა აქტიურობა. მოგეხსენებათ, ახალგაზრდული ტემპერამენტი, მაქსიმალიზმი. მოკლედ, ორგანიზმიც კი ითხოვდა, რომ გვეაქტიურა ეროვნული კუთხით. დავიწყეთ ერთმანეთის აქტიურად მოძებნა, ვინც ლექციებზე გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით. იმ პერიოდში გავიცანი ნანა კაკაბაძე, თამრიკო ჩხეიძე და სხვები. გია ჭანტურიას და მამუკა გიორგაძეს სიონიდან ვიცნობდი. მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია სანამ დაიჭერდნენ, მანამდე გავიცანით. გაცნობა ცოტა უფრო სხვაა. ჩვენ ვიყავით ბავშვები – ამ ლიტერატურის გამავრცელებლები. პროკლამაციებს ვავრცელებდით, ოღონდ ჯერ ჩვენ ვკითხულობდით. ჟურნალ „ოქროს საწმისს“ ვავრცელებდით, რომელსაც მერაბი და ზვიადი გამოსცემდნენ. საბეჭდ მანქანაზე იყო დაბეჭდილი და ძალიან შეზღუდული რაოდენობით. თვითგამოცემის ლიტერატურას ეძახდნენ მაშინ, რადგან ჩვეულებრივ საბეჭდ მანქანაზე იბეჭდებოდა. შემდეგ იკვრებოდა და ჟურნალის სახე ჰქონდა მიცემული, ძალიან პრიმიტიულად.
– როდიდან იწყება ეროვნული მუხტის საქართველოს ეკლესიის წიაღში თავმოყრა?
– ამ პერიოდშივე, ცოტა უფრო ადრეც, სადღაც 1976-77 წლებში. მოკლედ პატრიარქის კურთხევა რომ მოხდა, ჩემი კლასელი მორწმუნე ოჯახიდან იყო და მასთან ერთად შევედი ეკლესიაში. იქ გავიცანი მაშინ მამუკა გიორგაძე, 14 აპრილის შემდგომ კი, ვაგრძელებდი ურთიერთობას. კაკო ბაქრაძის ლექციებზე ვხვდებოდით. პირველი გაცნობა ეს იყო. მერე გავიცანი მთელი სექტორი, მომავალი მღვდელმთავრების, სასულიერო პირების და მომავალი პოლიტიკოსების. ეკლესიაში აქტიურად დავდიოდით, წირვა-ლოცვებს ვესწრებოდით. პატრიარქის რუსი იპო-დიაკვნები, სტიქაროსნები, ჩვენ რომ ვეძახით, მხცოვანი ხალხი იყვნენ, დალევა უყვარდათ. ერთ დღეს ლოცვაზე ვერ მოვიდნენ, დაავიწყდათ თუ მთვრალები იყვნენ, არ ვიცი. პატრიარქს შემოსვა უნდა, არავინ იყო და ამ ყველა პროცედურას, მინიმუმ ორი ადამიანი ჭირდება. თვითონ წირვის დროს კიდევ მომსახურება ჭირდება. მაშინ მოხდა იპო-დიაკვნებისა და სტიქაროსნების ახალი თაობის პირველი ნათლობა. ყველაფერი წარმატებით განვახორციელე. ამის მერე, როგორც მახსოვს, ეს იყო მეუფე დიმიტრი და მამა რევაზი – რეზო სიხარულიძე და მაშინ ჭაბუკა შიოლაშვილი, ახლა მეუფე დიმიტრი. აი, ზუსტად ისინი იყვნენ პირველი მერცხლები, რომ იტყვიან. ამის შემდეგ, უკვე გაიზარდა ეს საძმო, ჩვენი მეგობრები მოგვყავდა და ასე გამრავლდა „სტიქაროსნების საძმო“. ძალიან ბევრი ადამიანი ჩაება. მერე ზოგი დააშინეს, ზოგი კომკავშირისგან წნეხს განიცდიდა. მოკლედ, დიდი ზემოქმედება იყო ამ ახალგაზრდებზე. ზოგი იმ პერიოდშივე ჩამოგვშორდა. საოცარი ის იყო, რომ ახალგაზრდებით ისევ ივსებოდა ეს წრე.
სიმართლე გითხრათ, ამ წიაღში დაიბადა პატარა ჩანასახი ეროვნული მოძრაობისა, რომელსაც შემდეგ დაერქვა ეროვნული მოძრაობა. ის დიდი ტალღა, ზუსტად იმ წიაღში ჩაისახა. გარდა ამისა, გაიზარდა ეკლესიის მრევლი ჯერ ახალგაზრდებით, შემდეგ უკვე სხვადასხვა ასაკის ხალხი შემოემატა. ძირითადი ნაწილი მრევლის მაინც ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც მოწყურებულნი იყვნენ განსხვავებულ სიტყვას. იმ პერიოდში რელიგიური შეგრძნებები ბოლომდე მყარად არ გვქონდა ჩამოყალიბებული, მაგრამ ეს სიახლე მაშინ, უდიდეს ინტერესს იწვევდა. მერე უკვე იმაზე იყო დამოკიდებული – პატრიარქის ქადაგება იყო, მოძღვრის საუბარი თუ ის ლიტერატურა, რომლითაც შეისწავლიდნენ, იკვლევდნენ ამ გზით და პოულობდნენ სულიერ საზრდოს. ეკლესიის წიაღში პოულობდნენ, სადღაც 1979-80 წლისთვის უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობა მრევლისა იკრიბებოდა წირვა-ლოცვაზე. იმ პერიოდშივე ჩვენ თვითონ გავერთიანდით, მაშინ ყალიბდებოდა სიონში მგალობელთა გუნდები და ჩვენ ამაშიც ვაქტიურობდით. გარდა ამისა, პატრიარქი თვითონ გვახალისებდა. გვაძლევდა ლიტერატურას, რელიგიური ხასიათის ლიტერატურასაც. ხომ ატყობდა ჩვენს მისწრაფებებს, რა ადამიანებიც ვიყავით და გვაძლევდა სხვადასხვა აკრძალულ ლიტერატურასაც და ყველანაირად გვეხმარებოდა, ხელს გვიწყობდა ამ მხრივ.
– ასე დაიწყო თქვენი პოლიტიკური აქტივობა?
-კი. საპატრიარქოს საბეჭდს, გამომცემლობა ერქვა პირობითად, მაგრამ ძალიან პრიმიტიულ საბეჭდი იყო, ძირითადად საეკლესიო წიგნები და ლიტერატურა იბეჭდებოდა, მაგრამ ჩუმ-ჩუმად ჩვენც ვიყენებდით, უფრო სწორად, გვახალისებდნენ. იცოდნენ, რომ ამას ვაკეთებდით, მაგრამ ხელს არ გვიშლიდნენ. თვალს ხუჭავდნენ იმაზე, რომ ჩვენ რაღაც ლიტერატურასაც ვბეჭდავდით, ხანდახან პროკლამაციებს. ეგ კი არა, გვახალისებდნენ – საბეჭდი მანქანაც გვაჩუქეს მოძღვრებმა. ვიცოდით, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. პატრიარქის უახლოესი ადამიანები, მისი ძმისშვილები, რომლებიც დაობლებულები იყვნენ – გოგი მისი გაზრდილი იყო და ჭაბუკა, შემდგომში მეუფე დიმიტრი და გოგი შიოლაშვილი – ჩვენი ყველაზე უახლოესი მეგობრები იყვნენ. წარმოიდგინეთ, თავის საკუთარ შვილებსაც ხომ არ ავნებდა, ოჯახის წევრებს და არც უშლიდა, პირიქით, ახალისებდა მათაც და ჩვენც. აი, ასე შეიქმნა პირველი ჩანასახი. ამ ხალხისგან ზოგი მღვდელმთავარი გახდა, ზოგი მოძღვარი. თითქმის მთელი სპექტრი შემდგომში უკვე ეროვნული მოძრაობის ლიდერებისა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა, ყველა მათგანი ფაქტობრივად იყო იმ პერიოდის „სტიქაროსანთა საძმოს“ წევრი. იგივე მამუკა გიორგაძე, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი – ისინი, ვისაც ეროვნული მოძრაობის წრეებში და კულუარებში იცნობენ და შეიძლება, ასე ფართოდ საზოგადოება არ იცნობდეს. ყველა იყო „სტიქაროსანთა საძმოს“ წევრი. ზოგიერთი მერე გზაზე დავკარგეთ კიდევაც, წნეხის შედეგად.
– როგორც ვხვდები თქვენს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა პატრიარქთან ურთიერთობას?
– წარმოიდგინეთ, სკოლის მოსწავლე და პატრიარქის იპო-დიაკონი. მაშინ ეს სიტყვაც არ იცოდნენ. ერთი კურიოზი გამახსენდა უცებ მამუკა გიორგაძეზე, რომელიც ჩვეულებრივი რიგითი გურული ოჯახიდან არის. იცით, გურიაში როგორი სისასტიკით ჩაახშეს და როგორ ზეობდა ღვთის გმობის პროპაგანდა? ყველაზე მორწმუნე მხარე საქართველოში გურია იყო. ბოლშევიკებმა იმდენი ქნეს, რომ ყველაზე მეტად გურულები დააზიანეს. ფაქტობრივად, ყველაფერი დაავიწყეს, გარდა პირველი ლოცვისა – მშვიდობის სადიდებლის წარმოთქმით რომ იწყებოდა. გურულებმა ერთადერთი მშვიდობა შეინარჩუნეს მაშინდელი ლოცვისგან და ფაქტობრივად, ლოცვა იყო, როცა მშვიდობის სადღეგრძელოს ამბობდნენ. ფარულად ეს ლოცვა სადღეგრძელოში გადაიზარდა. წარმოიდგინეთ ამ გურულ ოჯახებში, როგორ იყო გამჯდარი ეკლესიისადმი დამოკიდებულება. როდესაც მამუკამ სტიქარი ჩაიცვა და სუფრა გვქონდა, მივულოცეთ კაბა რომ ჩაიცვა და ვიღაცამ უთხრა თურმე მამამისს, მამუკამ კაბა ჩაიცვაო და იმან უთხრა დადებითი კონტექსტით. მამამისს ეგონა, ქალის კაბა ჩაიცვაო, (კაბა ხომ ძირითადად, ასე წარმოგვიდგენია, რომ ქალმა უნდა ჩაიცვას), სახლში მოვარდა და შუა პურმარილის დროს, დაიწყო, – მოვკლავ! …( იცინის) მერე რომ აუხსნეს, საქმე რაში იყო, კი დაწყნარდა, მაგრამ პირველად ემოცია ვერ დამალა.
– „სტიქაროსნების საძმო“, როცა ამ პროკლამაციებს არიგებდით და აკრძალულ ლიტერატურას, თამარ ჩხეიძე, ნანა კაკაბაძე და მარიკა ბაღდავაძეც უკვე თქვენთან ერთად იყვნენ ჩართული ამ ფარულ საქმიანობაში ანუ ერთობლივად მოქმედებდით?
– როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ადრეულ პერიოდში თამრიკოს თავისი ორგანიზაცია ჰქონდა ჩამოყალიბებული და მასში გაერთიანებული იყვნენ უნივერსიტეტის სტუდენტები. თამრიკო ჩხეიძე ცოტათი ჩვენზე უფროსი იყო. ჩვენ შემდგომ მოვხვდით უმაღლეს სასწავლებლებში. პირველი ურთიერთობა დისიდენტურ წრეებთან, „ჰელსინკის კავშირის“ წევრებთან თამრიკოს და ნანას ჰქონდათ. უკვე შემდგომ, ჩვენც გავიცანით ესენი. ამ დროს ჩვენ საძმოს უკვე პოლიტიკური, ორგანიზებული ხასიათი მიეღო. მეგობრებს, ასე ვთქვათ, ვისაც გავენდეთ ანუ განდობილები ვინც ვიყავით, პატარა ჯგუფი გვქონდა, რომლებიც ზუსტად ამ პროკლამაციებით და სხვა ფარული საქმეებით ვიყავით დაკავებული.
– ეს იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პირველი ბირთვი?
– კი, ბატონო. თანდათან გაძლიერდა ჩვენი საძმო და ჯგუფები, რომლებიც მუშაობდა. მამუკა გიორგაძე აყალიბებდა ამ ჯგუფებს. ის იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი და ვმოქმედებდით უკიდურესად კონსპირაციულად. მამუკას მთელი შრომები ჰქონდა წაკითხული იტალიელი კონსპირატორის, იტალიის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის – ჯუზეპე მაზინის. იმას მთელი ფილოსოფია ჰქონდა კონსპირაციის, თუ როგორ უნდა ემოქმედა. ფაქტობრივად, იყო ჯგუფი, რომელმაც იცოდა მხოლოდ ამ ჯგუფის შემადგენლობა, ვთქვათ, 5 ადამიანის, რომელსაც თავისი ხელმძღვანელი ჰყავდა, მაგრამ არ იცოდა სხვა ჯგუფის არსებობის შესახებ. წარმოიდგინეთ, ჩავარდნის შემთხვევაში, მარტო ამ 5 ადამიანზე შეიძლებოდა რაიმე ინფორმაცია ჰქონოდათ ამ ადამიანებს, ისიც ბოლომდე არა. მარტო ჯგუფის ხელმძღვანელმა იცოდა დანარჩენი ხუთის ვინაობა და ა.შ. ასე საკმაოდ დიდი რაოდენობით ადამიანები შევკარით, ჯგუფები შევქმენით და ვმოქმედებდით. ყველაფერ ამას ორგანიზებას მამუკა გიორგაძე უწევდა.
1981 წელს უკვე ორგანიზაციულად გავაფორმეთ პარტია. მთაწმინდის დამფუძნებელ ყრილობაზე, ოფიციალურად გავაფორმეთ ედპ-ს არსებობა. მაშინ რამდენიმე ადამიანი ვიყავით დამფუძნებელი. იქ იყო გია ჭანტურია, მამუკა გიორგაძე, მე და ირაკლი ქადაგიშვილი. კურიოზიც მოხდა ზუსტად იმავე დღეს. რა თქმა უნდა, ამ პარტიის დაფუძნება ლოცვა-კურთხევით მოხდა. ყველაზე მეტად რაც გვიყვარდა, ეს იყო სუფრები. ჩემს სახლში გავაკეთეთ მაშინ პატარა სუფრა. ქუჩაში პოლიცია მთვრალ ადამიანებზე გამეცადინებულები იყვნენ, რომ სადმე ვიღაც დაეკავებინათ. შემთხვევით ჩვენც დაგვაკავეს, მეტროსთან, შეზარხოშებულები ვიყავით. ირაკლი ქადაგიშვილის გარდა, ყველა დაგვაკავეს – ის ჩვენგან ცოტა განზე იდგა. პოლიციამ ცოტა უხეშად გვითხრა, – აბა, აქეთ მოიხედეთ ბიჭებო! – ჩვენც ცოტა აგრესიულად გავეცით პასუხი და მოკლედ, დაგვაკავეს. წარმოიდგინეთ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთელი არქივი – დამფუძნებელი დოკუმენტებით ერთ დიდ საქაღალდეში, ხელში გვეჭირა. ბოლო მომენტში „ჩორნი ვორონაში“ რომ ჩაგვსვეს, ხელში გვეჭირა. ცოტა აგრესია გამოვხატეთ, თავისთავად, ალკოჰოლმაც იმოქმედა და სიმართლე გითხრათ, ძალიან გვეზიზღებოდა ორგანოთა წარმომადგენლები. კიდევ კარგი ფანჯარა ჩამტვრეული ჰქონდა ამ „ჩორნი ვორონას“ და გისოსები ჰქონდა. ამ გისოსებში გავაძვრინე ეს საქაღალდე ირაკლი ქადაგიძეს გადავაწოდე, რომელიც გაფართოებული თვალებით გვიყურებდა. მერე რომ წაგვიყვანეს განყოფილებაში, მიგვიყვანეს, როგორც ძალიან აგრესიული ხულიგნები. მოკლედ გვემუქრებიან და რაღაც მუხლებს გვიყენებენ. რომ ჩამოგვართვეს ნივთები, ნახეს, რომ გია ჭანტურიას ბიბლია ჰქონდა. – ეს რა არისო? – გიამაც დაიწყო ნელ-ნელა საუბარი. ფაქტობრივად ქადაგება დაიწყო. მილიციის უფროსი გადაირია.
მარტო სიტყვა ბიბლია ჰქონდა მაშინ ხალხს გაგონილი, წიგნი ნანახიც არ ჰქონდათ. იმ პერიოდში ჩვენ უკვე ხარბად ვკითხულობდით ძალიან ბევრ შრომებს რელიგიური მოღვაწეებისა. განსაკუთრებით თომას აქვინელის შრომებს ვკითხულობდით იმ პერიოდში. ამ შრომებში ბევრი დარიგებაა თუ როგორ მოიქცე ოჯახში, მეუღლესთან, მეგობრებთან. მთელი ცხოვრებისთვის ჭკუის სასწავლებელი შრომები აქვს თომას აქვინელს მორწმუნე ქრისტიანისთვის. მოკლედ, ჭანტურიამ ამის სწავლება დაუწყო მილიციაში ამ ადამიანებს, ოჯახში როგორ მოიქცნენ და ა.შ. გადაირივნენ, – ესენი ვინ არიანო, რატომ მომიყვანე ეს ხალხი აქო? – მილიციელს ჰკითხა. მიხვდა, რომ ჩვენ ჩვეულებრივი ხულიგნები არ ვიყავით. მერე ისე მოხდა, რომ ჩვენ ცოტა პოლიტიკური ნოტებიც გავრიეთ ამ საუბარში და უფროსს ვურჩიეთ, – ჯობია ჩვენ გაგვიშვათ, ვიდრე რამე შარი აიკიდოთ! – მოკლედ, ამ ადამიანს დავუძმაკაცდით. პურ-მარილიც გაშალა და ბოლოს გამოგვიშვა. კინაღამ ფატალურად დამთავრდა, მოვასწარი დოკუმენტების გადაწოდება. მერე კი ხუმრობით ვიხსენებდით. საკმაო შიშიც ვჭამეთ. იმ პერიოდის შიში, ცოტა ალკოჰოლმა გადაგვალახვინა. მოკლედ ედპ 1081 წელს დაფუძნდა და მერე შეივსო სხვადასხვა საინტერესო ხალხით.
– საკმაოდ მძლავრი პარტია ჩამოყალიბდა საბოლოოდ.
– კი, იმიტომ, რომ უმკაცრესი დისციპლინა იყო. თვითონ პარტიის წესდებაც ისეთნაირად იყო აგებული და სტრუქტურა, მტს-ის პრინციპით იყო აგებული. ეს იყო ემიგრანტული ორგანიზაცია, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცოდით და წარმოდგენა გვქონდა, რა პრინციპით იყო შემდგარი. მკაცრი სტრუქტურა ჰქონდა. ერთადერთი ადამიანი მამუკა გიორგაძე იყო, რომელსაც ყველაფრის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. ფაქტობრივად ის იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. ისე მოხდა, რომ ძალიან შენიღბულად ვმოქმედებდით. დისიდენტები ვიყავით – ღია მოწინააღმდეგეები, ხოლო დანარჩენი ყველა ჩვენი წევრი იყო აბსოლუტურად დაშიფრული და გასაიდუმლოებული. მამუკა გიორგაძეზე ჰქონდათ წარმოდგენა, რომ იყო მოქეიფე, თავქარიანი ადამიანის. სხვათა შორის, ზუსტად იმ პურ-მარილებზე ხდებოდა ასე ვთქვათ, „დავერბოვკება“, გადაბირება.
ესაურა შორენა კოწოწაშვილი